პარასკევი , მარტი 29 2024
geen
Success ahead sign

მეწარმის წარმატებისთვის საჭირო უნარები

ყოველ მეწარმეობის მსურველ ან უკვე არსებულ მეწარმეს მოსვენებას არ აძლევს ერთი უნივერსალური კითხვა: “მაქვს თუ არა ყველაფერი, რაც საჭიროა მეწარმეობისთვის?”. ინტერნეტი სავსეა იდეებით, რჩევებითა და გენიალური ფრაზებით, მაგრამ შეკითხვა საჭირო უნარების ფლობასთან დაკავშირებით, მაინც აქტუალური რჩება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ 17 უნარს, რომლებსაც ყველა წარმატების მსურველი მეწარმე უნდა ფლობდეს.

1. ფულის მართვის უნარი

მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფულის მართვა არ შეგიძლიათ, ვერც ბიზნესს მართავთ. იცით სად მიდის თქვენი ფული თითოეულ თვეს? ახერხებთ იმაზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრებას, ვიდრე გამოიმუშავებთ? თუ ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითია, მაშინ საკუთარი ბიზნესის ბიუჯეტის მართვაც გაგირთულდებათ.

2. ფულის შოვნის უნარი

იმ შემთხვევაში თუ ფულის მართვის უნარს ფლობთ, შეძლებთ იშოვოთ მეტი? როგორც წესი, ინვესტიციის მოსაზიდად თქვენ უნდა იცოდეთ არა მხოლოდ მისი წყარო, არამედ შეგეძლოთ იმის დამაჯერებელი პრეზენტაცია ინვესტორთან, რომ თქვენს ბიზნესში ფულის დაბანდება სწორი რისკია.

3. სტრესისგან გათავისუფლების უნარი

სტრესი მნიშვნელოვანი საკითხია. თუ საკუთარ თავს უფლებას მისცემთ, რომ ადვილად შეწუხდეს და აღელდეს ბიზნესის ყოველი მარცხის დროს, თქვენ გაგირთულდებათ მეწარმეობაც. აუცილებელია სტრესის სასარგებლოდ გამოყენების სწავლა.

4. პროდუქტიულობის უნარი

პროდუქტიულობა კომპლექსური საკითხია, რადგან არ არსებობს ყველაზე მორგებული უნივერსალური გზა მის მისაღწევად. შეისწავლეთ ყოველი მომენტი, როდესაც თქვენი ენერგია პიკს აღწევს, რუტინული პერიოდები და თქვენთვის გამოსადეგი პროდუქტიულობის მისაღწევი ინსტრუმენტები. ამგვარად შეძლებთ ჩამოაყალიბოთ საკუთარი წარმატების გეგმა.

5. მეწარმეებთან დამეგობრების უნარი

ცნობილი მეწარმის ჯიმ რონის აზრით “ადამიანი იმ ხუთი პიროვნების საშუალო არითმეტიკულია, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს”. ასე რომ, ვინ გინდათ იყოთ? გაზარდეთ წარმატების შანსები მეწარმე მეგობრების პოვნით, რომლებიც გაიგებენ თქვენს “ბრძოლებს” და მოგცემენ ყველაზე საჭირო ცოდნას.

6. ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენის უნარი

თქვენ, როგორც ბიზნესის მფლობელს, ყველაფერში სრულყოფილება არ მოგეთხოვებათ. თუმცა თქვენ უნდა შეგეძლოთ იმის გააზრება, სად ხართ ძლიერი და სად – სუსტი. ამისი შეფასება დაგეხმარებათ გააცნობიეროთ რატომ მიიღეთ ესა თუ ის ბიზნეს-გადაწყვეტილება, რატომ აწარმოეთ მოლაპარაკებები კონკრეტულ პარტნიორებთან, რატომ დაიქირავეთ არსებული თანამშრომლები და ა.შ.

7. ეფექტური ხალხის დაქირავების უნარი

კადრების სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, რაც შეიძლება მეწარმეს ჰქონდეს. განსაკუთრებული ხალხის თქვენს გუნდში მიღება ახალ ძალებთან წვდომას მოგცემთ და დაგეხმარებათ ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაში, რომლის ნაწილიც გინდათ რომ იყოთ. კარგი კადრების აყვანა ხელს შეგიწყობთ მოხვდეთ თქვენთვის სასურველ პოზიციაში.

8. ახალი კადრების მომზადების უნარი

როდესაც სამსახურში ახალ თანამშრომელს იღებთ, მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ მან ზუსტად იცის რისი გაკეთება მოეთხოვება და რისი – არა. ეს თქვენს კომპანიას სწორი მიმართულებით მოძრაობაში დაეხმარება და ამასთანავე გაზრდის კარგი თანამშრომლების თავდადების დონეს.

9. კადრების მართვის უნარი

სწორი კადრების შერჩევის შემდეგ. მათი მართვაც მოგიწევთ. თუ ამ ეტაპზე არ იცით როგორ მართოთ გუნდი, გამოყავით დრო და შეისწავლეთ თქვენი უნარები მოტივირებაში, ადამიანების მხარდაჭერასა, და გამხნევებაში.

10. SEO-ს (Search Engine Optimizer – საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია) მართვის უნარი

თავდაპირველად თქვენ მოგიწევთ ყველა დეპარტამენტის ფუნქციების შესრულება. ამისათვის კი საჭიროა SEO-ს და ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპების გაგება. თუ ამისთვის მზად არ ხართ, გირჩევთ ცოტა ხნით გადადოთ ბიზნესის დაწყება.

11. ამოცანის ორ ნაწილად გაყოფის უნარი (A/B)

ამოცანის გაყოფა მარტივი პროცესია. იგი მოიცავს სცენარის 2 სხვადასხვა გზით განხორციელებას და მისი მიზანია შესაძლო ცვლილებების გამოვლენა. ეს მეთოდი ზოგადად ვებ-გვერდების ეფექტურობის მისაღწევად გამოიყენება, მაგრამ იგივე წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ პროექტის მენეჯმენტსა და მარკეტინგშიც.

12. სოციალური ქსელებით კავშირის დამყარების უნარი

SEO და სოციალური ქსელები ნებისმიერი ბიზნესის მარკეტინგული სტრატეგიის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. თქვენ მოგიწევთ თითოეული პლატფორმის არა მხოლოდ გაგება, არამედ საუკეთესო სტრატეგიებით შეიარაღება თქვენი სტარტაპისა და პერსონალური ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად.

13. მომხმარებელზე ფოკუსირების უნარი

მომხმარებლის გარეშე თქვენ ბიზნესი ვერ გექნებათ. დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება ფოკუსირებულია რეალური მომხმარებლის საჭიროებებზე. თუ არ იცით ამის შესახებ, მაშინ გამოიკვლიეთ და დასვით კითხვები მანამ, სანამ არ შეძლებთ საუკეთესო მომსახურების გაწევას მომხმარებლისთვის.

14. გაყიდვის უნარი

მყიდველის დარწმუნება იმაში, რომ გესმით მათი მოთხოვნილებების მნიშვნელოვანია, მაგრამ არანალებ მნიშვნელობას ატარებს მათი მიყვანა იმ მდგომარეობამდე, როცა შეძლებენ პროდუქტის/მომსახურების ყიდვას. ეს ის ეტაპია, როცა გამყიდველები ჩიხში შედიან. თუ არ ფლობთ საჭირო უნარებს, შეგიძლიათ საკუთარ თავზე მუშაობა სხვადასხვა “ვორქშოპის” საშუალებით.

15. ახალი ტენდენციების შემჩნევის უნარი

ბიზნესი სწრაფი ტემპით მოძრაობს. ამის გამო უნდა შეძლოთ თქვენს ინდუსტრიაში მოსალოდნელი ცვლილებების დანახვა. ფეხი აუწყეთ ახალ სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში საფრთხედ შეიძლება მოევლინონ თქვენს ბიზნესს.

16. მარცხთან გამკლავების უნარი

არცერთი ბიზნეს წამოწყება არ არის მუდმივად წარმატებული. აუცილებელია იცოდეთ როგორ უნდა მოახდინოთ რეაგირება ნებისმიერი წარმატებისა თუ მარცხის შემთხვევაში. დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს გამარჯვებამდე მრავალჯერ აქვს გამოცდილი წარუმატებლობა. მარცხი არ არის დასასრული – შეხედეთ მას, როგორც წარმატებისთვის საჭირო მონაცემს.

17. მსოფლიოს გაუმჯობესების სურვილი

საბოლოო ჯამში, საუკეთესო და ყველაზე მტკიცე მოტივაცია მსოფლიოში დადებითი ცვლილების შეტანაა. როდესაც ფოკუსირებას საკუთარ ბიზნესსა და წარმატებაზე ახდენთ, აღმოაჩენთ რომ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ქარტეხილისთვის მზად ხართ. მეწარმეობა მნიშვნელოვანი ამოცანაა, მაგრამ ყველა ზემონახსენები უნარი შესწავლადია. თუ ამჩნევთ, რომ რომელიმე მათგანი არ გაქვთ, შეიძინეთ! თქვენი წარმატება ამაზეა დამოკიდებული.

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება