ხუთშაბათი , მარტი 28 2024
geen

ეკონომიკური ტენდენციები: ფასების დონე, საგარეო ვაჭრობა

ფასების დონე

საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2017 წლისთვის წლიური ინფლაცია 6.0 %-ს შეადგენდა, რაც მიზნობრივ 4 %-იან მაჩვენებელზე მაღალია. თუმცა, მიზნობრივიდან აღნიშნული გადახრა გამომდინარეობს ერთჯერადი ფაქტორებიდან, რაც დაკავშირებულია 2017 წელს განხორციელებული ფისკალური რეფორმის შედეგად აქციზის გადასახადის ცვლილებით (თამბაქოზე, საწვავსა და ავტომობილებზე).

2017 წლის დეკემბერში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6.7 %-ით გაიზარდა. საბაზო (არასასურსათო ინფლაცია, ენერგომატარებლების გარეშე) ინფლაცია შესაბამის პერიოდში შეადგენდა 4.7 %-ს. მთელი წლის განმავლობაში საბაზო ინფლაცია მიზნობრივის გარშემო მერყეობდა.

რაც შეეხება 2018 წელს, იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, ხოლო თებერვალში – 2.7 %-ით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში 1.7 %-ს შეადგენდა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 3.4 %-ით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.3 %), რძე, ყველი და კვერცხი (6.2 %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.9 %), ყავა, ჩაი და კაკაო (3.3 %), ზეთი და ცხიმი (2.7 %), თევზეული (2.6 %);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 7.4 %-ით, რაც 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.8 %), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (2.9 %);
  • ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.9 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 %) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9 %). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11.1 %);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4.3 %-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (5.7 %), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.3 %) და საავადმყოფოების მომსახურება (2.6 %).
საგარეო ვაჭრობა

რეგიონში ეკონომიკის გაჯანსაღება კარგად აისახა საქართველოს ექსპორტზე და 2017 წლის დეკემბერში ექსპორტის ზრდამ 50.0 % შეადგინა, ჯამურად კი, 2017 წელს ექსპორტი 29.1 %-ით გაიზარდა. ექსპორტის ზრდა გაგრძელდა 2018 წლის იანვარშიც, როდესაც ექსპორტის 26.0 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ნავთობი და ნავთობპროდუქტების (წვლილი ზრდაში 6.2 პროცენტული პუნქტი), მსუბუქი ავტომობილების (წვლილი ზრდაში 2.8 პროცენტული პუნქტი), სიგარების (წვლილი ზრდაში 2.1 პროცენტული პუნქტი), ფეროშენადნობების (წვლილი ზრდაში 2.1 პროცენტული პუნქტი), ყურძნის ნატურალური ღვინოების (წვლილი ზრდაში 1.7 პროცენტული პუნქტი) და დაუმუშავებელი ოქროს (წვლილი ზრდაში 1.7 პროცენტული პუნქტი) ექსპორტში.

2014 წლის აგვისტოდან დაიწყო ექსპორტის კლება. შემობრუნების ტენდენცია, შეინიშნება 2015 წლის მესამე კვარტლიდან, როდესაც ექსპორტის შემცირებაში ფასისმიერი ეფექტი დომინირებდა და რეალურ გამოხატულებაში ექსპორტმა კლება შეწყვიტა.

2015 წლის მეორე კვარტლიდან გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე დაიწყო იმპორტის კორექტირება და იმპორტის შემცირების ტენდენცია 2016 წლის მაისამდე გაგრძელდა. მაისიდან საინვესტიციო საქონლის იმპორტის მნიშვნელოვანმა ზრდამ, რაც ძირითადად მანქანა-დანადგარების (მათ შორის: გენერატორების, სამედიცინო აპარატურის, გამომთვლელი მანქანების, სამრეწველო დანადგარების და ა.შ) იმპორტის ზრდით იყო გამოწვეული, მთლიანი იმპორტის ზრდა განაპირობა. ასევე, პერიოდულად მაღალი იყო შუალედური საქონლის იმპორტის (მათ შორის მანქანა-დანადგარების ნაწილების და საწვავი და საცხები მასალების) ზრდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამომხმარებლო საქონლის იმპორტის ზრდამ, რაც ნავთობპროდუქტების იმპორტს უკავშირდება. ჯამურად, წლის განმავლობაში დადებითი წვლილი მხოლოდ საინვესტიციო საქონლის იმპორტის შემთხვევაში ფიქსირდება. ჯამურად, იმპორტში 9.4 %-იანი ზრდა დაფიქსირდა 2017 წელს. მაღალი ზრდა დაფიქსირდა სამომხმარებლო და შუალედური საქონლის იმპორტში.

2017 წელს ექსპორტი 29.1 %-ით გაიზარდა, რაც ნომინალურად 614.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამავე პერიოდში იმპორტის ზრდა 9.4 %, ანუ 684.8 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 70.0 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება 2018 წლის იანვარს, ექსპორტი 26.0 %-ით ანუ 46 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 18.2 % შეადგინა, რაც 91.4 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 45.5 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება