სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

ყველაზე ხშირი შეცდომები ბიზნესში

ნებისმიერ წარმატებულ ბიზნესს, რომელიც მოკრძალებული სტარტით დაიწყო, აქვს მარცხებისა და შეცდომების საკმაოდ დიდი ისტორია. ერთი მხრივ, ამან შეიძლება გამბედაობა დაუკარგოს მეწარმეს და ხელი შეუშალოს იდეის აყვავებულ ბიზნესად ქცევაში, მეორე მხრივ კი დაეხმაროს მას მომავალში შეცდომების თავიდან არიდებაში.

პარტნიორებთან დაკავშირებული შეცდომები

ბიზნესის სამართავად და იდეის წარმატებად გადასაქცევად სწორი პიროვნების შერჩევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პარტნიორის შერჩევა პირად ცხოვრებაში. ექსპერტები ამბობენ, რომ წარმატებული მეწარმეები ბიზნესში ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებთან პარტნიორობას ერიდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ ხშირად იშლება პიროვნებებს შორის საზღვრები, რაც აუცილებელია კარგი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. გამონაკლისების მიუხედავად, მხოლოდ იშვიათობას უმართლებს ორივეგან – პირად და საქმიან ცხოვრებაში კარგი პარტნიორული ურთიერთობების დამკვიდრებაში.

პრობლემური პატენტები

არსებითად მნიშვნელოვანია პროდუქტის ან ბიზნეს იდეის სამართლებრივი უფლებების დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ არავინ აცხადებს საკუთარ უფლებას აღნიშნულ პროდუქტზე/იდეაზე. სამწუხაროდ, ხშირია პატენტთან დაკავშირებული სკანდალები. ცნობილი მაგალითებია: Samsung vs. Sharp, Microsoft vs. Salesforce.com. იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი იდეა კვლავ თქვენს იდეად რჩება,  დაპატენტება და სავაჭრო ნიშნის აღება საუკეთესო გზაა.

უყურადღებობა კონტროლთან მიმართებაში

ბიზნეს პარტნიორებსა და სანდო ექსპერტებზე პასუხისმგებლობის დელეგირება ხშირად გონივრულ გადაწყვეტილებად მოიაზრება, თუმცა ისტორიამ დაადასტურა რომ ზოგჯერ ასეთი საქციელი ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ. თუ მცირე ბიზნესის ერთადერთი მესაკუთრე ხართ ან გაკისრიათ მაღალი პასუხისმგებლობა კომპანიაში ფულადი სახსრების მოძრაობაზე, ფინანსების გონივრულ განკარგვაზეც მოგიწევთ ზრუნვა. არასოდეს გადასცეთ ჩეკზე ხელმოწერის ან ონლაინ ფინანსურ ანგარიშებზე წვდომის უფლება თანამშრომელს და ამით წინასწარ აირიდეთ თაღლითობის საფრთხე.

ყველანაირი რისკის თავიდან არიდება

თუ კაპიტალის ფინანსირებას საჭიროებთ, საინვესტიციო პარტნიორების ბიზნესში ჩართვისთვის რწმენის ელემენტი დაგჭირდებათ. მათ გარეშე გაგიჭირდებათ გაზრდა და თქვენს ბიზნესსაც სტაგნაციისთვის გაწირავთ. მიუხედავად იმისა, რომ რესურსების მოსაზიდად ინვესტორებთან ან სხვა პარტნიორებთან დაახლოებას გამბედაობა სჭირდება, თქვენ მაინც შეგიძლიათ იმოქმედოთ ისე, რომ მინიმალური რისკის ქვეშ დააყენოთ საკუთარი კაპიტალი, კომპანიაში მიმდინარე პროცესები და კულტურა. თქვენს ბიზნეს ნიშაში მოქმედ ლიდერებთან დაახლოებით, შეგიძლიათ მიიღოთ საჭირო კაპიტალი, მათ ქსელებთან წვდომა, კონტაქტები და უნარები.

საიდუმლოს შენახვა

ხშირია ცდუნება არ გააჟღეროთ საკუთარი ბიზნეს იდეები იმის შიშით, რომ ვინმე მოიპარავს მათ. შედეგად, ვერც ექსპერტის რჩევებს იღებთ და ვერც საკონსულტაციო მომსახურებას. ეს კი გიჭრით გზას ღირებული კონტაქტებისკენ, რომლებსაც შეეძლოთ თქვენი ბიზნესის გაუმჯობესება. ამგვარი პრობლემების გადაჭრა შეუძლია კარგად დაწერილ კონფიდენციალურ ხელშეკრულებას – მარტივ, ერთგვერდიან კონტრაქტს, რომელიც გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენი ბიზნეს პრაქტიკა არ გახდება ცნობილი მედიისა და კონკურენტებისთვის. რეკომენდირებულია იურიდიული მრჩევლის დახმარება ისეთი ხელშეკრულების შესადგენად, რომელიც ერგება თქვენს ბიზნესსა და საჭიროებებს.

***

სტატიის წყაროა  investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება