პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

მენტალურად ძლიერი ადამიანების 15 ჩვევა: ნაწილი III

ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა საკუთარი მენტალური სიძლიერე გამოწვევის წინაშე დგება. გამოწვევა შეიძლება იყოს ტოქსიკური მეგობარი ან კოლეგა, წარუმატებელი სამსახური ან დაძაბული პირადი ურთიერთობა. ასეთ სიტუაციებში საჭიროა მოვლენების დანახვა ახალი პერსპექტივიდან და გადამწყვეტი ზომების მიღება. ეს მარტივად ჟღერს. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა კარგი მეგობრები, კარგი სამსახური და ასევე ჰარმონიული პირადი ცხოვრება. მაგრამ ამის მიღწევა არც ისე მარტივია.

ძნელია იყოთ მენტალურად ძლიერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ ადგილზე ხართ “დაბმული”. წინააღმდეგობების დაძლევა და გაბედული ნაბიჯების გადადგმა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. მენტალურად ძლიერი ადამიანები ფლობენ ამ უნარს, რითიც გამოირჩევიან მასისგან. რასაც სხვები გადაულახავ ბარიერად ხედავენ, ისინი დაძლევად გამოწვევად აღიქვამენ.

როცა 1914 წელს თომას ედისონის კომპანია მთლიანად დაიწვა, რამაც $23 მილიონის ზარალი მიაყენა, ედისონის პასუხი შემდეგი იყო: “მადლობა ღმერთს ყველა ჩვენი შეცდომა დაიწვა. ახლა შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ”. ედისონის რეაქცია მარტივი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა დაინახო შესაძლებლობები და მიიღო ზომები მათ გამოსაყენებლად მაშინაც კი, როცა საქმე არასახარბიელოდ მიდის. მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან სტრატეგიები, რომელთა გამოყენება დღეიდან თქვენც შეგიძლიათ:

ისინი ვარჯიშობენ

აღმოსავლეთ ონტარიოს კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში ორჯერ ვარჯიშობდნენ 10 კვირის განმავლობაში სოციალურად, ინტელექტუალურად და ათლეტურად კომპეტენტურად გრძნობდნენ თავს. ვარჯიშის შემდეგ მათ უფრო მაღალი შეფასება მისცეს საკუთარ გარეგნობასა და თავდაჯერებას. ფიზიკურ ცვლილებებზე მეტი დადებითი ეფექტი ვარჯიშის დროს ჭარბად გამოყოფილმა ენდორფინებმა იქონია.

საკმარის დროს უთობენ ძილს

ძილის დროს ტვინი განდევნის ტოქსიკურ პროტეინებს, რომლებიც ღვიძილის დროს ნერვული აქტივობის სუბპროდუქტებია. თქვენს ტვინს მათგან გათავისუფლება ადეკვატურად მხოლოდ ძილის დროს შეუძლია. როცა საკმარისად არ გძინავთ, აღნიშნული მომწამვლელი პროტეინები ტვინის უჯრედებში რჩება, რაც აზროვნების უნარის შესუსტებას იწვევს. ამას დიდი რაოდენობით კოფეინიც ვერ უშველის. მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ მათი თვითკონტროლი, ფოკუსი და მეხსიერება მცირდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ საკმარისი ძილის დოზას, ამიტომ ისინი ხარისხიან ძილს მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევენ.

აკონტროლებენ კოფეინის მოხმარებას

ჭარბი რაოდენობის ყავის სმა ორგანიზმში ადრენალინის გამოყოფას იწვევს, რომელიც „შეებრძოლე  ან გაიქეცი“ (fight-or-flight) რეაქციის წყაროა. აღნიშნული მექანიზმი რაციონალურ აზროვნებას ეწინააღმდეგება გადარჩენისთვის გამიზნული სწრაფი რეაქციით. მაგ: თუ დათვი გამოგეკიდებათ, სხეულის რეაქცია „შეებრძოლე  ან გაიქეცი“ ეფექტური იქნება, მაგრამ ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში, როცა განსხვავებული ხასიათის პრობლემაა გადასაჭრელი ეს მექანიზმი მხოლოდ ხელის შემშლელ ფაქტორად გვევლინება.  როცა კოფეინს თქვენი ტვინი სტრესის მიმართ აღგზნებულ მდგომარეობაში გადაჰყავს, თქვენი ემოციები წინ უსწრებს ქცევას.

პატიებისთვის ბოდიშს არ ელოდებიან

ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ ცხოვრება გაცილებით ადვილია, როცა წყენას ივიწყებ და პატიობ მათაც, ვისაც არასდროს უთქვამთ ბოდიში. წყენა  წარსულში მომხდარ ნეგატიურ მოვლენებს საშუალებას აძლევს დაანგრიონ თქვენი დღევანდელი ბედნიერება. სიძულვილი და ბრაზი ემოციური პარაზიტებია, რომლებიც განდევნიან მხიარულებას თქვენი ცხოვრებიდან. მათგან წარმოშობილი ნეგატიური ემოციები სტრესს იწვევს ორგანიზმში, რასაც სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს (ფიზიკური და მენტალური). როცა თქვენ პატიობთ ადამიანს, ეს იმას არ ნიშნავს რომ ივიწყებთ მის საქციელს, ეს უბრალოდ გათავისუფლებთ ამ საქციელის სამუდამო ტყვეობიდან.

ისინი დაუღალავად პოზიტიურნი არიან

თვალი გადაავლეთ ახალ ამბებს და დაინახავთ ომის, ძალადობრივი თავდასხმების, ეკონომიკური კრიზისების, კომპანიების გაკოტრებისა და ბუნებრივი კატასტროფების უწყვეტ ჯაჭვს. ადვილია იფიქროთ, რომ სამყარო უფსკრულისკენ მიექანება. შეიძლება ასეა, შეიძლება – არა. ძლიერი ადამიანები ამაზე არ დარდობენ, რადგან მათ არ შეუძლიათ ამის კონტროლი. იმის მაგივრად რომ ერთ ღამეში დაიწყონ რევოლუცია, ისინი ენერგიის ფოკუსირებას 2 რამეზე ახდენენ : საკუთარ ყურადღებასა და მცდელობაზე.

იხილეთ სტატიის I და II ნაწილი.

***

სტატიის წყაროა: entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება