ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

სახელმწიფო პროგრამა: შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი ახალი საწარმოების შექმნით დაინტერესებული კომპანიებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური  დახმარების გაწევას. პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტზე გარდა შემდეგი ქალაქებისა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

მიზნობრიობა
  • დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა
  • შემნახველი საწარმოს ტევადობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200 ტონას
  • შემნახველ საწარმოს უნდა შეეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადების სრული ციკლის უზრუნველყოფა
  • შემნახველი საწარმოს ტექნიკური პარამეტრები გათვლილი უნდა იყოს შესაბამის რეგიონში წარმოებული პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (კერძოდ, ხილი, ბოსტნეული და კაკლოვნები) სპეციფიკაზე
  • მუნიციპალიტეტში შემნახველი საწარმოს შექმნის მიზანშეწონილობა დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. მიზანშეწონილობის დასაბუთების მეთოდოლოგიას შეიმუშავებს სააგენტო, რომელსაც დაამტკიცებს სააგენტოს გამგეობა.
კულტურები

პროგრამა განკუთვნილია კურკოვანი, კენკროვანი, თესლოვანი, სუბტროპიკული, კაკლოვანი კულტურების, ბოსტნეულის და ყურძნის შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებისთვის.

გამონაკლისები

პროექტი არ ვრცელდება შემდეგი პროფილის შემნახველ საწარმოებზე:

  • მარცვლეულის შემნახველი  საწარმო
  • რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმო
  • ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმო
  • თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმო
დაფინანსების წყაროები და სიდიდეები

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შესაძლებელია 3 წყაროს გამოყენებით:

  • სააგენტოს თანადაფინანსება – პროექტის ჯამური ღირებულების 40 %, მაგრამ არაუმეტეს 600,000 ლარისა
  • შეღავათიანი აგროკრედიტი/აგროლიზინგი – პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 50 %, მაგრამ არაუმეტეს 1,500,000 ლარისა
  • ბენეფიციარის საკუთარი თანამონაწილეობა –  პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 10 % საწარმოს კაპიტალში ფულადი შენატანის სახით.

პროექტის ჯამურ ღირებულებაში არ მოხდება შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: მიწის ღირებულება, საპროექტო სამუშაოები და საბრუნავი საშუალებების შესყიდვის ხარჯები (მათ შორის – საოპერაციო ხარჯები).

პროექტის დეტალური პირობები, შეზღუდვები, ვალდებულებები, დოკუმენტაციის ჩამონათვალი და ნიმუშები, გასავლელი ეტაპები შეგიძლიათ იხილოთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება