ოთხშაბათი , აპრილი 17 2024
geen

მოტივაცია და მის მოსაპოვებლად საჭირო მეთოდები

ადამიანის მოტივაციაზე პასუხისმგებელია ტვინის ნაწილი, რომელიც “მიმდებარე ბირთვის” (nucleus accumbens) სახელითაა ცნობილი. სწორედ ამ არეში, ნეიროგადამცემი სხეულის დანარჩენ ნაწილს ქიმიურ შეტყობინებას – დოპამინს უგზავნის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოტივირებული ხალხი დოპამინის მეტი დონის გამოყოფით ხასიათდება. თუ მოტივაციის არქონას უჩივით, ხელი შეუწყეთ დოპამინის აქტივაციას თქვენი ამოცანებისა და ფასეულობების ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანით.

დოპამინის დაბალი დონე ადამიანს უქრობს გარკვეული სარგებლის მისაღებად მუშაობის სურვილს. მსგავს შემთხვევაში, უნდა გამოვლინდეს წინააღმდეგობის წყაროები, როგორებიცაა: “მე უნდა გავაკეთო”, “მე არ შემიძლია ამის გაკეთება” და ა.შ.  ამ წინააღმდეგობების გადასაჭრელად გასაკეთებელ საქმეზე არ იფიქროთ “უნდა გააკეთოთ” ტერმინებით, არამედ “თქვენ აირჩიეთ” და “თქვენ გინდათ” ტერმინებით. ამოცანები შეუსაბამეთ თქვენს ღირებულებებს და არასოდეს შეგეშინდეთ მარცხის. პრაქტიკა მიგიყვანთ წარმატებამდე.

დამხმარე მეთოდები:
  • აღნუსხეთ და იზეიმეთ თქვენი პატარა წარმატებები – ასეთი წარმატება შეიძლება იყოს გასაკეთებელი საქმეების სიიდან რომელიმე პუნქტის შესრულება.
  • იხელმძღვანელეთ ერთი ამოცანით – დროის კონკრეტულ პერიოდში ერთ მიზანზე მოახდინეთ ფოკუსირება. ეს აგარიდებთ თავიდან თქვენი აზროვნების ენერგიის ფლანგვას. დაზოგილი ენერგიით კი შეძლებთ იმაზე მეტი საქმის გაკეთებას, ვიდრე მანამდე შეგეძლოთ.
  • გადააჭარბეთ მოლოდინს – როდესაც იმაზე უკეთეს შედეგს იღებთ, ვიდრე ელოდით, დოპამინი უგზავნის ტვინს სიგნალს „მოიფიქრე, როგორ შეიძლება ამის განმეორება!“.
  • მოახდინეთ ფოკუსირება საბოლოო შედეგზე – მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ შედეგზე მიმართული ყურადღება აძლიერებს საქმის დასრულების მოტივაციას.
  • დაეხმარეთ სხვებს – რაიმე სარგებლის გაცემა ყველაზე ძლიერი და ეფექტური გზაა პიროვნული კმაყოფილების მოსაპოვებლად. თუნდაც თავად არ იყოთ ჩაბმული ცოდნის ან სხვა სახის სარგებლის გაზიარების პროცესში, იფიქრეთ იმაზე, თუ რა პოზიტიური ეფექტები შეიძლება მოიტანოს თქვენმა სამუშაო აქტივობამ.
  • გაუზიარეთ სხვებს თქვენი წარმატება – როდესაც სხვებს უყვებით საკუთარი მიღწევების შესახებ, თქვენ იღებთ ქებას და აღიარებას მეგობრების, ოჯახის წევრებისა და კოლეგებისგან.
  • შეცვალეთ კვების რაციონი – ისეთი საკვების მირთმევა, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სასარგებლო მიკროორგანიზმებს (მაგ: იოგურტი), დაგეხმარებათ დოპამინის დონის გაზრდაში. სასარგებლოა ასევე ელ-თიროზინის (არომატული ამინომჟავა) შემცველი საკვები: ვაშლი, ავოკადო, ბანანი, მწვანე ფოთლებიანი ბოსტნეული, მიწის თხილი, მწვანე ჩაი და ა.შ.
  • ნუ შეგაჩერებთ წარუმატებლობა – პერიოდულად შეიძლება გადაუხვიოთ დაგეგმილი გზიდან და ეს ბუნებრივია. თუმცა ყოველი მარცხი ღირებულ ინფორმაციას გაძლევთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეცვალოთ საქმიანობა შემდეგ ჯერზე წარმატების მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე სხვებთან შედარებით წარუმატებლად მიგაჩნიათ თავი, მდგომარეობის გამოსწორება შეგიძლიათ საკუთარ თავზე დაკვირვებით და დოპამინის მუშაობის შესწავლით.

***

სტატიის წყაროა businessinsider.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება