კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის საჯარო პროექტი business.org.ge

პროექტის მიზანი

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის და პირველი საკონსულტაციო კომპანიის ერთობლივი პროექტის მიზანი მეწარმეების სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი საქმიანობის შედეგიანობის გაზრდაა ხარისხიანი ინფორმაციის გადაცემის გზით.

პორტალზე business.org.ge ერთ სივრცეში თავმოყრილი იქნება მეწარმეთათვის პრაქტიკულად გამოსადექი ინფორმაცია, რაც საჭიროა სამეწარმეო რისკების შემცირებისთვის, სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესის მაღალშედეგიანი მუშაობისთვის. ეს ინფორმაცია ასევე სასარგებლო იქნება სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, მას-მედიისთვის, საკონსულტაციო და კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ეკონომიკის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის მიმართულებების სტუდენტებისთვის, ეკონომიკის და ბიზნესის ექსპერტებისთვის.

რუბრიკები და სტატიები

პორტალზე business.org.ge სტატიები ისეა შექმნილი, რომ მეწარმემ დამოუკიდებლად შეძლოს მისი პრაქტიკაში გამოყენება. ”ცოდნის ბანკში’’ განთავსებული სტატიები მეწარმეს და მეწარმეობის დაწყების მსურველს დაეხმარება თვითორგანიზებაში და საქმეების მართვაში (ეიზენჰაუერის მატრიცა, SWOT-ანალიზი, ABC-ანალიზი…), ბიზნესის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე მეწარმეს გამოადგება ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვასთან, თვითღირებულების გაანგარიშებასთან და ნულოვანი მოგების წერტილის გამოთვლასთან, ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული სტატიები.. მასალების ნაწილი მარკეტინგს ეხება. ბაზრების შეფასებისას, ბაზარზე საკუთარი წილის გასათვლელად, საინვესტიციო შესაძლებლობების დასანახავად სასარგებლო იქნება რუბრიკაში ‘’ბაზრები’’ განთავსებული ინფორმაცია. დარგის დიდი მნიშვნელობის გამო ცალკეა გამოყოფილი რუბრიკა ‘’აგრომეწარმეობა’’ – გარდა ანალიტიკური და საინფორმაციო სტატიებისა, აქ იხილავთ საინტერესო ინტერვიუებს წარმატებულ აგრომეწარმეებთან, რომლებიც დამწყებ მეწარმეებს თავისი გამოცდილებით და რჩევებით დაეხმარებიან. რუბრიკაში ”სერვისები” იხილავთ იმ უფასო და ფასიან მომსახურებებს, რომლებსაც პროექტი გაგიწევთ. ”კანონმდებლობა” მოიცავს იმ კოდექსებს, კანონებს, დადგენილებებს, წესებსა და რეგლამენტებს, რომლებითაც თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს მეწარმე.

სტატიების დიდი ნაწილი ააქტიურებს ისეთ თემებს, რომლებზეც მეწარმემ მომავალში საკუთარი ძალებით უნდა იმუშაოს, მოიპოვოს დამატებითი სასწავლო მასალები, გაიაროს ტრენინგები და მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.

ინფორმაციის გავრცელების არხები

გარდა პორტალისა business.org.ge, პროექტის მასალები ვრცელდება სოციალურ ქსელებში FacebookG+Twitter და Linkedin.

თანამშრომლობა

მოგვწერეთ მეწარმეობასთან დაკავშირებულ რომელ საკითხზე გსურთ სტატიის ხილვა და ჩვენ აუცილებლად გამოვაქვეყნებთ სასურველ მასალებს. ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ რომელი ბაზრის მიმოხილვა გესაჭიროებათ, business.org.ge-ს გუნდი ჩაატარებს სათანადო კვლევას და გამოაქვეყნებს შედეგებს.

გამოგვიგზავნეთ თქვენი საინტერესო ბიზნეს-ისტორია, საკუთარი საინტერესო მოსაზრებებები და რჩევები, რომლებიც სხვა მეწარმეებს გამოადგებათ თავის საქმიანობაში – ჩვენ აუცილებლად მივაწვდით თქვენს აზრს სხვა მეწარმეებს, ყველაზე საინტერესო ავტორებთან ინტერვიუებს კი ჩვენს ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელებში გამოვაქვეყნებთ.

***

პროექტის არსია დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნეს-რისკების შემცირებისა და წარმატების შანსების ამაღლებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენი დახმარებით თუნდაც ერთმა მეწარმემ რომ აიცილოს თავიდან ძვირადღირებული შეცდომა და შექმნას გამართული ბიზნესი, ჩავთვლით, რომ პროექტის განხორციელება თუნდაც ამისთვის ღირდა. რეალურად კი მეწარმეთა მხრიდან აქტიურობის დონე ძალიან მაღალია და პროექტის გავლენა ათასობით პირზე ვრცელდება.

პორტალი business.org.ge წარმატებებს გისურვებთ.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება