სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

მარკეტინგული მიქსი 4P

მარკეტინგული მიქსი არის მარკეტინგული ინსტრუმენტების ნაკრები, რომელსაც იყენებს კომპანია საკუთარი პროდუქტის მიზნობრივ ბაზარზე გასატანად. იგი შედგება 4 კომპონენტისგან: პროდუქტი (Product), ფასი (Price), ადგილი (Place) და წახალისება (Promotion), რის გამოც მას ხშირად 4P-ს სახელით მოიხსენიებენ.

პროდუქტი

პროდუქტი არის საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს ან სურვილებს. პროდუქტი შეიძლება იყოს მატერიალური (საქონელი) ან არამატერიალური (მომსახურება, იდეა). ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • პროდუქტის დიზაინი, ფორმა, შეფუთვა, ხარისხი
  • პროდუქტის ასორტიმენტი, მრავალფეროვნება, მიქსი, სერიები
  • ბრენდინგი
  • მომსახურებები (პროდუქტთან ერთად გასაყიდი მომსახურება, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, გარანტია)
  • პროდუქტის მართვა მისი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში
ფასი

ფასი არის თანხა, რასაც მომხმარებელი იხდის პროდუქტში. იგი ასევე შეიძლება გულისხმობდეს იმ ღირებულებას, რომელსაც პროდუქტის მოსაპოვებლად თმობს მყიდველი (დრო, ენერგია). ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • საფასო სტრატეგია და ტაქტიკა
  • ფასწარმოქმნა
  • ფასების დაწესებაზე შუამავლებზე ნებართვის გაცემა
  • ფასდაკლებები
  • გადახდის პირობები
ადგილი

ადგილი არის ტერიტორია, სადაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს პროდუქტი. ადგილთან დაკავშირებული ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • სტრატეგიები, როგორიცაა ინტენსიური დისტრიბუცია, შერჩევითი დისტრიბუცია, ექსკლუზიური დისტრიბუცია
  • ფრენჩაიზი
  • ბაზრის მოცვა
  • სადისტრიბუციო არხის წევრების შერჩევა და მათი ურთიერთობები
  • ასორტიმენტი
  • გადაწყვეტილებები გაყიდვის ადგილთან დაკავშირებით
  • ინვენტარი
  • ტრანსპორტი, საწყობები, ლოგისტიკა
პრომოუშენი

ესაა მარკეტინგული კომუნიკაციები, რომლებიც პროდუქტის გაყიდვებს ემსახურება. ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს: რეკლამა, PR, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება. ტიპური მარკეტინგული გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

  • პრომოუშენის მიქსი: რეკლამა, PR, პირდაპირი მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება
  • საკომუნიკაციო სტრატეგია
  • არხი/მედია სტრატეგია – როგორ უნდა მივაღწიოთ მიზნობრივ აუდიტორიამდე
  • შეტყობინების სიხშირე – რა სიხშირის კომუნიკაციაა საჭირო

მომსახურების მარკეტინგში მარკეტინგული მიქსის განვრცობილი ვარიანტი გამოიყენება (7P). ამ შემთხვევაში საწყის 4P-ის ემატება პროცესი (Process), ხალხი (People) და ფიზიკური მტკიცებულება (Physical Evidence). პროცესი მომსახურების მიწოდების თავისებურებებს მოიცავს. ხალხში ყველა ის პირი იგულიხმება, რომელიც მომსახურების შექმნასა და მის მართვაზე მუშაობს, ხოლო ფიზიკური მტკიცებულება არის  მატერიალური საბუთი იმის, რომ სასურველი მომსახურება მომხმარებლის იმედებს არ გააცრუებს (მაგ: სადაზღვევო სერვისი, საგარანტიო მომსახურება). ეს მყიდველს სჭირდება მომსახურების არამატერიალური ხასიათის გამო.

მარკეტინგული მიქსის ყველა ელემენტი ზემოქმედებს ერთმანეთზე. ის საჭიროებს კარგ გააზრებას, მარკეტინგულ კვლევასა და სპეციალისტებთან კონსულტაციას. შედეგიანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მისაღებად სასარგებლოა 4P გამოიყენოთ 4C-სთან ერთად.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება