ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

PEST-ანალიზი

PEST-ანალიზი წარმოადგენს აკრონიმს პოლიტიური (Political), ეკონომიკური (Economical), სოციალური (Social) და ტექნოლოგიური (Technological) ანალიზის გამოსახატავად. ის გამოიყენება ამ ოთხი გარე ფაქტორის ბიზნესთან ურთიერთკავშირის შესაფასებლად. PEST-ანალიზი ეხმარება ბიზნესებს განსაზღვრონ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური ფაქტორების გავლენის არეალი მათ გრძელვადიან საქმიანობაზე. მას ხშირად ისეთ მეთოდებთან ერთად იყენებენ, როგორებიცაა SWOT-ანალიზი და პორტერის 5 ძალა. განვიხილოთ თითოეული ფაქტორი ცალ-ცალკე:

  • პოლიტიკური – იგი ასახავს რამდენად ახდენს ბიზნეს-გარემოსა და სავაჭრო მარკებზე გავლენას მთავრობის რეგულაციები და საკანონმდებლო ჩარჩოები; რა მდგომარეობაა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის, საგადასახადო პრინციპების, სავაჭრო და უსაფრთხოების რეგულაციების, შრომის კოდექსის კუთხით.
  • ეკონომიკური – ამ ფაქტორის საშუალებით ბიზნესები აფასებენ ისეთ ეკონომიკურ პირობებს, რომლებსაც შეუძლია კომპანიის მუშაობა დადებითი ან უარყოფითი მიმართულებით შეცვალოს. იგი მოიცავს ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს, ეკონომიკური ზრდას, უმუშევრობის დონეს და ა.შ.
  • სოციალური – სოციალური ფაქტორის საშუალებით ბიზნესმა შეიძლება შეაფასოს საკუთარი ბაზრების სოციო-ეკონომიკური გარემო. იგი ითვალისწინებს მომხმარებელთა დემოგრაფიას, კულტურულ შეზღუდვებს, ცხოვრების სტილსა და განათლებას. მისი დახმარებით კომპანიამ შეიძლება დაადგინოს როგორ ყალიბდება მომხმარებელთა საჭიროებები და რა სტიმული უბიძგებთ მათ ყიდვისკენ.
  • ტექნოლოგიური – ტექნოლოგიას შეუძლია პოზიტიურად ან ნეგატიურად იმოქმედოს პროდუქტის/მომსახურების პოზიციონირებაზე. ტექნოლოგიური პროგრესი, ტექნოლოგიის სასიცოცხლო ციკლი, ინტერნეტის როლი, მთავრობის მიერ ტექნოლოგიის კვლევაზე გაწეული ხარჯი – ეს ყველაფერი ტექნოლოგიურ ფაქტორებად მოიაზრება.

PEST-ანალიზის გავრცობილ ფორმას წარმოადგენს PESTLE-ანალიზი, რომელიც ზემონახსენები ფაქტორების გარდა სამართლებრივ და გარემო ფაქტორებსაც განიხილავს. ისინი კომპანიაზე პოტენციურად გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მატარებელნი არიან.

  • სამართლებრივი – მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: დისკრიმინაციული კანონები, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების კანონები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონები, საავტორო უფლებისა და პატენტის მარეგულირებელი კანონები.
  • გარემო – ითვალისწინებს ისეთი ფაქტორების ანალიზს, როგორებიცაა: ამინდისა და კლიმატის ცვლილება, დაბინძურებისა და ნარჩენების გადამუშავების რეგულაციები, ნარჩენების მართვა, ეკო-მეგობრული პროდუქციის ან პრაქტიკის გამოყენება და ა.შ.

PEST-ანალიზის ფაქტორების მნიშვლელობა სხვადასხვა ტიპის კომპანიის შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად, სერვისზე ორიენტირებულ კომპანიებს უფრო სოციალური ფაქტორები აინტერესებთ, ხოლო გლობალურ კონტრაქტორებს – პოლიტიკური ფაქტორები. ის ფაქტორები, რომლებიც დროში ცვალებადია და შეიძლება კომპანიაზე სასიკეთოდ ან საზიანოდ აისახონ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, კომპანია, რომელმაც დიდი თანხა აქვს სესხის სახით აღებული, მუდმივად ადევნებს თვალს ეკონომიკურ ფაქტორებს (განსაკუთრებით საპროცენტო განაკვეთებს).

***

სტატიის წყაროა pestleanalysis.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება