ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამა ”ახალგაზრდა მეწარმე”

2018 წლის მარტიდან დაიწყო სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა ”ახალგაზრდა მეწარმე”. პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ”სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” (შემდგომში – სააგენტო) დონორი ორგანიზაციის დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.

რა ფინანსდება

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ ახალი ბიზნესი (Start-Up).

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობა, რომელსაც გააჩნია ფიქსირებული ადგილმდებარეობა.

ტერიტორიები

ახალი ბიზნესის დაფინანსება შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში, გარდა შემდეგი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი (შეზღუდვა არ ვრცელდება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს მიმართულებაზე).

ვის შეუძლია თანადაფინანსების მოპოვება

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

  • ინდივიდუალურ მეწარმეს, რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს 18-35 წელს მამაკაცებისთვის და და 18-40 წელს ქალების შემთხვევაში (პოტენციური ბენეფიციარი შესაძლებელია განაცხადის წარდგენის ეტაპზე არ იყოს რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ).
  • საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომლის დამფუძნებლები/მეპაიეები და გამგეობის თავმჯდომარე/დირექტორ(ებ)ი განაცხადის წარდგენის მომენტში არიან 18-35 წლის მამაკაცების და და 18-40 წლის ქალები.
თანადაფინანსების სიდიდე
  • სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს პროექტის საინვესტიციო ღირებულების 40 %-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 (სამოცი ათასი) ლარს.
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10,000 (ათი ათასი) ლარს.
  • სააგენტოს თანაფინანსება შესაძლოა შეადგენდეს 40 %-ზე ნაკლებს იმ შემთხვევაში, თუ პროექტის საინვესტიციო ღირებულება აღემატება 150,000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარს.
ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება თანადაფინანსების მიღებამდე

  • საკონსულტაციო მომსახურება: პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას ბიზნეს გეგმების შედგენის მიმართულებთ.
  • საწარმოო პროცესის შეფასება: ბიზნეს გეგმაში საწარმოო პროცესის არსებობის შემთხვევაში, დარგობრივი ექსპერტები შეაფასებენ წარდგენილი ტექნოლოგიური პროცესის შესაბამისობას და შეუსაბამობის შემთხვევაში გასცემენ რეკომენდაციებს, როგორც პროცესის მართვასთან, ასევე ბიზნეს გეგმით წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით.
  • ბიზნეს გეგმის ღირებულების დაფინანსება: ბიზნეს გეგმის ღირებულების ანაზღაურება მოხდება პროგრამის ბიუჯეტიდან.

თანადაფინანსების შემდგომი ტექნიკური დახმარება

  • წარმოდგენილი ბიზნეს გეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ბენეფიციარს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაში: თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, წარმოდგენილი ბიზნეს იდეის განხორციელების დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შედგენა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფულადი სახსრების მიზნობრივად გახარჯვის აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის ფაილინგი, სააღრიცხვო პროგრამის/სისტემის დანერგვა, ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების ჩატარება.

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია სააგენტოს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია. გარდა სააგენტოს ვებ-გვერდისა, სრული ინფორმაცია პროგრამის პირობების, შეზღუდვების, გამონაკლისების და სხვა საკითხების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სატელეფონო ხაზზე (032) 247 0101 და 1501.

business.org.ge წარმატებებს გისურვებთ.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება