პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

რჩევები მეწარმეებს: როგორ მოვიხადოთ ბოდიში

“ყველა ვითარებისთვის შესაფერისი ბოდიშის ფორმა, სამწუხაროდ, არ არსებობს. სამაგიეროდ უხვადაა მისი უვარგისი ვარიანტი.

ყველაზე უარესი ფორმალური მობოდიშებაა, რომელშიც დანაშაულის აღიარება არ იგრძნობა. მაგალითად: “ძალიან ვწუხვარ, რომ ამან გაგაღიზიანათ” , ანდა “ვწუხვარ, თუ მოლოდინი ვერ გაგიმართლეთ”.

ნამდვილი მობოდიშება პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. მასში პირობით კილოს ადგილი არ აქვს (წინადადებაში “თუ”-ს ჩართვა თქვენს მერყეობასა და უამბიციობას მიანიშნებს). გარდა ამისა, მასში მითითებული უნდა იყოს მომხდარის წვრილმანები და ყველა ზომა, რომელსაც მომხდარის პრევენციისთვის მიიღებთ. და რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგრჩეთ, როგორ აპირებთ დაშვებული შეცდომის გამოსწორებას.

ბოდიშის მოხდის იდეალური ფორმა არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ყველაფრის წამალი. ნებისმიერი შაბლონური პასუხი ხელოვნურად გაიჟღერებს და მხოლოდ გაურკვევლობას დატოვებს. გამოსავალი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა ვეძებოთ.

სანამ რამეს იტყოდეთ, წარმოიდგინეთ – თავად როგორ მიიღებდით ასეთ მობოდიშებას? დაუჯერებდით თუ არა ამ სიტყვებს?

გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ “ლამაზი” ბოდიშიც ვერ გიშველით თუ ადამიანთა ნდობას არ დაიმსახურებთ. ამ მიმართულებით განხორციელებულ თქვენს ქმედებებს ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პატიების თხოვნისას წარმოთქმულ სიტყვებს. თუკი კლიენტებთან სულიერ სიახლოვეს დაამყარებთ, მათ ეჭვი არ შეეპარებათ თქვენს გულახდილობასა თუ გულისტკივილში და რთულ ვითარებაში აუცილებლად მოგცემენ ნდობის მანდატს.”

***

სტატიის წყარო: “ბიზნესი ცრურწმენების გარეშე”, ავტ: ჯეისონ ფრაიდი & დევით ჰაინემაიერ ჰანსონი , გამომცემლობა: ლურჯი ოკეანე. 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება