ოთხშაბათი , აპრილი 17 2024
geen

ეკონომიკური ტენდენციები: მშპ, ეკონომიკური ზრდა

მთლიანი შიდა პროდუქტი

2014-2016 წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის შენელების შემდეგ, 2017 წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი გამოცოცხლება. 2017 წლის პირველ სამ კვარტალში 4.9 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

2017 წლის მესამე კვარტლისთვის, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ვაჭრობა (ზრდა 9.3, წვლილი მთლიან ზრდაში 1.4 %); მშენებლობა (ზრდა 9.3, წვლილი მთლიან ზრდაში 0.7 %); დამამუშავებელი მრეწველობა (ზრდა 4.2, წვლილი 0.4 %); ოპერაციები უძრავი ქონებით (ზრდა 6.3, წვლილი 0.3 %); სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 12.6, წვლილი 0.3 %); ტრანსპორტი (ზრდა 3.8, წვლილი 0.2 %);

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2017 წლის ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7 %-ზე დაფიქსირდა, ნოემბერში – 3.7 %, ხოლო დეკემბერში – 4.7 %. მეოთხე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა, ხოლო ჯამში, 2017 წელს ეკონომიკა 4.8 პროცენტით გაიზარდა.

2017 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი (ზრდა 16.4%, წვლილი 1.0 პ.პ), ოპერაციები უძრავი ქონებით (ზრდა 13.3%, წვლილი 0.7 პ.პ), სასტუმროები და რესტორნები (ზრდა 32.6%, წვლილი 0.6 პ.პ).

მზარდი მაჩვენებლით დაიწყო ეკონომიკური აქტივობა 2018 წელსაც. იანვრის თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის  სტრუქტურა

მთლიანობაში, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 4.9 % შეადგინა. ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ძირითადად გამოწვეული იყო ექსპორტით. მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებამ და პარტნიორ ქვეყნებში არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა პოზიტიური ასახვა ჰპოვა ექსპორტზე, მოხმარებასა და მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე.

ბოლო წლებში, მიუხედავად ეკონომიკური აქტივობის შენელებისა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი იყო. საქართველომ ასევე აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა 2014-2016 წლებში რეგიონში არსებული ზრდის შენელების ფონზე. საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3.4 %-ით გაიზარდა (4.6 % 2014 წელს, 2.9 % 2015 წელს და 2.8 % 2016 წელს), მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

***

სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება