კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ეკონომიკის მიმოხილვა: 2017 წლის სექტემბერი

ეკონომიკის ზრდა

რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე, 2015 წელს საქართველოში 2.9 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის რეალური ზრდა 2.7 %-ს შეადგენს, 2017 წლის I კვარტალში რეალურმა ზრდამ 5.1 % შეადგინა, ხოლო II კვარტალში – 4.7 %.

ფასების დონე

2016 წლისათვის ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენდა 5 %-ს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის ბოლოსათვის წლიურმა ინფლაციამ 4.9 %-ი შეადგინა, 2016 წელს ინფლაცია კლების ტენდენციით ხასიათდებოდა და აგვისტოს თვიდან ინფლაციის მაჩვენებელი 1 %-ზე დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდა. დეკემბერში ინფლაციის ტემპმა შედარებით მოიმატა და 1.8 %-ს გაუტოლდა. შედეგად, 2016 წელს საშუალო წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩა მიზნობრივ მაჩვენებელს და შეადგინა 2.1 %-ი, რასაც განაპირობებდა ინფლაციის შემცირებული მოლოდინები და შემცირებული იმპორტირებული ინფლაცია: ფასების მკვეთრი შემცირება საწვავისა და სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. საბაზო ინფლაცია გაუტოლდა 1.8 %-ს.

2017 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი 4 %-ს შეადგენს. სექტემბერში, სამომხმარებლო ფასების ინდექსი საქართველოში 6.2 %-ით გაიზარდა. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში შეადგენდა 4.5 %-ს. რაც შეეხება საშუალო წლიურ ინლაციის დონეს, იგი 4.5 %-ის ნიშნულზეა.

ბიზნეს-სექტორის ბრუნვა

2016 წელს ბიზნეს სექტორის ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 13.3 %-ით არის გაზრდილი. საწარმოთა მიერ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება 14.6 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.1 %-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში – 16.9 %-ით. ზრდის ტენდენციით ხასიათდება პროდუქციის გამოშვებაც და 18.9 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს.

საგარეო ვაჭრობა

2017 წლის იანვარში ექსპორტის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და 44.7 %-ი შეადგინა, თებერვალში ზრდა 13.0 %-ი იყო, მარტში 36.4 %-ი, აპრილში 28.0, მაისში 25.0 %-ი, ივნისში – 37.4, ივლისში – 22.4, ხოლო აგვისტოში – 25.6. ჯამურად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის ზრდამ ნომინალურ გამოხატულებაში 28.5 %-ი შეადგინა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ფეროშენადნობების (წვლილი ზრდაში 7.5 %-ული პუნქტი), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (წვლილი ზრდაში 5.4 %-ული პუნქტი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (წვლილი ზრდაში 2.6 %-ული პუნქტი) და მედიკამენტების ექსპორტში (წვლილი ზრდაში 2.3 %-ული პუნქტი), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (წვლილი ზრდაში 1.1 %-ული პუნქტი). პირველი რვა თვის მონაცემებით, საქონლის ექსპორტი 28.5 %-ითაა გაზრდილი. ზრდა მნიშვნელოვნად განპირობებულია ექსპორტის რეალური ზრდით.

დასაქმება

2016 წელს ბიზნეს სექტორში 36.3 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ათასი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 605.0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.7 %-ით აღემატება, ხოლო მეორე კვარტალში 30.3 ათასი კაცით (5 %-ით) მეტი დასაქმდა და სულ დასაქმებულთა რაოდენობამ 631.3 ათასი შეადგინა.

2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ფინანსთა სამინისტროს პუბლიკაციაში ”მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები. სექტემბერი 2017”.

***

სტატია შექმნილია ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება