კვირა , აპრილი 28 2024
geen

საოფისე ფართის დაქირავება: 17 რჩევა

საოფისე ფართის დაქირავებაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში შემდეგი სწორად დასმული კითხვები და რჩევები დაგეხმარებათ.

ბიზნეს-ცენტრი თუ კერძო პირის ბინა?

სადაა საოფისე ფართი განთავსებული – ბიზნეს-ცენტრში? კერძო პირის ბინაში? ბევრი ბიზნეს-ცენტრი საოფისე ფართის დამქირავებლებისთვის უზრუნველყოფს საერთო დაცვას, სამეთვალყურეო კამერებს, სიგნალიზაციას, დასუფთავებას, პარკინგის ტერიტორიას, ოფისის გარეგნული მხარის წესრიგში შენარჩუნებას. კერძო პირის ბინა კი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

სწორადაა შერჩეული ოფისის ადგილმდებარეობა თანამშრომლებისთვის?

სად ცხოვრობენ თანამშრომლები? რა დრო დასჭირდებათ მათ ოფისამდე მოსასვლელად? არის თუ არა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოსახერხებელი? არის თუ არა ახლოს აფთიაქი, ბანკი, მაღაზია? არის თუ არა ოფისში ან მის ახლოს კაფეები და რესტორნები, რათა კომპანიის თანამშრომლებმა დიდი დროის დაკარგვის გარეშე შეძლონ სადილობა?

მისაღებია ოფისის ადგილმდებარეობა კლიენტებისთვის?

ოფისამდე მოსაღწევად მათ არ უნდა დახარჯონ დიდი დრო და ფული, რათა არ დაკარგონ ოფისში მოსვლის სურვილი. ოფისის გარეუბანში დაქირავებით ბიზნესმა შეიძლება დაზოგოს ფული, მაგრამ დაკარგოს კლიენტები. რამდენად ადვილად მიგნებადია ოფისი?

პარკინგი

რამდენი ადგილი სჭირდება თქვენს ბიზნესს ტრანსპორტის პარკირებისთვის? აქვს თუ არა ოფისის გამქირავებელ ბიზნეს-ცენტრს პარკინგის ტერიტორია ფართის დამქირავებლისთვის? შეუძლიათ თუ არა კლიენტებს პარკინგის ტერიტორიით სარგებლობა? რა ღირს ეს სერვისი? პარკირების პრობლემურმა ინფრასტრუქტურამ შეიძლება კლიენტებიც კი დააკარგინოს ბიზნესს.

სამუშაო საათები

შეიძლება ბიზნეს-ცენტრს არ ჰქონდეს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი. წინასწარ გაარკვიეთ რამდენადაა მისაღები თქვენი ბიზნესისთვის ოფისში შესვლის და ოფისიდან გამოსვლის ფიქსირებული დროები. ასევე, წინასწარ გაარკვიეთ რა შეზღუდვებია დასვენების და დღესასწაულების დღეებში.

მეზობლები

ვინ იქნებიან ახალ ოფისში თქვენი მეზობლები? არიან თუ არა მეზობლად კონკურენტები? თუ არიან, ხართ თუ არა საკმაოდ კონკურენტუნარიანი, რათა თავიდან აიცილოთ თქვენი კლიენტების და წამყვანი თანამშრომლების გადაბირება? არიან თუ არა თქვენი მეზობლები თქვენი შემავსებლები? მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესია ლოგოების დამზადება, შეიძლება თქვენი საქმიანობა ბეჭდვის სერვისების კომპანიამ შეავსოს. რას საქმიანობენ თქვენი მომავალი მეზობლები? ოფისში მშვიდი სამუშაო გარემო გელით თუ არის ხმაურის და სხვა შემაწუხებელი ფაქტორების რისკი?

ოფისის მდგომარეობა

რა შთაბეჭდილებას ტოვებს ოფისის შესასვლელი? დერეფნები? რამდენად კეთილმოწყობილი, ნათელი, სუფთა და უსაფრთხოა? რამდენად გადის ხმა კედლებს შორის? სართულებს შორის? რამდენადაა გარე ხმაურისგან დაცული? აქვს თუ არა მოწესრიგებული სველი წერტილები? სარემონტოა თუ არა? მოწესრიგებულია თუ არა ვენტილაცია, არის თუ არა გაგრილება-გათბობის სისტემა? გამქირავებელთან ერთად შეამოწმეთ კარ-ფანჯარა (იღება და იკეტება უპრობლემოდ? შემოდის თუ არა ჰაერი? იცავს თუ არა ხმაურისგან?), კლიტეები (ვის აქვს სათადარიგო გასაღებები? შეგიძლიათ თუ არა კლიტის შეცვლა ან ახლის დაყენება?), სველი წერტილები, ელექტროჩამრთველები და როზეტები, განათება, კონდიციონერი, სახურავი.

ინტერნეტი, ტელეფონი

არის თუ არა საოფისე ფართში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა? გადაამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა ოფისის მისამართზე ხარისხიანი ინტერნეტ-სერვისის მიღება? არის თუ არა სტაციონარული ტელეფონის სადენები? ხომ არ არის ბიზნეს-ცენტრში მხოლოდ ერთი ინტერნეტ-პროვაიდერი თქვენთვის მიუღებელი პირობებით (დაბალი სიჩქარე, მაღალი ფასი)? შეამოწმეთ უპრობლემოდ იღებს თუ არა მობილური ტელეფონი სიგნალს ოფისის ყველა წერტილში.

ფასი

გაარკვიეთ ფართის დაქირავების ფასი, დააზუსტეთ შედის თუ არა ფასში დღგ, რათა შემდეგ 18 %-ით მეტის გადახდა არ მოგიწიოთ. გაარკვიეთ რამე სახის ფარული გადასახადები ხომ არ გელით? შედის თუ არა ოფისის დასუფთავების, ნარჩენების გატანის და დაცვის ხარჯი საოფისე ფართის იჯარის საფასურში? შეიძლება დაქირავების შემდეგ დადგეთ ფაქტის წინაშე, რომ ეს თქვენთვის დამატებითი ხარჯია. გაარკვიეთ პარკირების გადასახადი. ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური პირისგან დაქირავების შემთხვევაში თქვენს ბიზნესს მოუწევს ამ პირის ოფისის ქირის სანაცვლოდ მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადის დაკავება. თუ საოფისე ფართის ქირის ფასი დოლარებშია მოცემული, ან თუ გამქირავებელს აქვს ფასის გაზრდის უფლება, სცადეთ ფასის ცვლილება რამე საზღვრებში მოაქციოთ, მაგალითად, ვალუტის კურსის ცვლილების გამო ფასის გაძვირება ლარებში არ უნდა აღემატებოდეს საწყისი ფასის 5 %-ს.

რა შთაბეჭდილებას ტოვებს თქვენი ოფისი?

ერთის მხრივ, შეიძლება მეწარმე ამაყობდეს ძალიან ძვირადღირებული საოფისე ფართით, თუმცა კლიენტებს შეიძლება გაუჩნდეთ აზრი, რომ თქვენს პროდუქციაში/სერვისში საკმაოდ ძვირს იხდიან, რათა თქვენი ოფისის ქირა დააფინანსონ. მეორე მხრივ, თუ თქვენი ოფისი თვალშისაცემად იაფფასიანი და უხარისხოა, შეიძლება კლიენტებს ეჭვი შეეპაროთ თქვენი ბიზნესის ფინანსურ სიჯანსაღეში.

დავალიანება

წინასწარ გაარკვიეთ, საოფისე ფართის წინა მფლობელს კომუნალური მომსახურების და სხვა სახის დავალიანება ხომ არ აქვს დარჩენილი, რათა არ შეგეზღუდოთ სათანადო სერვისები და იძულებული არ გახდეთ სხვისი ხარჯი თქვენ დაფაროთ. ოფისის გამქირავებელთან ერთად ამოიწერეთ ოფისში თქვენი შესვლის დღისათვის არსებული მაჩვენებლები.

შეზღუდვები

რისი უფლება არ აქვს ოფისის დამქირავებელს? შეგიძლიათ თუ არა თქვენი სარეკლამო აბრის გამოკვრა? შეგიძლიათ თუ არა ბიზნეს-ცენტრის პარკირების ადგილზე ღამით ავტომობილის დატოვება? რა აკრძალვები აქვს დაწესებული გამქირავებელს?

კარების ზომები

შეამოწმეთ მთავარი შესასვლელის კარის, ოფისის შესასვლელი და შიდა კარების ზომები პრობლემას ხომ არ შექმნას ავეჯის და აპარატურის შეტანისას.

საკუთრების უფლება

აუცილებლად გადაამოწმეთ საოფისე ფართზე გამქირავებლის საკუთრების უფლება, რათა თაღლითობის ან არაორგანიზებულობის მსხვერპლად არ იქცეთ.

ხელშეკრულების მოშლის ვადები

როგორაა ეს საკითხი დარეგულირებული ხელშეკრულებაში? დამქირავებლის მხრიდან ოფისის დატოვების მოთხოვნის შემთხვევაში თქვენ უნდა გეძლეოდეთ ახალი ოფისის მოსაძებნად საჭირო გონივრული ვადა, ასევე, გამქირავებელმა შეიძლება მოითხოვოს თქვენი ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტაზე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე ცნობება, რათა გაქირავების წყვეტის გარეშე შეძლოს ახალი დამქირავებლის მოძებნა.

არის თუ არა ზრდის შესაძლებლობა?

თუ ელით ბიზნესის ზრდას, შეიცვლება თქვენი მოთხოვნებიც საოფისე ფართისადმი. თუ შერჩეული საოფისე ფართი არ იძლევა გაფართოების საშუალებას, სჯობს ფართის იჯარის მოკლევადიანი ხელშეკრულება დადოთ.

შემოწმება

დააკვირდით ოფისის ტერიტორიას პიკის საათებში, რათა დაინახოთ რამხელაა საცობების და პარკირების პრობლემა. დარჩით ოფისის შენობაში ხანგრძლივი დროით, რათა დაინახოთ უფრო მეტი რისკ-ფაქტორი (მაგალითად, გაიგოთ გამოდის თუ არა ხმა მეზობელი ოფისებიდან, ვიბრირებს თუ არა იატაკი, წვიმიან ამინდში კედლებში/ჭერში წყალი ხომ არ ატანს), გაესაუბრეთ სხვა ოფისების თანამშრომლებს, რათა გაიგოთ მათი აზრი პირობებსა და გარემოზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება