შაბათი , აპრილი 20 2024
geen

ბიზნესის დაწყება: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

ნაბიჯი 1: რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ის) რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სააგენტოში სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტებია:

  1. განცხადება (ივსება დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ).
  2. დაინტერესებული პირის/პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
  3. შპს-ის წესდება/პარტნიორთა შეთანხმება (წესდების ნიმუში იხილეთ აქ).
  4. შპს-ის რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე არსებული ფართის მესაკუთრე შპს-ის პარტნიორია, დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია მისამართზე არსებული ფართის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე პარტნიორის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტის წარდგენა.
  5. შპს-ის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის შესახებ ნების გამომხატველი დოკუმენტი.

წარდგენილ დოკუმენტაციაზე ხელმოწერა უნდა მოხდეს  სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

1 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციის საფასურია 100 ლარი, შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურებაც – განცხადების შეტანის დღესვე რეგისტრაციის საფასურია 200 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა შპს-ის რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს (მისამართები იხილეთ აქ) ან იუსტიციის სახლს (მისამართები იხილეთ აქ).

ნაბიჯი 2: გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია

გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით შპს-ის ხელმძღვანელმა უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის-ცენტრს. შპს-ს მიენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, rs.ge-ზე დარეგისტრირებისას სისტემა მოითხოვს შპს-ს ეკონომიკური საქმიანობის სახის მითითებას – ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

პროექტის Doing Business მიხედვით ბიზნესის დაწყების სიადვილის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. საქართველოში 2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით 653,640 სხვადასხვა სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 202,238 (31 %) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.

***

სტატია შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს , შემოსავლების სამსახურისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება