ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ინტერვიუ ანა მიქაძე-ჩიქვაიძესთან

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ეთნოგრაფია. 2010 წლიდან არის ა(ა)იპ ‘’საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარე. ამავე წლიდან არის ფესტივალების ‘’ქართული ყველი’’ და კავკასიური ყველი’’ ორგანიზატორი. 2010 წლიდან არის ა(ა)იპ ‘’ფერმერული წარმოების რძის პროდუქტების ხელშეწყობის ფონდის’’ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ასევე არის პროექტის ‘’ქართული ყველი’’ ავტორი. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე არის ძველი მივიწყებული ქართული ყველების რეცეპტების მოძიების, აღდგენისა და დამზადების ინიციატორი და განმახორციელებელი.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო ანა მიქაძე–ჩიკვაიძემ ყველის ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ ანა მიქაძე–ჩიკვაიძესთან

როგორ გაჩნდა ბიზნეს-იდეა ყველის წარმოების თაობაზე? თუ შეგიძლიათ, მოგვახსენეთ თქვენი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ისტორია.

მოგეხსენებათ, ფესტივალების ‘’ქართული ყველი’’ და ‘’კავკასიური ყველი’’ ორგანიზატორი ვარ. როდესაც ეს ფესტივალები ტარდება, თავისთავად ჩნდება მომხმარებლისგან იდეა და მოთხოვნა, რომ ყველის სახეობები, რომელიც წარმოდგენილია ფასტივალებზე, ვინმემ აწარმოოს, რომ მისი ყიდვა არასაფესტივალო დღეებშიც იყოს შესაძლებელი. ამ ტიპის წარმოება საკმაოდ რთულია. ყველა ის ქართული რეცეპტი, რომელიც მე მოვიძიე, ისევე როგორც მსოფლიოს ყველები, საჭიროებდა დავარგების პროცესის აღდგენას. ცხადია, ვეძებდი რესურსს, გამოჩნდა ინვესტორი საპარტნიორო წინადადებით. მე მოვიზიდე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან 40 %-იანი თანადაფინანსება და ახალი ბიზნეს-პროექტიც შედგა. გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში ჩაჯდა ჩვენი ყველა მონაცემი – ცოდნა, გამოცდილება, ინვესტორი, ბაზარი. ასე გაჩნდა 40 % დამფინანსებელი სახელმწიფოს სახით. ასე შედგა ჩვენი პროექტი. ეს ისტორია 2016 წელს დაიწყო.

თქვენ გაქვთ ახალი საწარმო თელეთში, როგორია მისი დაფუძნების და ამუშავების ისტორია?

ქარხნისთვის მიწა და შენობები თელეთში ჩემმა პარტნიორმა აუქციონზე შეიძინა. მოვიპოვე გრანტი, გავაერთიანეთ ჩვენი ძალები და ინვესტორის დახმარებით ყველის ახალი ქარხანა ავაშენეთ. თუმცა აქ არ იქნება მხოლოდ ყველის საწარმო. აქ იქნება ფერმა, წისქვილი, გვექნება საკვების საკუთარი წარმოება და, რაც მთავარია, გავაკეთებთ მეყველეთა სკოლას.

ჩვენ კიდევ 4 ძირითადი პროექტი გავქვს განსახორციელებელი – ნუშის ტყე (ნუშისთვს საუცხოოა ქვემო ქართლის ნიადაგი და კლიმატი), ძროხის ფერმა, თხის ფერმა, კონტაქტური ფერმა მოზარდებისთვის და კიდევ რამდენიმე მცირე პროექტი…

ამჟამად რა წარმადობით და რამდენი დასახელების ყველს აწარმოებთ?

ქარხანაში 40-ზე მეტი სახეობის ყველის წარმოებაა დაგეგმილი. სრულად ამუშავების შემთხვევაში კი ქარხანას დღეში 10 ტონა რძის დამუშვება შეუძლია. დღეს რძის დეფიციტია, ამიტომ 1.5–2 ტონაზე მეტს ვერ ვამუშავებთ.

არაერთ ფერმერს უთქვამს, რომ ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია. როგორ უმკლავდებით ამ პრობლემას?

აღდგენილი რძისგან ხანგრძლივ შენახვაზე გათვლილი ყველი ფიზიკურად ვერ გამოვა, რადგან ასეთი პროდუქტი მაქსიმუმ 2 კვირა ძლებს. ჩვენი ყველი კი 1 თვიდან 1-2 წლამდეა გათვლილი. ამიტომ მე ნატურალური რძე მჭირდება.

ჩვენ არჩეული გვყავს ერთი შემგროვებელი, რომელიც ქვემო ქართლის მასშტაბით აგროვებს რძეს. მან უკვე იცის ჩვენი მოთხოვნა, ის არასოდეს არ გამოგვიგზავნის ისეთ რძეს, რომელიც ჩვენს სტანდარტებს არ შეესებამება. ქერქიან ყველს კარგი რძე სჭირდება.

რძის მომწოდებლებთან ურთიერთობებში რა სახის პრობლემებს წააწყდით?

პრობლემა ეს არის თუ არის. გლეხმა საქონლის მოვლა კარგად იცის, თუმცა, როდესაც 50 სული ჰყავს, ეს ყველაფერი ეზარება. მწყემსად წასვლა არავის არ უნდა, ესეც დიდი პრობლემაა. არ უნდათ მწველავად მუშაობა. გამოსავალი არის ის, რომ ფერმერულ მეურნეობებში თამედროვე განათლება შევიდეს. ეს მათ შრომას გაუადვილებს. ამაში საჭიროა, რომ ცოტა საელმწიფოც დაიხარჯოს, გაიღოს ერთჯერადად თანხა, შესაძლოა გარკვეული პირობით ფერმის შესაბამისი ტექნიკაც დარიგდეს.

სად ყიდით თქვენს პროდუქციას საქართველოში, ვინ არიან მყიდველები?

ძირითადი რეალიზატორი ‘’გუდვილია’’ (დიღმის და საბურთალოს), დღე–დღეზე შევდივართ ვაკის და ‘’გალერეა თბილისის’’ ‘’გუდვილში’’. ასევე რეალიზება ხდება ბათუმში. შემოვიკრიბე ჩემი მეყველე ფერმერები და ერთობლივად ვაწვდით ყველს სავაჭრო ობიექტს. ისინი ყველანი თავისი სახელით შედიან ‘’გუდვილში’’, თითოეული მათგანი საკუთარი საყველიეს სახელითაა პროგრამაში გატარებული, მაგალითად – ‘’ანსიანის საყველიე’’, ‘’ინასარიძის საყველიე’’, ‘’სენეს საყველიე’’ და ა.შ.

თქვენ ორიგინალურ, ჯერჯერობით მასობრივ გაყიდვაში რომ არ არის, ისეთ ყველებს აწარმოებთ.

გეთანხმებით, მასობრივ გაყიდვაში არ იქნება იქამდე, სანამ ჩვენ საკუთარი ფერმა არ გვექნება. ახალი პროექტები გვაქვს დასამუშავებელი – თხის და საქონლის ფერმა, მეყველეთა სკოლა, რომელიც უკვე აშენებულია. კონცეფციაში გვაქვს ღვინის სარდაფის მშენებლობა და მიწისქვეშა სარდაფი თავისი შუშის მუზუმით. უკვე გვაქვს ყველის საწარმო, ყველის შოუ–რუმი, გვაქვს მარანი ტურისტების მისაღებად.

მეყველეთა სკოლის დაფუძნების იდეა საიდან წამოვიდა, პროფესიონალი კადრის სიმცირის გამო?

პრობლემა არ ჰქვია იმას, რაც ჩვენ მეყველეობაში გვჭირს. ფაქტობრივად, პროფესიონალი მეყველეები არ გვყვავს. ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ გვქონდეს სკოლა და მოვემსახუროთ არამარტო საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს. ძალიან ბევრი რეკავს ჩრდილოეთ კავკასიიდან. სკოლა მოხალისეებს, მოყვარულებს და პროფესიონალებსაც მომავალი წლიდან მიიღებს.

თქვენ მიერ წარმოებული პროდუქცია თუ გადის ექსპორტზე?

ყველის ექსპორტი იქამდე ვერ იქნება, სანამ წარმადობას არ გავზრდით, ეს კი საკუთარი თხის და საქონლის ფერმის გარეშე ვერ მოხდება. ყველზე დიდი მოთხოვნა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და რუსეთიდანაა.

თქვენი პროდუქციის კონკურენტული უპირატესობა რაში მდგომარეობს?

პირველი – გემოების მრავალფეროვნება, ვცდილობ ვიმუშაო დიზაინზეც. სხვათაშორის ძალიან ბევრმა მობაძვა დაიწყო, არის რამდენიმე პატარა საწარმო, რომელიც ვიზუალურად ჩემნაირ ყველებს აწარმოებს. რაც უფრო ბევრი ადამიანი იქნება ამ ბიზნესში, კარგია, ბაზარს გაამრავალფეროვნებს და გაზრდის მომხმარებლის გემოვნებას.

რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ თქვენს სამეწარმეო საქმიანობაში? რა იყო ის გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც თქვენს ბიზნესს წარმატება მოუტანა?

არანაირი სირთულე არ ყოფილა. წარმატება კი ბიზნესს ჩემმა ჯიუტმა ხასიათმა მოუტანა. კარებიდან რომ ვერ შევდივარ, ფანჯრიდან გადავდივარ. მიზანდასახული და ჯიუტი ადამიანი ვარ.

ხშირად მონაწილეობთ და თვითონვე ბრძანდებით ყველის ფესტივალების ავტორი, ბრძანდებით ‘’საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ ხელმძღვანელი. აუცილებელი და შესაძლებელია საქართველოში სხვა მწარმოებლებთან კოოპერირება?

ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქციას ქმნის, ყველგან აუცილებელია. დღევანდელ მსოფლიოში კოოოპერატივზე კარგი გაერთიანება არ არსებობს. როდესაც ერთი მიმართულების გაერთიანებაა, დარგი ყოველთვის მოგებულია. ბაზარზე ერთიანი სტრატეგიით გამოდიან და ასე შემდეგ, აქვთ სეგმენტური ბანკები და კომფორტული ფინანსური გარიგებები აქვთ ისეთ ინსიტუტებთან, რომლებიც უკეთ იცნობენ მათ პორბლემატიკას… ეს სქემები მსოფლიოში ძალიან კარგად მუშაობს.

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

პირველ რიგში უნდა მოძებნოს ნედლეულის ბაზა და აირჩიოს პროდუქციის სახეობა, რომლის წარმოებასაც აპირებს. ყველაზე პრობლემური დღეს რძის მოპოვებაა. ან საკუთარი ფერმა უნდა ჰქონდეს, ან მომწოდებელთან ჰქონდეს ისე დალაგებული საკითხი, რომ რძე უწყვეტად მიაწოდოს. მოწოდების ბაზარი უნდა შეისწავლოს.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს? რა არის თქვენი აზრით, წარმატების მიღწევის მთავარი ფაქტორები?

მე არ გამოვდგები ბიზნესის მრჩევლად, რადგან მაინც მკვლევარის ამპლუაში ვრჩები. ერთს ვიტყვი – მიზანდასახულობა და განათლება აუციელებელია.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება