ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი

თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.

პროდუქტები და რესურსები

დაგეგმეთ რა პროდუქტების გამოშვებას გეგმავთ – იქნება ეს ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი, იოგურტი, კეფირი… ამათგან ზოგიერთი პროდუქტისა და შესაბამისი ნედლეულის დახასიათების ნახვა შესაძლებელია ”საქპატენტის” ვებ-გვერდზე.

დაგეგმვისას გაანალიზეთ საქმიანობის დაწყებისას რა რესურსი ექნება საწარმოს – შეეძლება მხოლოდ 1 ან 2 პროდუქტის წარმოება თუ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ექნება? რა რაოდენობით პროდუქციის დამზადებას და გაყიდვას შეძლებს?

შენახვის ვადა: ყურადღება მიქაციეთ პროდუქტების შენახვის ვადას – ზოგიერთი ყველის შენახვის ვადა რამდენიმე თვეა და ვადის გასვლის გამო სავაჭრო ობიექტებიდან მისი დაბრუნება არ მოგიწევთ, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი – მაწონი, არაჟანი და სხვა – მალფუჭებადია და საქმიანობის დაწყებისას, როდესაც საწარმოს არ აქვს გარანტირებული გაყიდვები და სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, დაბრუნებული პროდუქციის სახით შესაძლებელია მას დიდი ფინანსური დანაკარგები ჰქონდეს.

სანედლეულე ბაზა: პროდუქციის დიდი ასორტიმენტი საწარმოსგან დიდი რაოდენობით ნედლეულს მოითხოვს, რაც უკვე რძის შეგროვების საკითხს აყენებს – აქვს თუ არა საწარმოს გარანტირებული სანედლეულე ბაზა? რა რეგიონში უწევს მას საქმიანობა? როგორია ნედლეულის შეგროვებისას კონკურენციის დონე? ამ საკითხების ანალიზისას გამოგადგებათ ნედლეულის მომწოდებლებთან მუშაობასთან დაკავშირებული რჩევები, ასევე სასარგებლო იქნება იხილოთ მონაცემები ფურისა და ფურკამეჩის რძის პროდუქტების წარმოებაზე,  თუ ცხვრის ან თხის რძის პროდუქტების წარმოებას გეგმავთ, შესაბამის სანედლეულე ბაზაზე ინფორმაცია შეგიძლიათ ამ სტატიაში იხილოთ.

პროდუქციის დიდი ასორტიმენტი ასევე მოითხოვს მეტ საწარმოო და სასაწყობე ფართს, უფრო მეტ თანამშრომელს, ნედლეულის მომგროვებელი და სადისტრიბუციო ავტომობილების მეტ რაოდენობას და ხალხს, ეს ყველაფერი კი, ნედლეულის მეტ რაოდენობასთან ერთად, ზრდის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდეს (საინვესტიციო გეგმის შედგენაში ეს სტატია გამოგადგებათ).

თანამშრომლები

ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც საწარმოში საკვანძო საქმიანობას ჩაიბარებენ?

გყავთ თუ არა შერჩეული პროფესიონალი ტექნოლოგი ან ტექნოლოგები? სწორედ ამ სპეციალისტებზეა დამოკიდებული საწარმოს პროდუქციის ხარისხი – პროფესიონალი ტექნოლოგი კარგ საწარმოო გარემოში ისეთ პროდუქტებს შეგიქმნით, რომლებიც საწარმოს კონკურენტულ უპირატესობას გაზრდის, გამოუცდელმა ადამიანმა კი შეიძლება ტონობით ნედლეული გაუფუჭოს საწარმოს სასურველი ხარისხის პროდუქტის მიღების მცდელობისას.

როგორ დააკომპლექტებთ რძის შემგროვებელ გუნდს? ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ რძის მომწოდებლებთან კარგი საქმიანი ურთიერთობების დამყარება, რათა საწარმომ თავიდან აიცილოს ნედლეულის სტაბილურად მოწოდების, ხარისხის და ფასთა მკვეთრად ცვლილების რისკები.

შენობა-ნაგებობები, აპარატურა, ავტომობილები

შენობა-ნაგებობები: სად განთავსდება შენობა-ნაგებობები? არის თუ არა ადგილზე საჭირო კომუნიკაციები – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის წყარო? ვინ დააპროექტებს შენობა-ნაგებობებს და კონსტრუქციებს? დაპროექტების ეტაპზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სურსათის უვნებლობის, HACCP-ის და ‘’რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ მოთხოვნები. ამის დაგეგმვის გარეშე შესაძლებელია საქმიანობის დაწყების შემდეგ შენობის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გადაკეთება მოგიწიოთ.

შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით არ გამოგრჩეთ ისიც, რომ საწარმო მომავალში შეიძლება გაიზარდოს და ესეც გათვლილი უნდა იყოს საწყის პროექტში.

აპარატურა-დანადგარები: აკმაყოფილებს თუ არა საწარმოში განსათავსებელი აპარატურა-დანადგარები ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს? მისმა არასწორად შერჩევამ შეიძლება იგივე რისკის წინაშე დაგაყენოთ, რა ზემოთ ითქვა შენობა-ნაგებობეზე. იცნობთ და ენდობით აპარატურა-დანადგარების მომწოდებელს? რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ შერჩეული აპარატურა-დანადგარები ზუსტად მიესადაგება თქვენს მიზნებს? არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა შერჩეული, შესყიდული და ადგილზე მიტანილი ტექნიკა ვერ ამზადებს იმ პროდუქციას, რასაც მეწარმე გეგმავდა (არ ყოფნის ელექტროენერგიის სიმძლავრეები, არ აქვს მიზნობრივი პროდუქტის, მაგალითად, სულგუნის დამზადებისთვის საჭირო მონაცემები და ა.შ.). ამიტომ, ეჭვის არსებობისას, აუცილებელი იქნება რძის პროდუქტების დამამზადებელი აპარატურა-დანადგარების სპეციალისტის კონსულტაციები. ხშირად პრობლემას ისიც ქმნის, რომ საწარმო საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს აპარატურა-დანადგარების მონტაჟს და ამუშავებას, ამიტომ გამოცდილების უქონლობისას უკეთესი იქნება ამ საქმის სპეციალისტები აპარატურის მომწოდებელმა გამოგზავნოს.

ავტომობილები: საწარმოს დასჭირდება რძის მზიდი და სადისტრიბუციო ავტომობილები და მათი შერჩევისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები (აქვს თუ არა მაცივარი, შესაძლებელია თუ არა ტემპერატურის კონტროლი, ჰერმეტულობას უზრუნველყოფს თუ არა…).

ფასწარმოქმნა

რძის ფასი სეზონურად იცვლება (და რეგიონებზეცაა დამოკიდებული) – მაღალი წველადობის სეზონზე 1 ლტ. რძის ფასი დაახლოებით 0.65 ლარია, დაბალი წველადობის სეზონზე 1.25 ლარამდე ადის (2016 წელს მწარმოებელისგან რძის შეძენის საშუალო წლიური ფასი 0.80 ლარი/ლტ. იყო). სეზონურად იცვლება რძის პროდუქტების ნაწილის, ძირითადად, ყველის ფასიც. გარდა წმინდა მარკეტინგული ფაქტორების გათვალიწინებისა, საწარმოს მოუწევს პროდუქტების თვითღირებულებების და ნულოვანი მოგების სეზონების მიხედვით გათვლა, რათა თავიდან აიცილოს ზარალიანი მუშაობა, ასევე, ნაღდი ფულის მოძრაობის სისტემატურად აღრიცხვა და ანალიზი.

სავაჭრო ობიექტები

დღეისათვის საქართველოში მუშაობს 500-ზე მეტი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი (ჰოლდინგი ‘’ნიკორა’’ (ბრენდები ‘’ნიკორა, ‘’ლიბრე’’, ‘’ნუგეში’’, ‘’სანდეი’’) – 200-ზე მეტი ობიექტი, ‘’სმარტი’’ – 15 ობიექტი, ‘’ფრესკო’’ – 8 ობიექტი, ‘’ფუდმარტი’’ (ბრენდები ‘’ფუდმარტი’’ და ‘’იოლი გასტრონომია’’) – 51 ობიექტი, ‘’გუდვილი’’ – 5 ობიექტი, ‘’კარფური’’ – 8 ობიექტი, ‘’ორი ნაბიჯი’’ – 95 ობიექტი, ‘’ზღაპარი’’ (‘’ზღაპარი’’, ‘’ბაია’’) – 16 ობიექტი და სხვ.), აქედან დაახლ. 300 ობიექტი თბილისშია განთავსებული. გარდა მსხვილი მოთამაშეებისა, თბილისის ბაზარზე სურსათით მოვაჭრე დაახლ. 3,000-მდე სხვადასხვა ხარისხის სუპერმარკეტი და მაღაზია მუშაობს.

თუ საწარმო სავაჭრო ობიექტების არხებით გეგმავს, მას მოუწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება (პროდუქციის გამართული მიწოდება, ობიექტში შესვლა, კონსიგნაცია…). იგივე საკითხები იქნება გასაანალიზებელი, დასაგეგმი და განსახორციელებელი HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორთან თანამშრომლობისას.

საორგანიზაციო საკითხები

თუ საწარმოს სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად შპს შეარჩიეთ, მისი რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავთ, თუ გადაწყვიტეთ კოოპერატივის რეგისტრირება, ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღება. თუ საწარმო მაღალმთიანი სოფლების ნუსხაშია (დააზუსტეთ შემოსავლების სამსახურში), აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი სტატუსი. ასევე, აუცილებელი იქნება საწარმოს ბიზნეს-ოპერატორად აღიარება.

დაფინანსების შესაძლო წყაროები

სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომლებიც შეიძლება საწარმოს დაფინანსების ერთ-ერთი წყაროც გახდეს. ესენია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, პროექტი ‘’აწარმოე საქართველოში’’ და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა (ამ პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება).

ინფორმაცია და კონსულტაციები

აუცილებლობისას ზოგიერთ საკითხზე უფასო კონსულტაციებს გაგიწევენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები და ქოლ-ცენტრი 1501. ბიზნეს-გეგმის შედგენის აუცილებლობისას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პირველ საკონსულტაციო კომპანიას.

აქ შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შემდეგი საინფორმაციო მასალები: რძის მიღება და პირველადი დამუშავება და მერძეული ნახირის შექმნა.

***

სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება