შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ხელოვნური ინტელექტი და მისი მნიშვნელობა

ხელოვნური ინტელექტის მზარდი მნიშვნელობა და მიმდინარე ტენდენციები უამრავ კითხვას წარმოშობს “გონიერი მანქანების” ბიზნესზე გავლენასთან დაკავშირებით. ქართველი მეწარმეები თუ ნაკლებად პრიორიტეტულად თვლიან საკუთარი ბიზნესების განვითარებულ ტექნოლოგიებთან მორგებას, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამ თემას უყურადღებოდ ტოვებენ.

ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 84%-მა  ხელოვნური ინტელექტი კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნების წყაროდ მიიჩნია, 83%-მა – საკუთარი ბიზნესის სტრატეგიულ პრიორიტეტად, ხოლო 75%-მა ახალ ბიზნეს-წამოწყებებში დამხმარე ფაქტორად. აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობდა 3000-მდე ბიზნეს-აღმასრულებელი, მენეჯერი და ანალიტიკოსი 112 ქვეყნის 21 ინდუსტრიიდან.

AI (Artificial Intelligence – ხელოვნური ინტელექტი) არ მოქმედებს მხოლოდ ტექნოლოგიურ, ანალიტიკურ, მედია ან გართობის ინდუსტრიებზე. იგი ნაბიჯ-ნაბიჯ მკვიდრდება ყველა დარგში, ვაჭრობიდან დაწყებული სოფლის მეურნეობით დამთავრებული. საკითხი ისმება შემდეგნაირად: ბრძოლა გამოვუცხადოთ ახალ ტექნოლოგიებს და “ეშმაკის მანქანებად” შევრაცხოთ ან დავიმეგობროთ ისინი და გამოვიყენოთ საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად.

“ნუ შეგეშინდებათ გონიერი მანქანების, იმუშავეთ მათთან ერთად!” – განაცხადა გარი კასპაროვმა TED-Talks-ში. 20 წლის წინ ჭადრაკის უბადლო მოთამაშე IBM-ის რობოტმა დაამარცხა. დამამცირებელი გამოცდილების მიუხედავად კასპაროვს სჯერა, რომ მსგავსი შემთხვევები გაცილებით ხშირად და ბევრად უფრო მეტ სფეროში მოხდება. მისი აზრით, ხალხმა განსხვავებულად უნდა იფიქროს მომავალზე, სადაც ხელოვნური ინტელექტის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და გამოიყენოს ტექნოლოგია სირთულეებისა და გაურკვევლობების ასარიდებლად.

 

***

სტატიის წყაროებია: forbes.com businessinsider.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება