შაბათი , დეკემბერი 7 2019
geen

ინტერვიუ კომპანია ‘’მატყლის სახლის’’ დამფუძნებელთან თამარ წიქარიშვილთან

თამარ წიქარიშვილი 2010 წლიდან ახალციხის რაიონის სოფელ კლდეში ლეიბების და საბნების დამამზადებელ და სარესტავრაციო საწარმოს ამუშავებს. ახალგაზრდა მეწარმე თვეში 150-200 ლეიბს და საბანს ყიდის. ამბობს, რომ დიდი გეგმები აქვს – სურს საკუთარი მაღაზიის გახსნა და წარმოების გაფართოება. ამჟამად საწარმოში 7 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო თამარ წიქარიშვილმა ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ კომპანია ‘’მატყლის სახლის’’ დამფუძნებელთან თამარ წიქარიშვილთან 

როგორ გაჩნდა ბიზნეს-იდეა ლეიბების და საბნების წარმოების თაობაზე? როგორია თქვენი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ისტორია.

ყველაფერი 2010 წელს დავიწყე. ოჯახს ცხვარი გვყავდა. წელიწადში ორჯერ ხდება მისი გაპარსვა. ამ დროს გაჩნდა მატყლის პრობლემა, თუ რა უნდა გვექნა მისთვის, როგორც გამოგვეყენებინა. მატყლის გადაყრას, დაწვას სჯობდა გამერეცხა, დამემზადებინა ლეიბები, საბნები და გამეყიდა. ახლების შეკერვა რომ დავიწყე, ხალხისგან მოთხოვნა ძველების განახლებაზე წამოვიდა. სულ თავიდან ორნი ვიყავით. ახლა კი 7 ადამიანი მყავს დასაქმებული.

2010 წელს რეგიონული განვითარების ასოციაციისთვის დავწერეთ პატარა პროექტი. ძალიან მცირებიუჯეტიანი, სულ რაღაც 1,200 ლარიანი პროექტი იყო. გვქონდა ერთი დანგრეული პატარა ოთახი. ამ თანხით წყალი მოვიყვანეთ აქამდე და ეზოში პატარა მონაკვეთი ცელოფნებით გადავხურეთ. დავდგით სარეცხი საშუალებები, ხელით ვრეცხავდით ამ მატყლს ვაშრობდით, ვპენტავდით და ვკერავდით.

ყველაფერი აქ ხდებოდა: შეკვეთების მიღება, ახალი ლეიბებისა და საბნების კერვა, ძველების განახლება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს ამ საქმეს ვახმარდი, ჩემ ხელფასსაც კი ამ საქმეში ვდებდი.

რამდენი მომწოდებლისგან იბარებთ მატყლს და რა პრინციპებზე გაქვთ დალაგებული ურთიერთობები მატყლის მომწოდებლებთან?

საკუთარი ნედლეულით დავიწყე და ახლა უკვე ადგილობრივი ფერმერისგან ვიბარებ. თავიდან თვითონ მოგვძებნეს, შემდეგ ჩვენ დაგვჭირდა და აქეთ ვეძებდით. თანამშრომლობა ასე აეწყო. ამ დროისთვის ნედლეულს 47 ფერმერისგან ვიბარებ. დღეისთვის წელიწადში დაახლოებით 6-7 ტონას ვამუშავებთ, გასაახლებელი მატყლის ჩათვლით.

როგორი ხარისხის მატყლს იბარებთ და როგორ ახდენთ მის გადამუშავებას, გაქვთ ტექნიკა, რომელიც მატყლს გარეცხავს და ხარისხს აუმაღლებს?

ვცდილობ სუფთად გაპარსულ მატყლი ჩავიბარო. 2015 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ‘’მერსი ქორფსი’’ გამოჩნდა. მას პატარა პროექტი შევთავაზეთ. მათი მხრიდან წამოვიდა ინტერესი, რომ ბიზნესი მათი გრანტით და ჩვენი თანამონაწილეობით გაგვეფართოვებინა. მე კი მქონდა გეგმაში, რომ ოდესღაც უფრო დიდ საწარმოდ მექცია ჩემი ბიზნესი, მაგრამ ასეთ დიდ მასშტაბებზე გადასვლა მაინც მოულოდნელი იყო – ცოტა არარეალური მეგონა, რომ ვინმე მოვიდოდა და დახმარების ხელს ასე გამომიწვდიდა.

ცოტა დავფიქრდი, რისკი დიდი იყო, მითუმეტეს რომ აქამდე მხოლოდ სეზონური მუშაობის გამოცდილება მქონდა. თან ჩემი წილი თანადაფინანსების თანხა ბანკიდან სესხად უნდა ამეღო. მაინც გავბედე, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ბანკიდან ავიღეთ სესხი დაბალ პროცენტში, რაც იმ დროისთვის ჩემთვის სტიმული და შეღავათი იყო. გავაფართოვე საწარმო, დაგვიმონტაჟეს მზის ენერგიაზე მომუშავე გამაცხელებელი წყლისთვის. ერთი წლის შემდეგ ამავე ორგანიზაციამ, იმის გამო, რომ პროექტი წარმატებული გამოდგა, მეორედ დაგვაფინანსა ამთანხით უცხოეთში ვიყიდეთ მატყლის სარეცხი, საწური და საშრობი დანადგარები, შევიძინეთ სატრასპორტო საშუალებები, რომლითაც კლიენტამდე პროდუქცია მიგვაქვს.

გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 5,000 ლარით დავფინანსდით და ბუმბულის საწმენდიც ვიყიდეთ. შედეგად, ჩვენს სერვისს ბუმბულის ბალიშების განახლება დაემატა.

ვინ არიან პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები, სად ყიდით თქვენს პროდუქციას საქართველოში? ასევე საინტერესოა, კლიენტებს ყველაზე მეტად რა აინტერესებთ?

ძალიან დიდი მოთხოვნაა რეგიონში არსებული საოჯახო სასტუმროებიდან, რეგიონის საბავშვო ბაღების ლეიბები და საბნებიც ჩვენი დამზადებულია, დიდია მოთხოვნა დიასახლისებისგან, რომლებიც სახლის პირობებში ვერ ახერხებენ ძველი საბნების და ლეიბების განახლებას, თვეში დაახლოებით 150 –200 ცალ ლეიბს და საბანს ვყიდით. ამ რაოდენობაში ასევე შედის არსებულის ძველი ლეიბების და საბნების განახლება, ძველ საბნებს და ლეიბებს ვშლით, მატყლს ვრეცხავთ, ვპენტავთ და ახალ პირებში ვკერავთ.

რა საშუალებებს იყენებთ პროდუქციის გაყიდვების ზრდითვის, როგორია თქვენი მარკეტინგული მიდგომა?

იმისთვის, რომ წარმატებულად მოახდინო რეალიზება, პროდუქცია ხარისხიანი უნდა გქონდეს. ყოფილა შემთხვევები, რომ რაღაც წვრილმანი არ მომწონებია, დამიშლია და თავიდან გამიკეთებია. მირჩევნია თვეში გავაკეთო 2 ცალი და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და უხარისხო, თან ფასიც ხელმისაწვდომი უნდა გქონდეს. საქართველოს ბაზარი უხარისხო საქონელით იმდენად არის გაჯერებული, რომ მგონია, დროა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვაკეთოთ ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია. ჩემი რეკლამა თვით მომხმარებელია, როცა ჩვენი პროდუქციით კმაყოფილი მიდიან, ისინი სხვას ურჩევენ, მოყავთ ჩვენთან და ასე იზრდება დღითიდრე მოთხოვნა.

როგორია კონკურენტული გარემო? რა არის თქვენი პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა?

მატყლის რეცხვა ყველას ეზარება, რადგან მძიმე ფიზიკურად შრომას მოითხოვს. ბამბის ლეიბებს და საბნებს ამზადებენ, რომლებიც დაზგაზე იკერება. ასეთი პროდუქცია დღეს ბევრია. თუმცა, მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება, რომ ყველაფერს მატყლის პროდუქია ჯობს. ჩვენ ჩვენი საქმიანობით მატყლის პროპაგანდა სერიოზულად გავაკეთეთ. მატყლი ბუნებრივია და ორგანიზმისთვის უფრო უსაფრთხოა, თუ, რა თქმა უნდა, ალერგიული არაა ადამიანი. ვფიქრობ ხარისხიანი და ჯანმრთელი პროდუქტი უკონკურენტოა, მასზე მოთხოვნა დიდია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ხომ არ აპირებთ საკუთარი მაღაზიის გახსნას ან ექსპორტზე პროდუქციის გატანას?

მაღაზიის იდეა მაქვს, თუმცა, ეს ცოტა ძვირი დაჯდება. პროდუქციის რეალიზება არც ასე მიჭირს. ვისაც სურვილი აქვს, რეკავს, გვიკვეთავს. მაქვს ერთი ადგილი, ცენტრალურ ტრასაზე, სადაც მინდა საწარმოს აშენება. მინდა, რომ რეგიონში არსებული უფრო მეტი მატყლი ჩავიბარო. ლეიბებში და საბნებში უმაღლესი ხარისხის მატყლია საჭირო, ხოლო შედარებით დაბალი ხარისხის მატყლი ექსპორტზე გავიტანო. ასეთი მატყისგან ხალიჩები იკერება, წინდები. თუ ეს პროექტი განვახორციელე, უკვე მაღაზიის იდეასაც განვახორციელებ.

თქვენი რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით აწყობაში?

ძალიან მიზანდასახული ვარ. დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არასოდეს მივატოვებ. არც სიძნელეების მეშინია. შეიძლება დღეს არ გამომივიდეს, მაგრამ ყოველთვის ვთვლი, რომ ხვალ მაინც გამომივა საქმე, ყველაფერს დიდი ბრძოლით და წვალებით ვაღწევ, მაგრამ არ ვნებდები.

რა იყო ის გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც წარმატება მოუტანა თქვენს ბიზნესს?

რომ არა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მერსი ქორფსი’’ და ამ პროექტის თანამშრომლები, ბევრს ვერ მივაღწევდი. მათ მე დამარწმუნეს, რომ ზუსტად მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც შემეძლო ეს ბიზნესი წარმატებულად მექცია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი თანადგომა, დაფინანსების გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო მათი საქმიანი რჩევები. ჩვენთვის ამ ორგანიზაციის დახმარება დიდი ტრამპლინი იყო.

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

ბევრი სირთულეა. პირველ რიგში ფინანსები. მერე – კადრები, კერვა ყველას არ შეუძლია, სეზონურად ვმუშაობდით, რადგანაც ზამთარში წყალი იყინებოდა. იმის გამო, რომ შემოსავალი სეზონურად ჰქონდათ, თანამშრომლები ხშირად დამიკარგავს. ყველას თავისი ოჯახური და ეკონომიკური პრობლემა აქვს. კადრები და ფინანსები ყველაზე მნიშვნელოვანი გადასალახი პრობლემებია.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

ბევრი იშრომონ გულით და მომავლის იმედი არასოდეს დაკარგონ, საქმის სიყვარული და მიზანდასახულობა აუცილებელია წარმატებისთვის.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება