შაბათი , აპრილი 27 2024
geen
ფოტო: ვალერი გიორგიადი

მაღალმთიანი დასახლების საწარმო: სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო პროცედურა

მაღალმთიანი დასახლების საწარმო არის საწარმო ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

  1. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ამ სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
  2. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება თავისუფლდება ქონების გადასახადისგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).
  3. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები თავისუფლდება მოგების გადასახადისგან შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს (სერვის-ცენტრების მისამართები იხილეთ აქ). განცხადება უნდა შეიცავდეს:

  • პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება, მისამართი)
  • საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი)

საჭიროების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე ბიზნესი 10 წლით თავისუფლდება მოგების და ქონების გადასახადებისგან.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი არ მიენიჭება ან ეს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს:

  • ლიცენზირებისადმი/ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას
  • მომსახურებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მომსახურებისა)
  • საქონლით ვაჭრობას, გარდა იმ იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშავება და მიწოდება

სტატუსის მქონე საწარმო ვალდებულია საკუთარ საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

თუ სტატუსის მოპოვებისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა დაცულია, საქართველოს მთავრობა 60 დღის ვადაში გამოსცემს განკარგულებას მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ. სტატუსი მინიჭებულად ჩაითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კალენდარული წლის დასაწყისიდან.

***

სტატია შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილება № 633-ის მონაცემების საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება