სამშაბათი , ნოემბერი 19 2024
geen

ინტერვიუ რძის პროდუქტების საწარმო ”ცეზარის” დამფუძნებელთან

მეწარმე ცეზარ კახაძე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ცეზარის“ დამფუძნებელია. ფლობს 2 საწარმოს – ერთი წალკაშია და ერთიც – ხულოში. მან საქმიანობა დღეში 300 ლიტრი რძის გადამუშავებით და 30 ლარით დაიწყო, ახლა კი თვეში ასეულობით ტონა რძეს ამუშავებს.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო ახალგაზრდა მეწარმემ ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა დამწყებ მეწარმეებს.

ინტერვიუ რძის პროდუქტების საწარმო ‘’ცეზარის“ დამფუძნებელ ცეზარ კახაძესთან

როგორ გაჩნდა ბიზნეს-იდეა ყველის წარმოების თაობაზე? რატომ აირჩიეთ ყველი? თუ შეგიძლიათ, მოკლედ მოგვახსენეთ თქვენი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ისტორია.

2006 წელს აჭარიდან ჩამოვსახლდით წალკაში, ამავე წელს დავამთავრე სკოლა და გამიჩნდა სურვილი დამეწყო საქმე, რომელიც წარმატებას მომიტანდა. აქ მეცხოველეობაა კარგად განვითარებული. გაგონილი მქონდა, რომ ყველი საკმაოდ კარგ მოგებას ტოვებდა, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. ადგილობრივი ფერმერებისგან დავიწყე რძის ჩაბარება, დღეში დაახლოებით 300 ლიტრს ვამუშავებდით და როდესაც ერთთვიანი მუშაობის შემდეგ 2 000 ლარამდე მოგება ვნახე, ზუსტად მაშინ გადავწყვიტე ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი.

შემდეგ გამოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მერსი ქორფსი – მცირე ალიანსები“ (რომელიც თავის მხრივ ფინანსდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ). მათ მიერ გადმოცემული გრანტი და კონსულტაციები გახდა კომპანიის განვითარების საფუძველი – თანამედროვე სტანდარტებამდე მივიყვანე საწარმო წალკაში. ამ დონორის დახმარებითა და წალკის საწარმოდან მიღებული შემოსავლებით კიდევ გავზარდე წარმოება – ავაშენე რძის გადამამუშავებელი მეორე საწარმო ხულოში.

თავდაპირველად კომპანია ერთი სახის ყველს – სულგუნს აწარმოებდა. დღეს კი დამატებით ვუშვებთ შებოლილ სულგუნს, იმერულს, ქართულ ყველს (‘’ქარხნულს’’ რომ უწოდებენ), კარაქს და სხვა პროდუქტებს.

როდესაც ბიზნესს ვიწყებდი, არ მქონდა არც დისტრიბუცია, არც პროდუქციის რეალიზაციისთვის საჭირო ავტომობილი, არც კაპიტალი. მქონდა მხოლოდ 30 ლარი და მონდომება ხარისხიანად მეკეთებინა საქმე.

სად ყიდით თქვენს პროდუქციას საქართველოში? აწყდებით თუ არა რამე პრობლემას სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობაში?

დღეს პროდუქციას თბილისში, ბათუმში და ქუთაისში ვყიდით. გარდა ამისა, ვთანამრომლობთ სუპერმარკეტების ქსელებთან ‘’კარფური“, “ნიკორა“, სასტუმროებთან – ‘’შერატონ მეტეხი პალასი“ და ‘’რედისონი.“ რაც შეეხება პრობლემას – ბაზარზე მომზადებული შევედი და რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემა ნამდვილად არ მაქვს.

როგორ შეძელით თქვენი პროდუქციის აშშ-ის ბაზარზე გატანა?

ამერიკაში ექსპორტს უკვე 2 წელია ვახორციელებთ. კონტაქტების მოძიება საკმაოდ რთულია. ამაშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მერსი ქორფსი – მცირე ალიანსები“ დაგვეხმარა. საწყის ეტაპზე აშშ-ში ყველის სატესტო რაოდენობა გავაგზავნეთ, ახლა კი უკვე რამდენიმე ტონა მაქვს ექსპორტირებული.

ხარისხიანი ნატურალური რძის მიღება საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, როგორ ახერხებთ ნედლეულის დიდი რაოდენობით ჩაბარებას?

რთულია და დეფიციტურიცააა, თუმცა ნედლეულის მიღებას მაინც ვახერხებ. ფერმერს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ თუ ხარისხიან რძეს ჩაგაბარებს, მასთან ურთიერთობებს გააგრძელებ. ჩვენ ისე ავაწყეთ რძის მწარმოებლებთან ურთიერთობები, რომ აჭარაში უკვე მთლიანი რეგიონის მასშტაბით ვიბარებ, წალკაში კი – 8 სოფლიდან. ახლა, როდესაც ბიზნესი ავაწყე, ადგილობრივებს გაუჩნათ ფერმების დაფუძნების და ზრდის მოტივაციაც, რადგან იციან, რომ მათ მიერ წარმოებულ რძეს აუცილებლად ჩავიბარებ. ახლა თვეში ზაფხულის სეზონზე საწარმო დაახლოებით 300-350 ტონა რძეს ამუშავებს.

თქვენი რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით აწყობაში?

მთავარია კლიენტებს ინდივიდუალურად მიუდგე. მეორე – მნიშვნელოვანია ის, რომ მე პროდუქციის ხარისხს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. მესამე თვისება – რისკიანობაა. ნებისმიერ საქმეში აუცილებელია მიზანმიმართული იყო და გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღო. ახლა გადაწყვეტილი მაქვს უახლოეს თვეებში 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ყველის შესანახი საწყობი გავაკეთო. ეს გადავწყვიტე და ამას აუცილებლად გავაკეთებ.

რა იყო ის გადამწყვეტი მოვლენა, რომელმაც თქვენს ბიზნესს წარმატება მოუტანა?

ჩემი წარმატება დონორს ‘’მერსი ქორფსი – მცირე ალიანსები“ უკავშირდება. როდესაც საქმეს ვიწყებდი, წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე, ეს ორგანიზიაცია კი ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. გრანტებთან ერთად უმნიშვნელოვანესი იყო მათი დახმარება ბიზნესის მართვის, გაყიდვების თაობაზე რჩევებით, ბაზრების ანალიზით, რისკების დიდი ნაწილი მათი დახმარებით შევამცირე.

თქვენი გამოცდილების საფუძველზე რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს დამწყები მეწარმე საქართველოში?

ბიზნესში მთავარი რეალიზაციაა. პირველ რიგში, დამწყები ბიზნესმენი რეალიზაციის პრობლემას წააწყდება. ბევრი მეწარმე ვიცი, ვინც წარმოება დაიწყო და რეალიზაციის არქონის გამო გაჩერდა. გამოსავალი აქედან ერთადერთია – როდესაც სტრატაპერი ხარ და საქმეს პირველად იწყებ, არ შეიძლება დიდი პარტიებით და დიდი რაოდენობებით დაიწყო. პირველად რომ შეკვეთა მივიღე (2 დღეში ერთხელ უნდა მიმეწოდებინა 20 კილოგრამი ყველი) და პირველი 20 კილოგრამი ყველი გავყიდე, ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ერკვეოდე ყველა სფეროში, მეტნაკლებად მაინც. თუნდაც, ბუღალტერიაში, სურსათის უვნებლობაში. იმის უნარი უნდა გქონდეს, რომ ყველა მიმართულება მართო და აკონტროლო.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

პირველ რიგში, საქმე დაიწყოს მცირე რაოდენობით, გააკონტროლოს ხარისხი და მონახოს სანდო და პროფესიონალი თანამშრომლები. ასევე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიო წარმოების ადგილი, მოახდინო ბაზრის კვლევა და სადაც ნიშა აუთვისებელია, იქ შეხვიდე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება