შაბათი , აპრილი 27 2024
geen

კოოპერატივის რეგისტრაცია

კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. მისი ამოცანაა წევრთა ინტერესების დაკმაყოფილება და  მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.

კოოპერატივებს მიეკუთვნება:

  • ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის
  • სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების კოოპერატივები
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები)
  • მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები
  • სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები
  • სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები
  • სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ საქართველოს კანონით
  • არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომელთა სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები რეგულირდება ამ კანონითა და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით

იმ სოფლებში, თემებსა და დაბებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს სულ მცირე 3, ხოლო საქართველოს დაანარჩენ ტერიტორიაზე – სულ მცირე 5. კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის  საქმიანობაში და ფლობს პაის.

კოოპერატივი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მხოლოდ თავისი ქონებით.

დაინტერესებულმა პირებმა კოოპერატივის დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • დაინტერესებული პირების განცხადება/დამფუძნებელთა შეთანხმება
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (1 სამუშაო დღეში – 100 ლარი, იმავე დღეს – 200 ლარი)
  • იმ შემთხვევაში, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტები ნოტარიულად არ არის დამოწმებული, დოკუმენტებზე ხელმოწერათა ნამდვილობის დამოწმების საფასურია თითო დოკუმენტზე 5 ლარი

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში კოოპერატივის რეგისტრაციის შემდეგ კოოპერატივში წევრად მისაღებად აუცილებელია შესვლის მსურველის მიერ ხელმოწერილი განცხადება კოოპერატივში შესვლის თაობაზე. მათ რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. განცხადება არაორაზროვნად უნდა ასახავდეს კოოპერატივის წევრის ვალდებულებას, რომ იგი წესდების შესაბამისად შეიტანს დადგენილ შესატანს (პაის). საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ  კაპიტალში მათი შენატანის ოდენობაზე. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობას განსაზღვრავენ დამფუძნებლები. კოოპერატივის ერთ წევრს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე პაი. კოოპერატივში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. წესდების ნიმუშის ნახვა შეგიძლიათ აქ.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება