შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობებში გასათვალისწინებელი ზოგიერთი საკითხი

პროდუქციის ფასი

ჰიპერმარკეტებისა და სავაჭრო ქსელებისთვის, ზოგიერთ მაღალი დონის სუპერმარკეტისთვის მნიშვნელოვანია მეწარმისგან პროდუქციის შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად შესყიდვა, თუმცა მათთვის ეს ფაქტორი არაა გადამწყვეტი, რადგანაც მათ აქვთ პროდუქციის დიდი არჩევანი სხვადასხვა საფასო სეგმენტში და დახლზე ყველაფასიანი პროდუქტისთვის მოიძებნება ადგილი. პატარა მაღაზიებისთვის, რომლებიც ემსახურებიან ახლომდებარე უბანს, აქვთ პროდუქციის მცირე არჩევანი და ხარისხის მართვის სისტემაც არაა მაღალი, გადამწყვეტია ასორტიმენტში ადვილად გაყიდვადი დაბალფასიანი პროდუქციის ქონა.

პროდუქციის ხარისხი

ჰიპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ პროდუქციის ხარისხის კონტროლს, ვიდრე პატარა მაღაზიები. მსხვილ სავაჭრო ობიექტებში პროდუქცია გაივლის ხარისხის შემოწმების რამდენიმე ეტაპს. საწარმოს ამოწმებენ ადგილზე, მოითხოვენ ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს, პროდუქტის წარმომავლობის დადასტურებას და ეტიკეტირებას. პატარა მაღაზიებისთვის ეს ფაქტორები უმეტესად ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ ხარისხის კონტროლზე მეტად პროდუქციის დაბალი ფასია გადამწყვეტი.

პროდუქციის გამართული მიწოდება

ჰიპერმარკეტებისა და სავაჭრო ქსელებისთვის, ზოგიერთ მაღალი დონის სუპერმარკეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქციის დათქმული რაოდენობითა და დათქმულ დროში შეფერხებების გარეშე მიღება. საწარმომ უნდა უზრუნველყოს შეუფერხებელი მიწოდება დაგვიანება-დანაკლისების გარეშე. ზოგიერთი ასეთი ობიექტის ასორტიმენტში ათეულობით ათასი დასახელების პროდუქტი შედის და მათი მოძრაობის მართვა საკმაოდ რთული საქმეა, ამიტომ რამდენიმე დაგვიანებისა და არასრული რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში მათ შეიძლება უარი თქვან მიმწოდებელთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე. პატარა მაღაზიებისთვის ეს შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა დაგვიანებების და არასრული მიწოდების შემთხვევაში მათ ადვილად შეუძლიათ მეწარმის ჩანაცვლება.

კონსიგნაცია

ჰიპერმარკეტები და სავაჭრო ქსელები უმეტესად პროდუქტის შეტანიდან 15 დღის ან  მეტი დროის გასვლის შემდეგ იხდიან მის ღირებულებას საბანკო ანგარიშსწორებით. პატარა მაღაზიების ნაწილი ნაღდი ფულით იხდის პროდუქციის ღირებულებას მისი მიღებისთანავე ან დისტიბუტორის შემდეგი ვიზიტისას.

სავაჭრო ობიექტში შესვლა

ზოგიერთმა მსხვილმა სავაჭრო ობიექტმა შეიძლება მიმწოდებლისგან მოითხოვოს დახლის დაქირავების გადასახადი, აქციებში მონაწილეობა და ა.შ. პატარა მაღაზიებს ასეთი მოთხოვნები არ აქვთ.

ხელშეკრულება

მსხვილი მოთამაშეები პროდუქციის მიმწოდებელთან მუსაობენ წერილობითი კონტრაქტებით, პატარა მაღაზიები – სიტყვიერი გარიგებებით.

დღეისათვის საქართველოში მუშაობს 500-ზე მეტი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი (ჰოლდინგი ‘’ნიკორა’’ (ბრენდები ‘’ნიკორა, ‘’ლიბრე’’, ‘’ნუგეში’’, ‘’სანდეი’’) – 200-ზე მეტი ობიექტი, ‘’სმარტი’’ – 15 ობიექტი, ‘’ფრესკო’’ – 8 ობიექტი, ‘’ფუდმარტი’’ (ბრენდები ‘’ფუდმარტი’’ და ‘’იოლი გასტრონომია’’) – 51 ობიექტი, ‘’გუდვილი’’ – 5 ობიექტი, ‘’კარფური’’ – 8 ობიექტი, ‘’ორი ნაბიჯი’’ – 95 ობიექტი, ‘’ზღაპარი’’ (‘’ზღაპარი’’, ‘’ბაია’’) – 16 ობიექტი და სხვ.), აქედან დაახლ. 300 ობიექტი თბილისშია განთავსებული. გარდა მსხვილი მოთამაშეებისა, თბილისის ბაზარზე სურსათით მოვაჭრე დაახლ. 3,000-მდე სხვადასხვა ხარისხის სუპერმარკეტი და მაღაზია მუშაობს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება