სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

მენტალურად ძლიერი ადამიანების 15 ჩვევა: ნაწილი II

ყველა ჩვენგანს ჰქონია ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა საკუთარი მენტალური სიძლიერე გამოწვევის წინაშე დგება. გამოწვევა შეიძლება იყოს ტოქსიკური მეგობარი ან კოლეგა, წარუმატებელი სამსახური ან დაძაბული პირადი ურთიერთობა. ასეთ სიტუაციებში საჭიროა მოვლენების დანახვა ახალი პერსპექტივიდან და გადამწყვეტი ზომების მიღება. ეს მარტივად ჟღერს. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა კარგი მეგობრები, კარგი სამსახური და ასევე ჰარმონიული პირადი ცხოვრება. მაგრამ ამის მიღწევა არც ისე მარტივია.

ძნელია იყოთ მენტალურად ძლიერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთ ადგილზე ხართ “დაბმული”. წინააღმდეგობების დაძლევა და გაბედული ნაბიჯების გადადგმა დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. მენტალურად ძლიერი ადამიანები ფლობენ ამ უნარს, რითიც გამოირჩევიან მასისგან. რასაც სხვები გადაულახავ ბარიერად ხედავენ, ისინი დაძლევად გამოწვევად აღიქვამენ.

როცა 1914 წელს თომას ედისონის კომპანია მთლიანად დაიწვა, რამაც $23 მილიონის ზარალი მიაყენა, ედისონის პასუხი შემდეგი იყო: “მადლობა ღმერთს ყველა ჩვენი შეცდომა დაიწვა. ახლა შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ”. ედისონის რეაქცია მარტივი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა დაინახო შესაძლებლობები და მიიღო ზომები მათ გამოსაყენებლად მაშინაც კი, როცა საქმე არასახარბიელოდ მიდის. მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან სტრატეგიები, რომელთა გამოყენება დღეიდან თქვენც შეგიძლიათ:

მათ იციან რომ სინანულის ნომერ პირველი წყარო შიშია

არასოდეს შეგეშინდეთ გარისკვის. სინანულს გამოუყენებელი შეცდომები უფრო იწვევს, ვიდრე განცდილი წარუმატებლობები. საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა შეცდომებით ცხოვრებასა და შეცდომების დავიწყებას შორის. პირველი მათგანი ზედმეტ სიფრთხილეს და მარცხის შიშს იწვევს. მეორე მხრივ, შეცდომების სრული დავიწყება მათი მუდმივი განმეორების შესაძლებლობას ბადებს. ბალანსის გასაღები თქვენს უნარშია მოახდინოთ წარუმატებლობის ტრანსფორმაცია საკუთარი თავის გაუმჯობესების შესაძლებლობად. ეს ბადებს ტენდენციას, რომ ყოველი “დაცემის” დროს თქვენს თავდაპირველ მიმართულებას დაუბრუნდეთ.

ისინი იღებენ მარცხს

წარმატების გზა წარუმატებლობებითაა სავსე. არავის გამოუცდია ისეთი გამარჯვება, რომელსაც წინ არ უძღოდა მარცხი. თქვენი შეცდომები გიჩვენებენ მიზნის მიღწევის სწორ გზას არასწორი გზების გამოვლენით. ყველაზე დიდი გარღვევები მაშინ ხდება, როცა გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ეს მდგომარეობა გაიძულებთ იფიქროთ განსხვავებულად, იაზროვნოთ ჩარჩოების გარეშე და დაინახოთ პრობლემის გადაჭრის გზა, რომელსაც აქამდე ვერ ხედავდით.

ბევრს არ დარდობენ საკუთარ შეცდომებზე

მენტალურად ძლიერმა ადამიანებმა იციან, რომ სწორედ ის განსაზღვრავს მათ ემოციურ მდგომარეობას, რაზეც მოახდენენ ფოკუსირებას. როცა განუწყვეტლივ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობთ, ქმნით ნეგატიურ ემოციებსა და სტრესს, რაც არ გაძლევთ ქმედების საშუალებას. და პირიქით, როცა კონცენტრირდებით ქმედებაზე, რომელიც თქვენ და თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, ქმნით საკუთარი ეფექტურობის შეგრძნებას, რაც დადებით ემოციებს აჩენს და აუმჯობესებს თქვენი საქმიანობის შედეგებს.

მოახდინეთ დისტანცირება წარსულში დაშვებული შეცდომებისგან, მაგრამ არ დაივიწყოთ ისინი. მათი უსაფრთხო მანძილზე შენარჩუნებით და ამასთან საჭირო დროს გახსენებით მომავალში შეძლებთ გარდაქმნათ ისინი წარმატებად.

არავის აძლევენ მხიარულების შეზღუდვის უფლებას

ვერასოდეს იქნებით საკუთარი ბედნიერების განმსაზღვრელი, თუ თქვენი სიამოვნებისა და კმაყოფილების წყარო საკუთარი თავის სხვებთან შედარებაა. როცა მენტალურად ძლიერი ადამიანები კარგად გრძნობენ თავს საკუთარი ქმედების გამო, ისინი არავის აზრს არ აძლევენ უფლებას გავლენა იქონიოს მის ბედნიერებაზე.

თქვენ არ გჭირდებათ საკუთარი თავის სხვებთან შედარება. მიიღეთ სხვების კრიტიკა რაციონალური გონებით, მაგრამ არასოდეს მისცეთ მათ მხიარულების ჩაშხამების უფლება.

არ ზღუდავენ სხვების მხიარულებას

ძლიერი ადამიანები ერიდებიან სხვების კრიტიკას, რადგან იციან, რომ ყველა ადამიანისგან შეიძლება ისწავლო რაღაც. საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად მათ არ სჭირდებათ სხვების დამცირება.

ეჭვიანობა და ზიზღი ყველაზე დიდი ენერგოვამპირები არიან. ამ გრძნობებს კი სწორედ სხვებთან მუდმივი შედარება ბადებს. არასოდეს დაკარგოთ დრო და ენერგია სხვებთან მორგებით ან იმაზე წუხილით, რომ ვიღაცის სტანდარტებში არ ჯდებით. მიმართეთ ისინი სხვათა წარმატების დაფასებაზე.

იხილეთ სტატიის პირველი ნაწილი.

***

სტატიის წყაროა: entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება