სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

საქართველოს ყველის ბაზარი: 2017-2018 (6 თვე)

ყველის გაყიდვები

პირველი საკონსულტაციო კომპანიის ინფორმაციით საქართველოში 2017 წელს დაახლოებით 35,000 ტონა ყველი გაიყიდა. გაყიდვებში დაახლოებით 60 % იმერულ ყველს უკავია, 40 % კი სხვა ყველებს (ძირითადად სულგუნს, შემდეგ – ქართულ (”ქარხნულ”) ყველს).

ყველის მწარმოებლები საქართველოში

ბაზარზე ყველის მიმწოდებლები არიან შინამეურნეობები (რამდენიმე ასეული ათასი), რომლებსაც გაყიდვებში დაახლოებით 85-90 % უკავიათ, და მცირე და საშუალო საწარმოები (პირველი საკონსულტაციო კომპანიის მონაცემებით – 60-70 საწარმო, რომლებიც საქმიანობენ ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში, აჭარაში, ნაკლებად – სხვა რეგიონებში), რომლებიც ბაზარზე ჯამურად დაახლ. 10-15 %-ს ფლობენ. შინამეურნეობები დღეში რამდენიმე კილოგრამიდან რამდენიმე ათეულ კილოგრამამდე ყველს აწარმოებენ, საწარმოები – დღეში რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კილოგრამამდე.

ნედლეული

ყველის უდიდესი ნაწილი ფურის რძისგანაა დამზადებული (2017 წელს მიღებული რძის რაოდენობა 528.4 მლნ. ლიტრი იყო, აქედან ცხვრისა და თხის რძემ მხოლოდ 10.3 მლნ. ლიტრი (1.95 %) შეადგინა). ე.წ. რძის ფხვნილით წარმოებულ ყველზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ექსპორტ-იმპორტი

2017 წლის 12 თვის მდგომარეობით ყველის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები შემდეგია:

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.)  22,890  1,540,041
ღირებულება ($)  201,555  6,920,778
საშუალო ფასი ($/კგ.)  8.81  4.49

აქ არაა გათვალისწინებული მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი ახალი ყველი და ხაჭო (ამ პროდუქტების იმპორტი 2017 წლის 12 თვეში იყო 920,646 კგ. $ 2,402,028 ღირებულებით, ექსპორტი ნულოვანია).

ყველის ექსპორტ-იმპორტი 2018 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით შემდეგია:

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.)  16,854  793,679
ღირებულება ($)  164,742  3,628,708
საშუალო ფასი ($/კგ.)  9.77  4.57

აქ არაა გათვალისწინებული მოუმწიფებელი ან დაუვარგებელი ახალი ყველი და ხაჭო (ამ პროდუქტების იმპორტი 2018 წლის პირველ 6 თვეში იყო 445,802 კგ. $ 1,309,495 ღირებულებით, ექსპორტი ნულოვანია).

ყველის ფასები

ყველის ფასები სეზონურია – ”ზამთრის სეზონზე” (ოქტომბერი-აპრილი) მცირდება მიღებული რძის რაოდენობა და წარმოებული ყველის რაოდენობაც, შეაბამისად იზრდება ფასებიც. 2017 წელს სეზონების მიხედვით ყველის საწარმოებისგან საბითუმო გაყიდვებისას იმერული ყველის ფასები იყო 7.50-9.50 ლარი/კგ., სულგუნის – 9.00-14.00 ლარი/კგ., ”ქარხნული” ყველისთვის – 11.00-15.00 ლარი/კგ.

***

მასალა მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, შემოსავლების სამსახურის და პირველი საკონსულტაციო კომპანიის მონაცემების მიხედვით.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება