სამშაბათი , აპრილი 30 2024
geen

სასაქონლო ოპერაციები და მათი თავისებურებები

ქვემოთ მოცემულია ის სასაქონლო ოპერაციები, რომლითაც შეიძლება საქონლის გაფორმება:

იმპორტი 

იმპორტი არის საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების საზღვარგარეთიდან შემოტანა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე მათი ქვეყნიდან გატანის ვალდებულების გარეშე. იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ექსპორტი 

ექსპორტი არის საქონლის, მომსახურების, ინტელექტუალური საქმიანობის შედეგების ქვეყნის საბაჟო ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანა მისი ქვეყანაში კვლავ შემოტანის ვალდებულების გარეშე. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

რეექსპორტი 

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

ტრანზიტი 

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.

საწყობი 

საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს: ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე; ბ) საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

თავისუფალი ზონა 

თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც: სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).

დროებითი შემოტანა

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი (როგორც წესი, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს).

შიდა გადამუშავება 

ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:

  • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
  • საქონლის წარმოება
  • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
  • საქონლის განადგურება
  • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.
გარე გადამუშავება 

ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:

  • საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება
  • საქონლის წარმოება
  • საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
  • საქონლის განადგურება
  • საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

***

სტატია შექმნილია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება