სამშაბათი , მარტი 19 2024
geen

პროექტის შესახებ

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეების (განსაკუთრებით – აგროსექტორში მოქმედის) სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაზრდა და მათი საქმიანობის შედეგიანობის ამაღლება ხარისხიანი ინფორმაციისა და ცოდნის გადაცემის გზით.

მეწარმეთა ნაწილის საქმიანობა დაბალშედეგიანია და ხშირად ამის მიზეზი მათი არაინფორმირებულობა და ცოდნის დაბალი დონეა. ამასთან დაკავშირებით იხილეთ პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ჩატარებული მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევის შედეგები. საინტერესო იქნება ასევე ამ კვლევის შედეგების შედარება აშშ-ში ბიზნესის მარცხის ძირითად მიზეზებთან.

პორტალზე business.org.ge ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნება მეწარმეთათვის პრაქტიკულად გამოსადექი ინფორმაცია, რაც საჭიროა სამეწარმეო რისკების შემცირებისთვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის მაღალშედეგიანი მუშაობისთვის. ეს ინფორმაცია ასევე სასარგებლო იქნება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, მას-მედიისთვის, საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის მიმართულებების სტუდენტებისთვის, ეკონომიკის და ბიზნესის ექსპერტებისთვის.

სტატიები

პორტალზე business.org.ge სტატიები ისეა შექმნილი, რომ მეწარმემ დამოუკიდებლად შეძლოს მისი პრაქტიკაში გამოყენება. ცოდნის ბანკში’’ განთავსებული სტატიები მეწარმეს დაეხმარება თვითორგანიზებაში და საქმეების მართვაში (ეიზენჰაუერის მატრიცა, SWOT-ანალიზი, ABC-ანალიზი…), ბიზნესის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე მეწარმეს გამოადგება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან, თვითღირებულების გაანგარიშებასთან, ნულოვანი მოგების წერტილის გამოთვლასთან, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული სტატიები.. მასალების ნაწილი მარკეტინგს ეხება. ბაზრების შეფასებისას, ბაზარზე საკუთარი წილის გასათვლელად, საინვესტიციო შესაძლებლობების დასანახავად სასარგებლო იქნება რუბრიკაში ‘’ბაზრები’’ განთავსებული ინფორმაცია. დარგის დიდი მნიშვნელობის გამო ცალკეა გამოყოფილი რუბრიკა ‘’აგრომეწარმეობა’’.

სტატიების დიდი ნაწილი მეწარმეებში ააქტიურებს ისეთ თემებს, რომლებზეც მეწარმემ მომავალში საკუთარი ძალებით უნდა იმუშაოს, მოიპოვოს დამატებითი სასწავლო მასალები, გაიაროს ტრენინგები და ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.

ინფორმაციის გავრცელების არხები

გარდა პორტალისა business.org.ge, პროექტის მასალები ვრცელდება სოციალურ ქსელებში Facebook, G+, Twitter და Linkedin.

პროექტის ორგანიზება

პროექტს ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელია პირველი საკონსულტაციო კომპანია. პროექტის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ გაიმიჯნა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობა – პირველს ახორციელებს პროექტი business.org.ge, მეორეს – პირველი საკონსულტაციო კომპანია. არაკომერციული და კომერციული სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში ‘’სერვისები’’.

თანამშრომლობა

მოგვწერეთ მეწარმეობასთან დაკავშირებულ რომელ საკითხზე გსურთ სტატიის ხილვა და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ სასურველ მასალებს. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ რომელი ბაზრის მიმოხილვა გესაჭიროებათ, business.org.ge-ს გუნდი ჩაატარებს სათანადო კვლევას და გამოაქვეყნებს შედეგებს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი საინტერესო ბიზნეს-ისტორია, საკუთარი საინტერესო მოსაზრებებები და რჩევები, რომლებიც სხვა მეწარმეებს გამოადგებათ თავის საქმიანობაში – ჩვენ აუცილებლად მივაწვდით თქვენს აზრს სხვა მეწარმეებს, ყველაზე საინტერესო ავტორებთან ინტერვიუებს კი ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნებთ.

***

პროექტის არსია დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნეს-რისკების შემცირებისა და წარმატების შანსების ამაღლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი დახმარებით თუნდაც ერთმა მეწარმემ რომ აიცილოს თავიდან ძვირადღირებული შეცდომა და შექმნას გამართული ბიზნესი, ჩავთვლით, რომ პროექტის განხორციელება თუნდაც ამისთვის ღირდა. რეალურად კი მეწარმეთა მხრიდან აქტიურობის დონე ძალიან მაღალია და პროექტის გავლენა ათასობით პირზე ვრცელდება.

პორტალი business.org.ge წარმატებებს გისურვებთ.