კვირა , აპრილი 28 2024
geen

SWOT-ანალიზი

ბიზნესის, პროექტის ან პროდუქტის შეფასების და დაგეგმვის ერთ-ერთი სასარგებლო ინსტრუმენტია SWOT-ანალიზი – სუსტი და ძლიერი მხარეების, გარემოში უკვე არსებული და შესაძლო დადებითი და უარყოფითი გავლენის ფაქტორების განსაზღვრა და მათ შორის კავშირების დანახვა.

შედგენის ინსტრუქცია

შეადგინეთ ცხრილი, სადაც შეტანილი იქნება გრაფები: “ძლიერი მხარეები – S (Strengths)”, “სუსტი მხარეები – W (Weaknesses)”, “შესაძლებლობები – O (Opportunities)” და “საფრთხეები – T (Threats)”. ამათგან პირველი ორი შიდა ფაქტორებია (რაზეც საწარმოს/მეწარმეს პირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია), ბოლო ორი კი – გარე (რაზეც გავლენას ახდენს გარე ძალები, ხოლო საწარმოს/მეწარმეს მასზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეუძლია). მაგალითად, პროდუქციის დიზაინის შემუშავება შიდა ფაქტორია, ხოლო პროდუქციის ეტიკეტირებისადმი საკანონმდებლო მოთხოვნები – გარე ფაქტორებს მიეკუთვნება. შეავსეთ თითოეული მათგანი:

შეფასება “ძლიერი” ან “სუსტი” შეიძლება მისცეთ თქვენი ბიზნესის, პროექტის თუ პროდუქტის შემდეგ მახასიათებლებს: მენეჯმენტი, მიზნების დასახვის სისტემა, დელეგირების სისტემა, თანამშრომელთა კომპეტენტურობა, მარკეტინგის სისტემა, რეკლამა, ბრენდი, შეფუთვა, დიზაინი, ფასი, ასორტიმენტი, პატენტები, ტექნოლოგიები, ადგილმდებარეობა, გაყიდვების მართვის სისტემა, დისტრიბუცია, საქმიანი კავშირები, ხარჯები, ფინანსების მართვის სისტემა, ფინანსების საკმარისობა, დოკუმენტაციის/წარმოების/საწყობის აღრიცხვიანობის სისტემა, ცალკეული პროდუქტები და მთლიანად პორტფელი, წილი ბაზარზე, მყიდველთა ერთგულება და ლოიალობა…

თუ იცნობ შენს მტერს და შენს თავსაც, საფრთხე არ გემუქრება ასეულობით ბრძოლაში. თუ არ იცნობ შენს მტერს, მაგრამ იცნობ შენს თავს, ზოგ ბრძოლას მოიგებ, ზოგს კი წააგებ. თუ არ იცნობ არც შენს მტერს და არც შენს თავს, ყველა ბრძოლაში მარცხს განიცდი – “ომის ხელოვნება“, სუნ ძი.

“შესაძლებლობების” და “საფრთხეების” ანალიზის დროს განსაზღვრეთ რომელი გარე ფაქტორები გეხმარებათ გაყიდვების ზრდაში, მეტი მოგების მიღებაში თუ სხვა დასახული მიზნის მიღწევაში და რომლები გიშლით ხელს. შესაძლებლობები შეიძლება დაინახოთ ისეთ გარე ფაქტორებში, როგორებიცაა ახალი პერსპექტიული ბაზრები, მოთხოვნა ახალი სახის პროდუქტებზე, საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ექსპორტირებას უწყობს ხელს, ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა, ახალ ბაზრებზე შესვლაზე ბარიერების არარსებობა, მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ზრდა, კონკურენტების პრობლემები ან მათი ნაწილის გასვლა ბაზრიდან… საფრთხეები შეიძლება დაინახოთ ისეთ გარე ფაქტორებში, როგორებიცაა მომხმარებელთა ფასეულობების და ცხოვრების სტილის შეცვლა, რომელიც შეამცირებს თქვენს პროდუქტზე მოთხოვნას, კონკურენტების გაძლიერება, ნედლეულის გაძვირება, ნედლეულის დეფიციტი, ბაზარზე დაბალფასიანი პროდუქციის შემოსვლა, კანონმდებლობის გამკაცრება და ახალი სტანდარტების დანერგვის აუცილებლობა, გადახდისუნარიანობის შემცირება, ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, ინფლაცია…

მაგალითი

ღვინის მწარმოებელ კომპანიას სურს ბაზარზე გაყიდვების ზრდა. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების, საფრთხეების და შესაძლებლობების ჩამონათვალი ასეთია:

კომპანია აანალიზებს როგორ იკვეთებიან ეს ფაქტორები ერთმანეთთან – რომელი ძალების გამოყენება შეიძლება შესაძლებლობების ასათვისებლად,  რომელი ფაქტორებით შეიძლება სისუსტეების შემცირება, რომელი ძალების გამოყენება შეიძლება საფრთხეების შესამცირებლად, რომელი სისუსტეების აღმოფხვრაა საჭირო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

ოთხივე სეგმენტის შეჯერებით იკვეთება, რომ კომპანია უნდა კონცენტრირდეს საქართველოს ბაზარზე; პრემიუმ-კლასის ბრენდირებული პროდუქცია უნდა გაყიდოს როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე უცხოელ ვიზიტორებზე; გაყიდვის არხებად უნდა გამოიყენოს ღვინის სპეციალიზირებული მაღაზიები, მაღალი კლასის რესტორნები და სასტუმროები; მუდმივად უნდა იკვლევდეს არსებულ და პოტენციურ ბაზრებს და ზრდიდეს საკუთარ კონკურენტუნარიანობას.

დამატებითი რჩევები
  • დააკონკრეტეთ ამოცანა, რაზეც გსურთ მიიღოთ პასუხი. აირჩიეთ 1 პროდუქტი, ან 1 პროექტი, ან 1 ბაზარი. თუ SWOT-ანალიზს მთელ ბიზნესს ჩაუტარებთ, შეიძლება ზოგადი და გადღაბნილი, შესაბამისად – გამოუსადეგარი პასუხები მიიღოთ
  • მკაფიოდ გამიჯნეთ შიდა და გარე ფაქტორები – შიდა ფაქტორებზე თქვენ შეგიძლიათ გავლენის მოხდენა, გარე ფაქტორებზე პირდაპირ და სწრაფად გავლენას ვერ მოახდენთ
  • შეფასებები უნდა იყოს შეძლებისდაგვარად რეალური, სუბიექტურობა რომ გამორიცხოთ, გაითვალისწინეთ, როგორ შეაფასებდნენ თქვენს სისუსტეებს და ძლიერ მხარეებს, შესაძლებლობებს და საფრთხეებს მომხმარებლები, პარტნიორები, კონკურენტები, ექსპერტები…
  • გასათვალისწინებელ ფაქტორებში ჩართეთ მხოლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც რეალურად ახდენენ ან მოახდენენ თქვენს ბიზნესზე თუ პროექტზე გავლენას
  • რაც უფრო კონკრეტული იქნება ფორმულირებები, მით უფრო ნათელ სურათს დაგანახებთ ანალიზი

SWOT-ანალიზი უნივერსალური ინსტრუმენტია – ის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის, ცალკეული პროდუქტის, კონკურენტების, საკუთარი თავის ან სხვა პიროვნების შესაფასებლად.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება