კვირა , დეკემბერი 22 2024
geen

ინტერვიუ ბიომეღვინე გიორგი ალადაშვილთან

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში 35 წლის გიორგი ალადაშვილი ბიოდინამიურ მევენახეობას ეწევა და ბიოღვინოს აწარმოებს. ახალგაზრდა მეწარმე ვენახს შევიცარიაშიც უვლის და საქართველოშიც.

შპს ‘’Irricult Ge“ მეურნეობა იმით არის გამორჩეული, რომ მეწარმე ვენახს ბიოდინამიური მეთოდებით ამუშავებს, ყურძენს კი ქიმიური შხამქიმიკატების გარეშე, მუხის ქერქის, ტირიფის, ჭინჭრის, ჯორისძუას, ხახვის ფოჩების, შროშანის და შრატის ნადუღით წამლის, გამწევი ტექნიკის საქმეს კი ცხენი აკეთებს. მიღებულ მოსავალს მეწარმე ქვევრში, ტრადიციული მეთოდით აყენებს. ახლა ფერმერი ვენახთან ახლოს ღვინის ახალ მარანს აშენებს. საწარმო ნაწილია ‘’რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობისა’’, რომელიც ხორბლის ყანებს, კახური ღორების ფერმას, ფუტკარს აერთიანებს. აქვე ამზადებენ ველური ხილის მურაბებს, ჩირებს და ჩურჩხელას.

business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო გიორგი ალადაშვილმა ღვინის ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ ბიომეღვინე გიორგი ალადაშვილთან

როგორ გაჩნდა ღვინის წარმოების იდეა, რატომ აირჩიეთ ბიოღვინის წარმოება და ბიომევენახეობა? რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული და თან რა დადებითი მხარეები ახლავს?

მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ვისწავლე, თუმცა ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, დღეს ეს მეთოდი თანამედროვე ინდუსტრიამ გადათელა. ბიოდინამიური ნიშნავს ცოცხალი პროდუქტის ჰარმონიაში მოყვანას. მიწას ვუვლი სასუქებით, არანაირი აგროქიმიკატის გამოყენება არ არის საჭირო. მეურნეობაში მხოლოდ ბორდოს ხსნარს ვიყენებთ – ეს არის სპილენძის ნაერთი. ამაზე მეტ წამალს არ ვხმარობ, რომ მიწა არ დავაბინძურო. ვიყენებ ბალახის ნაყენებს და ამ სპილენძის შემცველი ხსნარის გამოყენებაც მინიმალურ დონეზე დამყავს. ვხმარობ შრატის ნადუღს, ტირიფის და მუხის ქერქის ნაყენს, ხახვის ფოჩის ნაყენს, ჯორისძუას, ჭინჭრის ნაყენს, გვიმრის და ნივრის ნაყენს.

მიწა და ვაზი თუ არ იქნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს, რაც უნდა ჰქონდეს. რაც მეტად ბუნებრივად, ყოველგვარი აგროქიმიკატების გარეშე მომყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი. ბევრს ჰგონია, რომ თუ აგროქიმიკატებს არ შეიტანს მიწაზე, მოსავალს ვერ მიიღებს. მე მინდა დავამტკიცო ის, რომ ყოველგვარი წამლის გარეშე ბუნებრივი და ბიო-დანამატებით შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი. თუ მევენახე არ დააკვირდა ვენახში მიწის ტენიანობას, ვაზს და არ აქვს ყოველდღიური შეხება მასთან, აგროქიმიკატით 12–ჯერ მოწამვლით შედეგს ვერ მიიღებს.

განათლება მეღვინეობის დარგში შვეიცარიაში მივიღე. ბიოდინამიური ვენახის გაშენების იდეაც იქ გამიჩნდა. ჩვენს ქვეყანას აქვს ისეთი კლიმატური პირობები, რომელშიც უფრო ხარისხიანი ყურძენის წარმოებაა შესაძლებელი, ვიდრე შვეიცარიაში. იქ 1 ჰექტარზე 3 კილოგრამი სპილენძი მჭირდება, აქ კი იგივე ფართობზე ერთიც ჰყოფნის.

ბიოღვინის უპირატესობა რა არის?

ძალიან მარტივად აგიხსნით – მე შემოგთავზებთ აბებს მწვადის გემოთი და ნამდვილ მწვადს – რომელი უფრო გემრიელი იქნება? ბალახების ნაყენით მოვლილი ყურძენი ბევრად უფრო გემრიელი და სუფთაა.

როგორ დაუკავშირდით შვეიცარიას, სად მიიღეთ იქ მეღვინის განათლება?

90–იან წლებში შვეიცარიაში წავედი. იქ იყო ოჯახი, რომელმაც როგორც საკუთარი ოჯახის წევრი ისე მიმიღო. იქ ჩავაბარე მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე, სადაც დღემდე ვსწავლობ. ისინი ძალიან წინ არიან წასულები, ჩვენზე ძალიან მეტი იციან. კარგად აქვთ გათავისებული რა არის ვაზი, ვენახი და ყველაფერს კარგად ითვლიან. საქართველო მევენახეობის და მეღვინეობის სამშობლოა. თუმცა, როდესაც საქართველოდან ვაზი გავიდა, მას გაჰყვა ვაზის მოვლის და ღვინის დაყენების კულტურა. შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, წყობა, რომელიც დიდი ოდენობის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. რაოდენობაზე ორიენტაციამ კი ხარისხი გააფუჭა.

რა შეიძლება გადმოვიღოთ შვეიცარიისგან და რა შეიძლება შვეიცარიამ გადაიღოს ჩვენგან?

შვეიცარიისგან, პირველ რიგში, ეკოლოგიური მიდგომები უნდა გადმოვიღოთ, ყველაფერი აქედან იწყება. ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ცელოფნის პარკები და ნაგავი, შხამ–ქიმიკატების შესაფუთი ქაღალდები ყრია. ვენახებს კრეფენ და ცელოფნის პარკებს იქ ტოვებენ. შვეიცარიაში ეს ყველაფერი არ არის. ვენახში ყრიან სიგარეტის ნამწვავს, რომელიც მიწას აბინძურებს. საქართველოდან კი შეიძლება ქვევრში ღვინის წარმოების ტრადიციის და კულტურის გადაღება.

რა სტანდარტებით და პრინციპებით ხელმძღვანელობთ თქვენს წარმოებაში?

მე მაქვს ჩემი მიდგომა, რომ რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი მქონდეს, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიო ვაზის ცხოვრებაში, მიყვარდეს ეკოლოგია.

რა პროდუქტებს აწარმოებთ და ვინ არიან პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები?

მაქვს რამდენიმე დასახელების ღვინო, რომლის 75 პროცენტი შვეიცარიაში იყიდება. წელს პირველად განხორციელდება ექსპორტი საფრანგეთშიც. წელიწადში დაახლოებით 7 ათას ბოთლ ღვინოს ვაწარმოებ. ეს არის ბიოსერთიფიცირებული საფერავი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე, შერეული ძველი ვენახებიდან, შემაგრებული ღვინო. ეს ყველაფერი ‘’ბიოვინიას“ ბრენდით იყიდება. ვაწარმოებ ასევე ჭაჭას. ჩემი ღვინო მინიმუმ 70 ევრო ღირს შვეიცარიაში. კონკურენტუნარიანობისთვის პირველ რიგში უმნიშვნელოვანესია ხარისხი, შემდეგ პირადი კავშირები და მათთვის ღვინის სადეგუსტაციოდ გაგზავნა.

ახლა მინდა ქართულ ბაზარზე გაააქტიურება და იმის დამტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მაღალხარისხიანი ღვინის წარმოება შესაძლებელია.

როგორ ხედავთ საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის შემდგომ განვითარებას?

საქართველოში ბიოდინამიური ვენახების გაშენება და ბიოღვინის წარმოება უნდა დაიწყონ. აწარმოებენ ხარისხიანს, თუმცა, მსგავსი ხარისხის პროდუქტი მსოფლიოში ძალიან ბევრია. ჩვენი ძირითადი პლუსი ქვევრის ღვინოა. საქართველოში ეს მიმართულება უნდა განვითარდეს.

რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით აწყობაში?

შრომისმოყვარეობა. წელს 9 სექტემებრიდან დავიწყე რთველი და დღემდე მარანში მძინავს. არ მიყვარს ერთ ადგილზე გაჩერება, სულ ძიებაში ვარ, ვსწავლობ.

რა რჩევებს მისცემდით დამწყებ მეწარმეებს?

პირველ რიგში, აუცილებელია სწორად გათვლა და დათვლა. არ შეიძლება კონსულტაციების გარეშე საქმის დაწყება.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება