პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ავტომობილის დაზღვევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი რისკები

ავტომობილის დაზღვევით ძირითადად იფარება შემდეგი რისკები:

  • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა
  • ქურდობა, ძარცვა, გატაცება, ყაჩაღობა და მათი მცდელობა
  • ხანძარი, აფეთქება
  • მესამე მხარეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვანდალიზმი
  • საგნების ვარდნა
  • სტიქიური მოვლენები: წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, მიწისძვრა, სეტყვა …

ნახეთ სადაზღვევო კომპანიის შემოთავაზებაში რა რისკების კომბინაციებია შეტანილი, ზოგიერთი დაზღვევა შეიძლება ყველა რისკს ფარავდეს, ზოგიერთში შეიძლება არ იყოს შეტანილი ამ რისკების ნაწილი. მაგალითად, ზოგიერთი პოლისი შეიძლება ფარავდეს უფლებამოსილი მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას, ზოგიერთში კი ეს შემთხვევა გამონაკლისებში ანუ დაუზღვეველ რისკებში იქნება შეტანილი; ზოგიერთი პაკეტი შეიძლება ფარავდეს ავტომობილის გარე დეტალების (სარკეების, საბურავები, დისკები) ქურდობის რისკს, ზოგი – არა. რაც უფრო მეტი რისკი იფარება, მით უფრო ძვირია დაზღვევა. რაც უფრო ცოტა რისკს ფარავს დაზღვევა, მით უფრო ნაკლებადაა დაცული დაზღვეულის ინტერესები. 

სწორად შეარჩიეთ სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი

სადაზღვევო თანხის ანუ სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლო მაქსიმალური სიდიდე სხვადასხვა რისკისთვის შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, ავტომობილის მოპარვის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულების 100 %, ხოლო მინების, სარკეების და სხვა დეტალების მოპარვის შემთხვევებზე, როგორც წესი, ანაზღაურების ლიმიტის მნიშვნელოვნად დაბალი ზღვარი წესდება. სადაზღვევო თანხა გამოითვლება ავტომობილის რეალური ღირებულების მიხედვით. თუ სადაზღვევო თანხა მეტია რეალურ ღირებულებაზე, რისკების დადგომის შემთხვევაში (მაგალითად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად სრული განადგურებისას) დაზღვეული მაინც ვერ მიიღებს ავტომობილის მანამდე არსებულ რეალურ ღირებულებაზე მეტ ანაზღაურებას, ხოლო თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია მის რეალურ ღირებულებაზე, ზარალის დადგომისას დაზღვეული ამდენჯერვე ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებს (მაგალითად, თუ ავტომობილის რეალური საბაზრო ღირებულებაა 10,000 ლარი, ხოლო სადაზღვევო დაფარვის ლიმიტია 8,000 ლარი ანუ 80 %, ზარალის დადგომისას დაზღვეული მიიღებს ზარალის არა 10, არამედ 80 %-ს). 

გაითვალისწინეთ ფრანშიზა

ესაა ზარალის ის ნაწილი, რომელსაც სადაზღვევო კომპანია ზარალის დადგომისას არ ანაზღაურებს. მაგალითად, თუ ზარალის სიდიდეა 750 ლარი და ფრანშიზას სიდიდეა 100 ლარი, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს 750 – 100 = 650 ლარს. ფრანშიზა შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს გამოთვლილი, მაგალითად, შეიძლება იყოს ფიქსირებული თანხა ან მითითებული იყოს % ზარალიდან (თუ ფრანშიზაა ზარალის 10 % და ზარალია 750 ლარი, სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს 750 – 750 * 10 / 100 = 675 ლარს.) ფრანშიზა შეიძლება ნულოვანიც იყოს. რაც უფრო მაღალია ფრანშიზა, მით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს დაზღვეული, რაც უფრო დაბალია ფრანშიზა, მით უფრო ძვირდება დაზღვევა. 

დააზუსტეთ უფლებამოსილი მძღოლების სია

მიაქციეთ ყურადღება ვინ შეიძლება იყოს უფლებამოსილი მძღოლი, შეიძლება სადაზღვევო კომპანია ზოგიერთ შეზღუდვას აწესებდეს, მაგალითად, დაზღვევა მოქმედებდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს მართავს დაზღვეულის მიერ მითითებული 21 წელზე უფროსი ასაკის მძღოლი მინიმუმ 3-წლიანი მართვის გამოცდილებით. უფლებამოსილი მძღოლების რაოდენობა შეიძლება იყოს შეზღუდულიც და შეუზღუდავიც.

დეტალურად შეისწავლეთ გამონაკლისები

ეს არის ის რისკები და შემთხვევები, რომელთა დადგომისას სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ზარალს. გამონაკლისების მაგალითებია: ქურდობით ან ძარცვით დამდგარი ზარალი, თუ ამ დროს ავტომობილში დატოვებული იყო გასაღები ან/და კარი იყო ღია; ავტომობილის გაუფასურება, ამორტიზაცია, ცვეთა; ზარალი, თუ ავტომობილს მართავდა არა უფლებამოსილი მძღოლი; უფლებამოსილი მძღოლის ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ყოფნისას დამდგარი ზარალი; ფეთქებადსაშიში, თვითაალებადი, ადვილადაალებადი ნივთიერების ან საგნის გადაზიდვის შედეგად დამდგარი ზარალი; ომი, სამოქალაქო მღელვარება, ტერორიზმი…

დაზღვეულის ვალდებულებები

კარგად გაეცანით თქვენს ვალდებულებებს, მათი შეუსრულებლობა შეიძლება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის მიზეზად იქცეს. დაზღვეულის ვალდებულებების მაგალითებია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას საპატრულო პოლიციის გამოძახება, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ სადაზღვევო კომპანიის ინფორმირება, სადაზღვევო პრემიის (დაზღვევის საფასურის) დროულად და სრულად გადახდა, სადაზღვევო კომპანიისთვის წარდგენილ ინფორმაციაში ცვლილებების შემთხვევაში მისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება…

დაზღვევის შერჩევამდე კარგად გაეცანით რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის დაზღვევის პირობებს, სადაც მოცემულია ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, ტერმინების განმარტება, სადაზღვევო პრემიის (დაზღვევის საფასურის) გადახდის პირობები, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას აუცილებელი ქმედებები, ზარალის დარეგულირების პირობები და სხვ.  გაუგებარი და ბუნდოვანი საკითხები დააზუსტეთ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთან. სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაზღვევის ფასი ავტომობილის ღირებულების 2 %-დან 7,5 %-მდეა და ის დამოკიდებულია ავტომობილის ასაკზე, ავტომობილის ტიპზე, მძღოლ(ებ)ის გამოცდილებაზე და სხვა ფაქტორებზე.

2017 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით საქართველოში ლიცენზირებული 14 სადაზღვევო კომპანიიდან 13 ახორციელებს ავტომობილების დაზღვევას. საქართველოში რეგისტრირებული 1,2 მილიონამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 2017 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოს დაზღვეული იყო 56,112 ერთეული ანუ ავტოპარკის 5 %-ზე ნაკლები. ავტომობილების დაზღვევით მიღებულმა პრემიამ 22,1 მილიონი ლარი (მთელი ბაზრის 16,5 %) შეადგინა, გაცემულმა სადაზღვევო ანაზღაურებებმა კი – 11,7 მილიონი ლარი.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება