სამშაბათი , ნოემბერი 5 2024
geen

სახელმწიფო პროგრამა ‘’დანერგე მომავალი’’: ბაღების კომპონენტი

სახელმწიფო 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას ‘’დანერგე მომავალი’’. პროგრამაში მონაწილეს მრავალწლიანი კულტურების ბაღის გასაშენებლად ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიღება შეუძლია. ბაღების გაშენება შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში შემდეგი ქალაქების გარდა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

ფინანსური დახმარება ნერგების შესაძენად

სახელმწიფო აფინანსებს შესაძენი ნერგების ღირებულების მაქსიმუმ 70 %-ს. ამავე დროს, თითოეულ ნერგზე თანადაფინანსების მაქსიმალური სიდიდეა განსაზღვრული.  ნერგების შეძენა შეიძლება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც.

  • ერთ მონაწილეს შეუძლია მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა შეუზღუდავი რაოდენობით, თუმცა ჯამურად მიღებული დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს, ხოლო ჯამურად გაშენებული ბაღის ფართობი – 20 ჰექტარს
  • პროგრამა აფინანსებს ერთი მონაწილის მიერ მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 20 ჰექტარი ბაღის გაშენებას
  • ერთი მონაწილის თანადაფინანსების მოცულობა 1 ჰექტარზე არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს. ლურჯი მოცვის კულტურაზე ჰექტარზე დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს 15 000 ლარს
  • ერთ მონაწილეზე გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს
ფინანსური დახმარება წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოსაწყობად

სახელმწიფო აფინანსებს გასაშენებელი ბაღის მიწის ნაკვეთზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50 %-ს (დღგ-ის ჩათვლით), მაგრამ არაუმეტეს 2,500 ლარისა 1 ჰექტარზე (გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა ნებაყოფლობითია).  

ტექნიკური დახმარება

იმ პირებს, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, ტრენინგები ჩაუტარდებათ ნერგების გასხვლის ტექნოლოგიებზე, მცენარეთა დაცვის სისტემებზე, ბაღის მორწყვისა და მცენარეთა კვების საკითხებზე.

მოთხოვნები ბენეფიციარებისადმი
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, ინდივიდუალური მეწარმეს, საქართველოში დაფუძნებულ საწარმოს, მათ შორის – რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს (მონაწილეობა არ შეუძლია ისეთ საწარმოს, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის, აქციებს)
  • პროგრამაში მონაწილეს არ უნდა გააჩნდეს დავალიანება სსიპ “შემოსავლების სამსახურის” მიმართ
მოთხოვნები მიწის ნაკვეთისადმი
  • პროგრამაში მონაწილე უნდა ფლობდეს მის საკუთრებად რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით სახელმწიფოსგან (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს)
  • მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება ბაღის გაშენება, უნდა იყოს დამუშავებული არანაკლებ 40 სანტიმეტრზე
  • მიწის ნაკვეთი უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყლის წყაროთი – მისი საზღვრიდან არაუმეტეს 500 მეტრის დაშორებით უნდა იყოს ტბა ან მდინარის არხი ანდა მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე უნდა იყოს ჭა ან ჭაბურღილი
  • მიწის ნაკვეთს არ უნდა ედოს ყადაღა
ეტაპები

ეტაპი 1. მიმართავთ ლაბორატორიას ნიადაგის სინჯების ასაღებად და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად. ლაბორატორიის თანამშრომელი იღებს სინჯებს ადგილზე და ახდენს მათ ლაბორატორიულ ანალიზს.

ეტაპი 2. სსიპ “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში” ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით წარადგენთ მიმართვას და ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზის შედეგებს. “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი” ადგენს ნიადაგის შესაბამისობას გასაშენებელ კულტურებთან და გასცემს ცნობას ნიადაგის გასაშენებელ კულტურებთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ;

ეტაპი 3. მიმართავთ თქვენი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს მიწის ნაკვეთის დამუშავების დასადასტურებლად. საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელი შეამოწმებს მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და წყლით უზრუნველყოფის შესაბამისობას კრიტერიუმებთან დადგენილი მეთოდოლოგიის დაცვით (მიწის ნაკვეთის დამუშავების კრიტერიუმები) და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში გასცემს სათანადო ცნობას.

ეტაპი 4. შეავსებთ განაცხადის სტანდარტულ ფორმას და შევსებულ განაცხადს და თანმდევ დოკუმენტაციას წარადგენთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.

ეტაპი 5. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განიხილავს განაცხადს თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად. განაცხადის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროექტის პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში განაცხადი დამტკიცდება. განაცხადის დამტკიცების შემდგომ გაფორმდება ხელშეკრულება თანადაფინანსების გაცემის შესახებ.

1 ჰექტარზე დასარგავი ნერგების მინიმალური რაოდენობები და თანადაფინანსების სიდიდეები, იმ სანერგე მეურნეობების ჩამონათვალი და კოორდინატები, საიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნერგები, იმ კომპანიების საკონტაქტო მონაცემები, რომლებისგანაც შესაძლებელია სარწყავი სისტემის შეძენა, ანალიზების სია, ლაბორატორიების სია და კოორდინატები და დოკუმენტაციის ნიმუშები იხილეთ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება