ოთხშაბათი , აპრილი 24 2024
geen

სტარტაპ საქართველო: აგროპარკი

„სტარტაპ საქართველო” სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. იგი ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მისი მიზანია საქართველოში ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებისთვის ხელშეწყობა. პროგრამა ერთობლივად მომზადდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

ბიზნეს იდეა ინოვაციურ ან მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს უნდა ითვალისწინებდეს. ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. „სტარტაპ საქართველოს“ თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე. ცალკეული პროექტის მთლიანი ბიუჯეტის ოდენობა არ არის შეზღუდული. მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეა შეიძლება იყოს: ავიაკოსმოსური წარმოება, ავტომობილები, ხელოვნური ინტელექტი, ბიტექნოლოგიები, ბიოინფორმატიკა და ა.შ.

სტარტაპ საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული პროექტია “აგროპარკი

აგროპარკი

პროექტი გულისხმობს პლატფორმის შექმნას, სადაც შესაძლებელია უკვე გაშენებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების განთავსება (რომელზეც გაშენებულია სხვადასხვა სახის კულტურა) და მათი შეთავაზება ინვესტორებისთვის. აღნიშნული ნაკვეთის შეძენისას ინვესტორი გააფორმებს მენეჯმენტის კონტრაქტს ბაზარზე არსებულ გამოცდილ კომპანიასთან (ოპერატორთან). აგროპარკის პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებს, მცირე ინვესტიციით (მაგალითად, შესაძლებელი იქნება გაშენებული ბაღის შეძენა 50 მ2-დან) გახდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელები.

პლატფორმა და შემოთავაზებული პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სეგმენტზე, რომელთა სურვილია ინვესტიცია განახორციელონ სოფლის მეურნეობაში და ასევე არ მიიღონ მონაწილეობა საოპერაციო საქმიანობაში (Silent Partner). ამასთან ერთად, მიწის დაყოფა მცირე ნაწილებად უფრო ლიკვიდურს ხდის ასეთ ინვესტიციას და შესაძლებლობასს აძლევს ინვესტორს განახორციელოს მცირე ინვესტიცია საწყის ეტაპზე.

პირველ ეტაპზე დაგეგმილი იყო სხვადასხვა მსხვილი ფერმერების მოძიება, რომელთაც სურვილი ექნებოდათ სხვადასხვა მიზეზის გამო გაეყიდათ კუთვნილი ბაღის/პლანტაციის მცირე ნაწილი (ჯამურად 20 ჰა) და ამავდროულად მიეღოთ სარგებელი (Management Fee) აღნიშნული პლანტაციის მართვის სანაცვლოდ. შემდგომ მოხდებოდა მიწის ნაკვეთების დანაწევრება მცირე ნაწილებად და მათი განთავსება პლატფორმაზე. პლატფორმაზე შესაძლებელია მიწის ნაკვეთების შესყიდვა, ასევე გადაწყვეტილების მიღება მიღებულ მოსავალთან დაკავშირებით (საბაზრო ღირებულებით გაყიდვა ან გაცვლა (მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში ღვინის მიღება), კუთვნილი მიწის გაყიდვა სხვა ინვესტორზე და ა.შ.

წარმატების ისტორია

“სტარტაპ-საქართველოსა” და “აგროპარკს” შორის საპარტნიორო შეთანხმება 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა და თანამშრომლობის მაქსიმალური ვადა 5 წლით განისაზღვრა. შეთანხმების გაფორმებიდან 8 თვის შემდეგ”აგროპარკმა” საპარტნიორო ფონდს მიერ ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტირებული თანხა დააბრუნა და ფონდის კუთვნილი წილი სრულად გამოისყიდა.

ეს არის სტარტაპ-საქართველოს ფუნქციონირების მანძილზე პირველი პრეცენდენტი, როცა სტარტაპერმა ინვესტირებული თანხა დააბრუნა და ბიზნესის წარმოებას დამოუკიდებლად განაგრძობს .

 

***

სტატია შექმნილია სტარტაპ საქართველოს ინფორმაციის საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება