კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი მდიდარი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებია:

  • კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) – კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი.
  • ქართლი (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, ზემო ქართლი) – ქართლი მეღვინეობის გამორჩეული რეგიონია საქართველოში, რომელიც ცნობილია კლასიკური ევროპული ტიპის და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით.  ქართლში გავრცელებული ჯიშებიდან აღსანიშნავია ჩინური, გორული მწვანე, ბუდეშური თეთრი, თავკვერი, შავკაპიტო და საფერავი.
  • იმერეთი (ზემო იმერეთი, შუა იმერეთი, ქვემო იმერეთი) – იმერეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი მხარეა, სადაც ძალზე განსხვავებული კლიმატური პირობები და ნიადაგური შემადგენლობაა, ამიტომ ღვინოები ყველგან განსხვავებულია. იმერეთში გავრცელებული ჯიშებია: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ქვიშხური, ძელშავი, ალადასტური, დონდღლაბი, ბაზალეთური, კუნძა, ოცხანური საფერე, არგვეთული საფერე, რკო, ადანასური, ბზვანურა, შავი დონდღლაბი, ვანის ჩხავერი და სხვა.
  • რაჭა-ლეჩხუმი (რაჭა, ლეჩხუმი) – რაჭა-ლეჩხუმი სხვა რეგიონებისგან გამოირჩევა ვენახების სიმცირითა და იშვიათი ჯიშის ყურძნით. აქ გავრცელებულია: ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, წულუკიძის თეთრა, ძელშავი, უსახელოური და ორბელური.
  • შავი ზღვის სანაპირო ზონა (აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი) – გურია-სამეგრელო გამოირჩევა ვენახის თვითმყოფადი მოწყობის კულტურით, რომელიც XIX საუკუნემდე თითქმის მთლიანად მაღლარზე იყო გაშენებული. აქაური ისტორიული ჯიშებიდან ცნობილია ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილათუბანი, ალადასტური, საკმიელა, ოჯალეში, გოდაათური, ჭვიტილური, ჩეჭიფეში და სხვა. აფხაზური  ადგილობრივი ჯიშებიდან აღსანიშნავია: ამლახუ, ავასიხვა, კაჭიჭი, აღბიჟი, აკაბილი, აბსუაჟი, ლაკოაჟი, ხაფშირა, ხუნალიჟი და სხვ.
  • მესხეთი – მესხეთი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება.მესხეთი მევენახეობის ერთ-ერთი ყველაზე არქაული მხარეა საქართველოში, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შესაძლოა სწორედ მესხური წარმოშობის იყოს უძველესი ქართული ჯიშები საფერავი, ძელშავი, ხიხვი და სხვ.

ჯიშებიდან გამოიყოფა წითელყურძნიანი და თეთრყურძნიანი საღვინე ჯიში. პირველ მათგანს მიეკუთვნება საფერავი, თავკვერი, საფერავი ბუდეშურისებური, ალექსანდროული, მუჯურეთული და სხვა. თეთრყურძნიანი ჯიშის კატეგორიაში კი ერთიანდება რქაწითელი, მწვანე კახური, ხიხვი, ქისი, ჩინური, გურული მწვანე, ცოლიკოური, ციცქა და კრახუნა.

***

სტატია შექმნილია ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება