ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

საქართველოს მერძევეობის დარგის მიმოხილვა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოს ნედლი რძის ბაზრის მოცულობა დაახლოებით 0,45 მილიარდი ლარი, ანუ 0.22 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ადგილობრივი რძის წარმოების დაახლოებით მესამედი ინდუსტრიულ გადამუშავებას ექვემდებარება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ბაზრის დიდ წილს შეადგენენ მცირე შინამეურნეობები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი, როგორც ბიზნესოპერატორები და ფორმალურად არ ახდენენ რძის გადამუშავებას. ეს შესაძლებელია წარმოადგენდეს ინვესტიციების საჭიროებისა და პერსპექტივის ინდიკატორს, რადგანაც ბაზარი არ არის საკმარისად განვითარებული.

საქართველოში წარმოებული რძის ხარისხი და უვნებლობა ძირითადად დაბალ დონეზე რჩება უნარ- ჩვევების სიმწირის და რძის მთლიან წარმოებაში პროფესიონალური ფერმების მცირე წილის გამო. მიუხედავად საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა, დანერგოს რძის და რძის პროდუქტების მაღალი ხარისხისა და უვნებლობის ახალი სტანდარტები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ადგილობრივი მერძევეობის დარგი არ არის მზად შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს. რამდენადაც შინამეურნეობებისთვის რთულია ტექნოლოგიების დანერგვა, რათა უპასუხონ სტანდარტების შესაბამის მოთხოვნებს, იზრდება შესაძლებლობები პროფესიონალურად წარმართული ფერმერული საქმიანობის სექტორისთვის იმ სტანდარტების მიღწევისა, რომლებიც ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვის (შინამეურნეობებისთვის) მიუწვდომელია.

ადგილობრივ მოსახლეობაში რძის პროდუქტებზე დიდი მოთხოვნაა. ბოლო წლებში, ეკონომიკის განვითარების შესაბამისად, მოთხოვნის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა – გაზრდილი შემოსავლების გამო უფრო მეტი მომხმარებელი ითხოვს მაღალი ხარისხის რძის პროდუქციას. საქართველო რძის პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა, ბევრად უფრო მეტი იმპორტით, ვიდრე ექსპორტით. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებშიც გააქვთ ქართული ეროვნული რძის პროდუქტები, მაგალითად, სულგუნის ყველი, ქართველი მწარმოებლები ისევ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული რჩებიან. ასე რომ, საქართველოსთვის არსებობს საექსპორტო შესაძლებლობები, რომლებითაც ძალიან ცოტა მწარმოებელი სარგებლობს და ადგილობრივ მწარმოებლებს სჭირდებათ უცხოური რძის პროდუქტების ბაზრებისა და პოტენციური საექსპორტო მიმართულებების ცოდნა.

ქართული ნედლი რძის პირდაპირ ფერმიდან გასაყიდი ფასები სეზონური წარმოების გამო სეზონურად იცვლება. ფასების დინამიკა უცვლელი რჩება წლიდან წლამდე: საძოვრებზე ძოვების პერიოდში, როდესაც წარმოება ყველაზე მეტია, ფასი ყველაზე დაბალია – 0,45 ლარი/კგ. და როდესაც წარმოება მცირდება, ფასი იზრდება 1.2 ლარი/კგ-მდე. მიუხედავად სეზონურობისა, ზოგიერთი ინტენსიური ფერმა დებს გრძელვადიან კონტრაქტს, რომლითაც ისინი ყველა სეზონზე 1 კგ ნედლ რძეს 1 ლარად მიჰყიდიან კონტრაქტორ გადამმუშავებლებს. ამის მიზეზი ზოგადად არსებული მოთხოვნაა რძის მაღალ ხარისხზე და სტაბილურად მიწოდებაზე. ქარხნები ზამთარში ძირითადად დამოკიდებულნი არიან იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რადგან ნედლ რძეს უფრო მაღალი ფასი აქვს იმპორტირებულ მოხდილ რძის ფხვნილთან შედარებით.

ამჟამად საქართველოში მეწველი ფურის საშუალო პროდუქტიულობა ძალიან დაბალია. საქსტატის თანახმად, წველადობა ერთ სულ ძროხაზე დაახლოებით 1421 ლიტრია წელიწადში. დაბალი პროდუქტიულობის ძირითადი მიზეზი ექსტენსიური (რაოდენობრივი და არა, ხარისხობრივი ზრდა) წარმოების ტექნოლოგიები და საქონლის ჯანმრთელობის მენეჯმენტის შესახებ ცოდნის ნაკლებობაა. ინტენსიურ (რაიმე, რაც იძლევა მწარმოებლურობის დონის ზრდის საშუალებას) ფერმებს უფრო დიდი ხარჯი აქვთ, თუმცა წველადობა უფრო მაღალია, ძირითადად – 3500-6000 ლიტრი ერთ სულ ძროხაზე. ამასთან რძის უმეტესობა ექსტენსიური ფერმების მიერ იწარმოება. ინტენსიური ფერმებისთვისაც კი ნახირის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა პრიორიტეტულად რჩება. ცოდნის ნაკლებობა გამოწვეულია პროფესიონალების (ვეტერინარების, კვების ტექნოლოგების, მერძეული ფერმების მართვაში დასპეციალებული მენეჯერების) სიმცირით.

წარმოება

მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად რძის პროდუქტები ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილს წარმოადგენს, საქართველოში არ იწარმოება დიდი რაოდენობით რძე. 2016 წელს ნედლი რძის წარმოების მთლიანი მოცულობა შემცირდა 540,1 მილიონ ლიტრამდე. როგორც საქართველოსთვისაა დამახასიათებელი, ადგილობრივად წარმოებულ რძეს თითქმის მთლიანად ძროხისა და კამეჩის რძე შეადგენს – 98 პროცენტი, დანარჩენი ცხვრისა და თხის რძეა.

საბოლოო მონაცემების მიხედვით რძის წარმოების მთლიანი მოცულობა შემცირდა ბოლო 3 წლის განმავლობაში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებმა 2016 წელს მხოლოდ წარმოებული რძის მთლიანი მოცულობის 1,2 პროცენტი აწარმოეს, 2015 წლის 0,3 პროცეტისგან განსხვავებით. დანარჩენი 98,8 პროცენტი წარმოებული იყო არარეგისტრირებული ფერმების მიერ, რომელთაც ოფიციალურ სტატისტიკაში „შინამეურნეობები“ ეწოდებათ.

მიჩნეული იყო, რომ 2014 წლამდე ძროხების სულადობა იზრდებოდა. თუმცა, 2015 წელს შეინიშნება შემცირება, რაც შესაძლებელია დაბალპროდუქტიულ ძროხებიანი მწარმოებლების შემცირებული მოგების მარჟით აიხსნას. შემცირებულმა წარმოების მოგების მარჟამ 2015 წელს გამოიწვია საქონლის დაკვლის რაოდენობის მომატება, რამაც თავის მხრივ შეამცირა საქონლის სულადობა. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით რძის წარმოების შემცირებასთან ერთად, პროდუქტიულობა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობაც შემცირდა. თუმცა პროფესიონალური სარძეო ფერმების რაოდენობა და მათი მწარმოებლურობა გაიზარდა, რამაც თავის მხრივ შეამცირა წარმოების მთლიანი მოცულობა და მთლიანი საშუალო პროდუქტიულობა. რაც შეეხება 2016 წელს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა კვლავ შემცირდა, მაგრამ გაიზარდა პროდუქტიულობა.

საქართველოში რძის წარმოება კონცენტრირებულია იმ რეგიონებში, სადაც ამისთვის საუკეთესო კლიმატური პირობებია (სამეგრელო და თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლი). დასავლეთ საქართველოში საკმაოდ ზომიერი კლიმატია კულტურების საწარმოებლად ცხრათვიანი აქტიური ვეგეტაციის პერიოდით, რაც საფურაჟე ბალახის ცხრა მოთიბვის და სიმინდის სასილოსედ ორჯერ წარმოების საშუალებას იძლევა. თბილისთან, როგორც საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ყველაზე მსხვილი მოხმარების ცენტრთან, სიახლოვეს ასევე თავისი უპირატესობა აქვს, რადგან ფერმერებს შეუძლიათ მეტ ფასად გაყიდონ რძე. ბოლო წლებში რამდენიმე რეგიონის ძროხების მთლიან სულადობაში გაზრდილი წილი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ საქართველოში დაიწყო რძის წარმოების სპეციალიზაცია და ინტენსიფიკაცია. ინტენსიური ფერმები კონცენტრირებულია კახეთში და ქვემო ქართლში, რომლებიც ახლოს არიან თბილისთან. იხილეთ სრული მიმოხილვა ბმულზე.

***

სტატიის წყაროა georgiandairy.org

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება