პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ბიზნეს-გეგმა: პირველადი მონაცემები აგროსაწარმოს მაგალითზე

ბიზნეს-გეგმა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს საწარმოს  მიმდინარე მდგომარეობას, მიზნებს და ამ მიზნების მიღწევისათვის აუცილებელ ქმედებებს. მეწარმეს ბიზნეს-გეგმა შეიძლება დასჭირდეს ინვესტიციის მოსაზიდად და საკუთარი ბიზნესის თვალსაჩინოდ დასანახავად. ბიზნეს-გეგმის შედგენამდე (მიუხედავად იმისა, ამას მეწარმე აკეთებს თუ სხვა პირი ეხმარება ამაში) მეწარმემ აუცილებლად უნდა მოამზადოს ამისთვის საჭირო პირველადი მონაცემები. ქვემოთ მოცემულია ბიზნეს-გეგმის შესადგენად აუცილებელი პირველადი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მაგალითზე.

ბიზნესის/საწარმოს დღეს არსებული მდგომარეობის აღწერა
  • საწარმოს სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი
  • საწარმოს ადგილმდებარეობა და საკადასტრო კოდი
  • რამდენი ადამიანია მასში დასაქმებული პოზიციების და ხელფასების მითითებით
  • რა სახის პროდუქციას აწარმოებს საწარმო თითოეულის აღწერით (ნედლეული, დაფასოება, შეფუთვა, ბრენდირება, შენახვის ვადა…)
  • რა რაოდენობით ნედლეულს ყიდულობს საწარმო ყოველდღიურად/ყოველთვიურად სეზონების მიხედვით, რა ფასად, რა ტერიტორიებზე და რამდენი ფერმერისგან
  • რა რაოდენობით და რა ფასად იყიდება თითოეული პროდუქტი
  • როგორ აწვდის ბაზარს საწარმო პროდუქციას (საკუთარი სადისტრიბუციო სისტემა, შუამავლები)
  • რომელ პროდუქტს სად ყიდის (კონკრეტული ტერიტორიები, სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები, საცხობები, აგრობაზრები, ექსპორტი…)
  • ბოლო წლების რეალიზაციების მოცულობები და მოგების სიდიდეები
გამოსაშვები პროდუქტები
  • რა სახის პროდუქტების წარმოებას გეგმავს საწარმო
  • თითოეული სახის პროდუქტის მოკლე აღწერა (ნედლეული, დაფასოება, შეფუთვა, ბრენდირება, შენახვის ვადა…)
  • თითოეული პროდუქტის საპროგნოზო რაოდენობები სეზონების მიხედვით
  • თითოეული პროდუქტის საპროგნოზო სარეალიზაციო ფასები სეზონების მიხედვით
  • თითოეული 1 კგ. საბოლო პროდუქტის მისაღებად აუცილებელი ნედლეულის რაოდენობა სეზონების მიხედვით
  • თითოეული პროდუქტის დამზადების პროცესის მოკლე აღწერა
ნედლეული
  • რამდენ ლიტრ ან კილოგრამ ნედლეულს შეიძენს შეიძენს საწარმო ყოველდღიურად/ყოველთვიურად
  • რა ფასად შეიძენს საწარმო ნედლეულს სეზონების მიხედვით
  • რა ტერიტორიებზე და რამდენი ფერმერისგან შეიძენს საწარმო ნედლეულს
  • დამხმარე ნედლეულის არსებობისას (მარილი, საკმაზები…) – რაოდენობები და ფასები

მეწარმეს ბიზნეს-გეგმის შესადგენად აუცილებელი მონაცემების მოპოვება შეუძლია სავაჭრო ქსელებში და აგრობაზრებში წარმოდგენილი პროდუქტების შესწავლით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე, ”საქპატენტის“ ვებ-გვერდზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ოფისებში.

თანამშრომლები
  • თანამშრომელთა პოზიციები და რაოდენობები (მაგ.: დირექტორი, ბუღალტერი, ტექნოლოგი, ლაბორანტი, ნედლეულის შემსყიდველი ჯგუფი (2 ადამიანი), მუშახელი (6 ადამიანი), სადისტრიბუციო ჯგუფი (2 ადამიანი), დამლაგებელი, დარაჯი)
  • თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ხელფასი
  • რომელი თანამშრომლების ხელფასებია ფიქსირებული და რომლებისაა დამოკიდებული წარმოებული/რეალიზებული პროდუქციის რაოდენობაზე
პროდუქციის რეალიზაცია და მარკეტინგი 
  • სად გაიყიდება თითოეულის სახის პროდუქცია (კონკრეტული ტერიტორიები, სავაჭრო ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები, საცხობები, აგრობაზრები, ექსპორტი…)
  • დისტრიბუციის სისტემა – ავტომობილების რაოდენობა, შემსყიდველი ობიექტების რაოდენობა, ამ ობიექტებისათვის პროდუქტების მიწოდების სიხშირე, საწყობიდან ქსელში დისტრიბუციის დეტალები, რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ამოღების დრო
  • საწარმოს ხედვა ბრენდირებასთან, რეკლამასთან, სავაჭრო ობიექტებში დახლზე განთავსებასთან და სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან დაკავშირებით
შენობა-ნაგებობები, აპარატურა-დანადგარები, ავტომობილები
  • შენობა-ნაგებობების აღწერა, თითოეული ნაწილის დანიშნულება და ფართობი
  • მშენებლობის/რემონტის ღირებულება
  • ვინ ასრულებს მშენებლობა/რემონტს
  • რამდენი ხანი სჭირდება მშენებლობის/რემონტის დასრულებას
  • აპარატურა-დანადგარების ჩამონათვალი წარმადობის და ფასების მითითებით
  • ვისგან (მწარმოებელი, ქვეყანა) ყიდულობს საწარმო აპარატურა-დანადგარებს
  • აპარატურა-დანადგარების ტრანსპორტირების და მონტაჟის ღირებულება
  • რამდენი ხანი სჭირდება აპარატურა-დანადგარების დამზადებას, ტრანსპორტირებას და მონტაჟს
  • ავტომობილების რაოდენობა, აღწერა და ღირებულებები
სხვადასხვა ხარჯი
  • შესაფუთი მასალების აღწერა და ღირებულება
  • ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის ხარჯები
  • ადმინისტრაციული, საკანცელარიო, საკომუნიკაციო ხარჯები
  • HACCP-ის/ISO-ს სტანდარტების სისტემის დანერგვის ღირებულება
  • ჰიგიენურ-სანიტარიული ხარჯები
  • ბანკის მომსახურების ხარჯი
  • ნედლეულის მზიდი და სადისტრიბუციო ავტომობილების საწვავის და რემონტის ხარჯები

ესაა ის მინიმალური რაოდენობის აუცილებელი პირველადი მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც ბიზნეს-გეგმის შემდგენმა პირმა უნდა დაიწყოს მუშაობა. ბიზნეს-გეგმის შემუშავების პროცესში გაჩნდება სხვა კითხვებიც კონკურენციის, ფასწარმოქმნის სხვადასხვა სცენარის, კონკურენციის, მიზნობრივი ბაზრების და სხვა საკითხების შესახებ, რათა შედგეს საინვესტიციო და სამოქმედო გეგმები, დადგინდეს საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, დეტალურად დაითვალოს საწარმოებელი და გასაყიდი პროდუქციის რაოდენობები თვეების მიხედვით, განისაზღვროს თითოეული სახის ყველის თვითღირებულება, დადგინდეს პროდუქტების ზუსტი საპროგნოზო ფასები სეზონების მიხედვით, შეიქმნას ნაღდი ფულის მოძრაობის და მოგება-ზარალის უწყისები, გამოითვალოს ნულოვანი მოგების წერეტილი და სხვადასხვა კოეფიციენტი, რომელიც ბიზნესის ფინანსური ანალიზისთვისაა აუცილებელი. მეწარმეს აუცილებელ მონაცემთა ნაწილი შეუძლია მოიპოვოს სავაჭრო ქსელებში და აგრობაზრებში წარმოდგენილი პროდუქტების შესწავლით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის“ ვებ-გვერდზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ოფისებში და ქოლ-ცენტრში სატელეფონო ნომერზე 1501.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება