კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

5 ნაბიჯი მცირე ბიზნესის დასაწყებად

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მცირე ბიზნესს იწყებს, უნდა იყოს გამჭრიახი და საკუთარი საქმის მცოდნე, ჰქონდეს რწმენა და შეეძლოს რისკების გათვალისწინება. ამის გარდა, მონდომებულ მეწარმეს წარმატების მისაღწევად კონკრეტული ეტაპების გავლა მოუწევს:

ჩაატარეთ კვლევა

მნიშვნელობა არ აქვს მცირე ბიზნესს იწყებთ თუ დიდს. პირველი ნაბიჯია ბაზრის კვლევის ჩატარება. შეისწავლეთ თქვენი პოტენციური ბაზრები, კონკურენტები და შესაძლო კონკურენტული უპირატესობები, კლიენტები, მომწოდებლები, გაყიდვის არხები, რისკები და შესაძლებლობები… კარგად შესწავლილი სამოქმედო არეალი ხელს შეგიწყობთ საქმის კარგად დაგეგმვაში, მნიშვნელოვნად შეამცირებს ბიზნესის მარცხის რისკს და თავიდან აგაცილებთ მცირე საწარმოთა დიდი ნაწილის მიერ დაშვებულ შეცდომებს.

შექმენით ბიზნეს-გეგმა

როდესაც შეისწავლით ბაზარს, შექმენით ბიზნეს-გეგმა, რომელიც პრობლემების გადაჭრის და შესაძლებლობების გამოყენების გზას გაჩვენებთ. სჯობს მეწარმემ ბიზნეს-გეგმის შემუშავებაზე საქმის დაწყებამდე დახარჯოს რესურსი, ვიდრე დაუგეგმავად საქმიანობის დაწყების დღიდანვე ისეთი პრობლემების წინაშე დადგეს, როგორებიცაა  ნაღდი ფულის მართვა, არაზუსტად გათვლილი ფასები და არასწორი მარკეტინგული სტრატეგია.

გაესაუბრეთ მომხმარებლებს

პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება შეგიძლიათ უბრალოდ ტელეფონის ყურმილის აღებით და ამ პრობლემით უკმაყოფილო ადამიანებთან დარეკვით. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ როგორც ექიმებს, ისე პაციენტებს და იკითხოთ რამდენად სასარგებლო იქნება თქვენი ბიზნეს იდეა – მაგალითად, ვიზიტის დასაჯავშნი ვებ-აპლიკაცია.

განახორციელეთ იდეა

თუ ბიზნეს-იდეის საჭიროება დამტკიცდება პოტენციურ მომხმარებელთა მიერ, უკვე შეგიძლიათ ბიზნეს-გეგმის მოქმედებაში მოყვანაზე იზრუნოთ. ეს ის ეტაპია, როცა მცირე ბიზნესების მფლობელთა უმეტესობა ყოყმანს იწყებს. მათ აშინებთ უამრავი რისკი, რაც დაგეგმილი სტადიების განხორციელების გზაზე შეიძლება შეხვდეთ. მიუხედავად ამისა, თუ ბიზნესმენმა წინა 3 ეტაპი გაიარა, საერთო რისკი შემცირებულად შეიძლება ჩაითვალოს პოტენციურ მომხმარებელთა მიერ იდეის დადასტურების გამო. ამის შემდეგ, თქვენ უნდა გაყიდოთ პროდუქტი ან მომსახურება იმ მომხმარებლებზე, რომელთანაც უკვე დაამყარეთ კავშირი.

არ გაჩერდეთ ერთ ადგილზე

ერთადერთი მუდმივი ცვლადი ბიზნესში არის ცვლილება. თითოეული ნაბიჯი შეიძლება სრულყოფამდე მიიყვანოთ და თითოეული იდეის საჭიროება დაამტკიცოთ, მაგრამ საქმე მაინც არ მიდიოდეს გეგმის შესაბამისად. მოარგეთ საკუთარი საქმიანობა დროს. შეიძლება თქვენი ბიზნეს-იდეის მომავალი არც ისე დიდი აღმოჩნდეს, როგორსაც ელოდით. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ უფრო ფართო ხედვა შეიძინოთ და დაინახოთ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები.

***

სტატიის წყაროა investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება