კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევა

პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ 2017 წლის ივლისში ჩაატარა კვლევა ‘’რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები’’. მენეჯმენტის სხვადასხვა კომპონენტმა და ქვეკომპონენტმა შემდეგი შეფასებები მიიღო  (1 ქულა = მინიმალური, 10 ქულა = მაქსიმალური):

კომპონენტი / ქვეკომპონენტი საშუალო შეფასება
1 სამეწარმეო უნარ-ჩვევები 5.5
1.1 არსებული სამეწარმეო უნარ-ჩვევები 4.3
1.2 მმართველის მენეჯერული პოტენციალი 6.7
2 სტრატეგიული და ოპერატიული მართვა  5.0
2.1 სტრატეგიული მიზნების დასახვა 3.5
2.2 ოპერატიული მიზნების დასახვა და მართვა 7.3
2.3 თანამშრომელთა ფუნქციების დელეგირება 4.1
3 მარკეტინგი 3.3
3.1 საფირმო სტილი 2.7
3.2 ბრენდირება 1.5
3.3 ბაზრის ცოდნა 3.5
3.4 გაყიდვების მართვა 5.3
4 აღრიცხვიანობა და ანალიტიკა 2.0
5 ფინანსები 2.1
5.1 ფინანსების ანალიზი 1.0
5.2 ფინანსური პროგნოზირება 3.2
სამეწარმეო უნარ-ჩვევები

სამეწარმეო უნარ-ჩვევებმა (როგორებიცაა მიზანზე ორიენტირებულობა, დამოუკიდებლობა და თავდაჯერება, რისკის უნარი, კომუნიკაბელურობა, პრობლემის გადაჭრის უნარი, ბიზნესის ცოდნა, მათემატიკური უნარები და სხვ.) საშუალოზე დაბალი შეფასება მიიღო, თუმცა მაღალია მეწარმეთა განვითარების პოტენციალი – მეწარმეთა უმეტესობა, ხვდება რა სათანადო გარემოში (ძირითადად ეს ხდება დონორებთან, ბანკებთან, კონსულტანტებთან, სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობების შედეგად) სწრაფად ივითარებს სამეწარმეო უნარ-ჩვევებს და აუმჯობესებს ბიზნესის მართვის ხარისხს.

დაგეგმვა და მართვა

მეწარმეთა უდიდეს ნაწილს არ აქვს ბიზნესის განვითარების კონკრეტული სტრატეგიული ხედვა და მიზნები, თუმცა მიმდინარე საქმეებს (ნედლეულის მიღება, პროდუქციის წარმოება, ლოგისტიკა და სხვ.) უმეტესობა საკმაოდ კარგად ართმევს თავს. ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა მეწარმის მხრიდან თანამშრომლებზე სათანადო ფუნქციების დელეგირება – მეწარმეთა ნაწილი თვითონაა ნედლეულის შემგროვებელი, ჩართულია პროდუქციის დამზადების პროცესში, თვითონ ახორციელებს დისტრიბუციას, მაშინ, როცა ეს ფუნქციები სათანადო თანამშრომლებს უნდა გადაეცეთ, ხოლო მეწარმემ ბიზნესის განვითარებაზე (კონკურენტუნარიანობის ზრდა, ახალი ბაზრები, ახალი გაყიდვის არხები, პროდუქციის ხარისხის ამაღლება და სხვ.) უნდა იმუშაოს).

მარკეტინგი

საკმაოდ დაბალია მარკეტინგული კომპონენტების შეფასება – მეწარმეთა დიდი ნაწილისთვის თითქოს მარკეტინგის ცნება არც კი არსებობს.

ფინანსები

ფინანსების ანალიზს თითქმის არცერთი მეწარმე არ აკეთებს, ფინანსური პროგნოზირების ნაწილში მათი უმრავლესობა არ ითვლის ბიზნესის ნულოვანი მოგების წერტილს, სისტემატურად არ აღრიცხავს ნაღდი ფულის მოძრაობას და მხოლოდ მცირე ნაწილი ანგარიშობს (სხვა საკითხია – რამდენად სწორად) პროდუქციის თვითღირებულებას.

გამოკვლეული საწარმოები

კვლევისთვის გამოყენებული იყო მეწარმეთა ინტერვიუირება, მათი დოკუმენტაციის შესწავლა, გაყიდვების არხებთან ურთიერთობების შესწავლა, მართვის და წარმოების პროცესებზე დაკვირვება. კვლევისთვის შერჩეული იყო რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების, ხილის პროდუქტების, მატყლის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები (სულ 24 საწარმო, აქედან 19 მცირე და 5 საშუალო) ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.

***

კვლევის შედეგები მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება