ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

რჩევები მეწარმეობის მსურველებს

გერი ვეინერჩაკმა, ბელარუს-ამერიკელმა მეწარმემ და ინვესტორმა, საკუთარი საქმიანობა ღვინის ექსპერტობით დაიწყო და საოჯახო ღვინის ბიზნესი $3 მლნ-დან $60 მლნ-ის ღირებულებამდე გაზარდა. მისი საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიას. გერი ვეინერჩაკი შემდეგ რჩევებს უზიარებს ბიზნესის დაწყებით დაინტერესებულ პირებს:

“მეწარმეობა მძიმე საქმიანობაა და ის ყველასთვის არ გამოდგება. მას შემდეგ, რაც რეალისტური წარმოდგენა შეგექმნებათ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ხართ და რისი გაკეთება გსურთ და გადაწყვეტთ ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმას, ალბათ გამოგადგებათ ის რჩევები, რასაც დამწყებ მეწარმეებს ვაძლევ-ხოლმე:

იყავით პრაქტიკულნი ფულთან მიმართებაში:

ძალიან ბევრი “მეწარმე” იწყებს ბიზნესს ისე, რომ არ აქვს გააზრებული ფულის შოვნის და მოგების მიღების მნიშვნელობა. იმის მაგივრად, რომ ფოკუსირება მოახდინოს მიმდინარე ფინანსურ საჭიროებებსა და კომპანიის შენებაზე, ის იწყებს 4 წლის შემდეგ მისაღები შემოსავლების თვლას. ეს პრაქტიკულობის ნაკლებობის მაჩვენებელია.

ფული ჟანგბადია. იცით თუ არა რა რაოდენობის ფული უნდა დატოვოთ ბრუნვაში და რამდენ ხანს? გაქვთ თუ არა ერთი წლის ოფისის ქირავნობის თანხა? დამწყები მეწარმეები ხშირად უშვებენ ფულის მიმოქცევის გაუაზრებლობასთან დაკავშირებულ შეცდომას. უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი ქმედებები საწყის ეტაპზე თანხვდება იმ ფაქტს, რომ თანხა მუდმივად გაედინება კომპანიიდან. მოგების მიღებამდე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. დამწყები მეწარმეების ხშირად დაშვებული შეცდომებიდან გამოვყოფ შემდეგი ორს:

მათ არ აქვთ მოზიდული სახსრები და საწარმოო კაპიტალი. მათ მხოლოდ 6 თვის სამყოფი თანხა აქვთ საკუთარი ბიზნეს-მიზნების შესასრულებლად, სამაგიეროდ ოცნებობენ სრულყოფილ სცენარებზე, “მეწარმეობის” მესამე დღეს კი იაზრებენ, რომ ფული ამოეწურათ.

მათ იმდენად ბევრი ფული აქვთ, რომ ვერ ივითარებენ საჭირო “კუნთს” შემოსავლის მისაღებად.  ისინი ფიქრობენ რომ $150,000-ის დაკარგვა არაფერია და მომგებიანი ბიზნესის აგების მაგივრად მთელი მათი ენერგია შემდეგ რაუნდზეა მობილიზებული.

აუცილებელია იმის გააზრება, რომ ქირის, მარაგებისა და ინვენტარისთვის თანხის გადახდაა საჭირო და ბიზნესის დაწყებისას ფული ადვილად ილევა.

გაიაზრეთ, რომ კომპანიის შექმნა დიდ დროს მოითხოვს:

ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ მინიმუმ ერთი წელი თქვენ ვერ მისცემთ თავს ბიზნესის გარდა სხვა რამის კეთების უფლებას. არავითარი “სამეფო კარის თამაშები” და გვიანი წვეულებები მეგობრებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ სახიფათო ზონაში იმყოფებით, სადაც თითოეულ წუთი (უფრო ზუსტად, 18 საათი დღის განმავლობაში) ბიზნესზე უნდა იყოს მიმართული. ბიზნესმა შეიძლება მსხვერპლად შეიწიროს ოჯახთან გატარებული დროც და თქვენ ამისთვის მზად უნდა იყოთ. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიტიკურად კორექტულ სამყაროში, სადაც “ჩემი დრო” და “ოჯახის დრო” ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიუხედავად, თუ გაქვთ ბიზნესის დაწყების ამბიცია, ამ დათმობებზე წასვლაც მოგიწევთ. რაც უფრო დიდ ბიზნესს ააშენებთ, მით მეტი წლის დამატება მოგიწევთ პირველი წლის რეჟიმისთვის.

მყარად იდექით საკუთარ სიტყვაზე:

ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს-რჩევა, რაც მიმიღია, იყო მამის სიტყვები: “შენი სიტყვა არის შენი ვალდებულება. თუ აიღე საკუთარ თავზე 100 ბოთლი ღვინის ყიდვა მაღაზიისთვის და ღვინის ჩამოსვლამდე 1 კვირით ადრე აზრი შეიცვალე, მაშინ ასივე ბოთლის დალევა თავად მოგიწევს, რადგან შენ უკვე აიღე საკუთარ თავზე მათი ყიდვის ვალდებულება.”

თუ გადაწყვეტეთ რამე, მნიშვნელობა არ აქვს გარემოების ცვლილებას, თქვენ ეს უნდა გააკეთოთ. სასწორზე მხოლოდ თქვენი ბიზნეს-ბრენდი კი არ დევს, არამედ თქვენი პიროვნების ბრენდი და რეპუტაცია. არასწორმა ბიზნეს-გადაწყვეტილებებმა შეიძლება თქვენი სტატუსი რისკის ქვეშ დააყენოს. ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესების უმეტესობა 18 თვეში მარცხს განიცდის. ამის მთავარ მიზეზად მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა არ იცის, თუ როგორი რთულია ამის კეთება, თუ რამდენ ძლიასხმევას მოითხოვს და რამდენი უნარია საჭირო წარმატებული ბიზნესმენობისთვის.”

***

სტატიის წყაროა: businessinsider.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება