ოთხშაბათი , ნოემბერი 20 2024
geen

ემოციური ინტელექტი ბიზნესში

პირველად  ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში  უმაღლესი  IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური ინტელექტი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ბრწყინვალე მომუშავეს დანარჩენებისგან გამოარჩევს.

ემოციური ინტელექტი თითოეულ თქვენგანს აქვს. ის გავლენას ახდენს თქვენს ქცევაზე,  სოციალური სირთულეების გამკლავების ხარისხსა და გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებზე.  EQ (ემოციური ინტელექტი) 4 მთავარი უნარისგან შედგება, რომლებიც  2  კომპეტენციის ქვეშ წყვილდებიან: პიროვნული კომპეტენცია და სოციალური კომპეტენცია.

პიროვნული კომპეტენცია

პიროვნული კომპეტენცია არის უნარი უკეთ გაიცნოთ საკუთარი ემოციები და მართოთ თქვენი ქცევა და მიდრეკილებები

  • საკუთარი თავის ცოდნა საკუთარი ემოციების ზუსტად აღქმის უნარია
  • საკუთარი თავის მართვა არის საკუთარი ემოციების შესახებ ცოდნის გამოყენება იმისათვის, რომ თქვენი ქცევა მოქნილი და პოზიტიური იყოს
სოციალური კომპეტენცია

სოციალური კომპეტენცია შედგება სოციალური ცოდნისა და ურთიერთობების მართვის უნარისაგან. მისი საშუალებით სხვა ადამიანების განწყობას, ქცევასა და მოტივებს იგებთ, რაც საშუალებას გაძლევთ მათ ქცევებს ეფექტურად უპასუხოთ და გააუმჯობესოთ საკუთარი ურთიერთობების ხარისხი.

  • სოციალური ცოდნა სხვა ადამიანების ემოციების მიხვედრის უნარია
  • ურთიერთობების მენეჯმენტი არის ურთიერთობების წარმატებით სამართავად თქვენი და სხვების ემოციების შესახებ ცოდნის გამოყენება

ემოციური ინტელექტი, IQ და პიროვნულობა ერთმანეთისგან განსხვავდება. ემოციური ინტელექტი ადამიანური ქცევის ფუნდამენტური ელემენტია. არ არსებობს კავშირი IQ-სა და EQ-ს შორის. თქვენ არ შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ ვინმეს ემოციური ინტელექტი მისი გონებრივი შესაძლებლობების მიხედვით. ემოციური ინტელექტი მთელი რიგი უნარების მოქნილი რიგია, რომელთა შეძენა და გაუმჯობესება შესაძლებელია პრაქტიკაში. პიროვნულობა ამ რგოლის ბოლო ნაწილია. იგი მოიცავს ისეთ მიდრეკილებებს, როგორიცაა ინტროვერტიზმი და ექსტროვერტიზმი. პიროვნულობა, IQ-ს მსგავსად  სტაბილურია და ასაკთან ერთად ნაკლებად იცვლება, ამასთანავე მისი საშუალებით შეუძლებელია ემოციური ინტელექტის გამოცნობა. IQ, პიროვნულობა და ემოციური ინტელექტი უნიკალურ საფუძველს წარმოადგენს ადამიანის ქცევის ამოსაცნობად.

რამდენად დიდი გავლენა აქვს ემოციურ ინტელექტს პროფესიულ წარმატებაზე? მოკლე პასუხია: ძალიან დიდი! მისი ფლობა აადვილებს საკუთარი ენერგიის ფოკუსირებას ერთი მიმართულებით. თქვენი ემოციური ინტელექტი გავლენას ახდენს თითქმის ყველაფერზე, რასაც დღის განმავლობაში აკეთებთ და ამბობთ.

ჩატარებული კვლევების თანახმად, საუკეთესო მომუშავეების 90%  სწორედ ემოციური ინტელექტითაა დაჯილდოებული. მეორე მხრივ, ცუდი მომუშავეების მხოლოდ 20%  ფლობს ემოციურ ინტელექტს. შეგიძლიათ იყოთ კარგი მომუშავე EQ-ს გარეშე, მაგრამ ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

ბუნებრივია, მაღალი EQ-ს მქონე ხალხი სხვებთან შედარებით უფრო მეტ ფულსაც გამოიმუშავებს – საშუალოდ $ 29,000-ით მეტს წლიურად (აშშ-ის მაგალითზე). ეს მიგნება ყველა ადამიანის მიმართ მუშაობს  ინდუსტრიისა და მათი სამუშაო ადგილის მიუხედავად. გაგიჭირდებათ ისეთი სამსახურის მოძებნა, სადაც მუშაობის ხარისხი და ანაზღაურება მჭიდროდ არ იქნებოდა მიბმული ემოციურ ინტელექტზე.

თქვენ შეგიძლიათ ემოციური ინტელექტის გაზრდა

კომუნიკაცია თქვენს ემოციურ და რაციონალურ „ტვინებს“ შორის ემოციური ინტელექტის ფიზიკური წყაროა. EQ-ს გზა ხერხემლის ტვინიდან იწყება, სადაც მთავარი შეგრძნებები იყრის თავს და მოგზაურობს ტვინის წინა მხარისკენ. შესაბამისად, მოვლენის მიმართ ემოციური რეაქცია ჯერ კიდევ მაშინ გაქვთ, სანამ რაციონალური აზროვნება ჩაერთვება ამ პროცესში. ემოციური ინტელექტი მოითხოვს ეფექტურ კომუნიკაციას ტვინის რაციონალურ და ემოციურ ცენტრებს შორის. პრაქტიკულობა არის ტერმინი, რომელსაც ნევროლოგები იყენებენ ტვინის ცვლილების უნარის ასახსნელად. როცა პრაქტიკაშიც გამოცდით ახალ ინტელექტუალურ უნარებს, მილიარდობით მიკროსკოპული ნეირონები  ტვინის რაციონალურ და ემოციონალურ ცენტრებს შორის განლაგდება და მცირე „მკლავებით“ სხვა უჯრედებთან მიღწევას ცდილობს. თითოეულ უჯრედს შეუძლია 15,000 კავშირის დამყარება მეზობლებთან. ეს ჯაჭვური რეაქცია უზრუნველყოფს მომავალში ახალი ქცევის პრაქტიკაში მოყვანის გაადვილებას. რადგანაც თქვენ ავარჯიშებთ ტვინს ახალი ემოციური ინტელექტის მქონე ქცევებით, თქვენი ტვინი აგებს გზებს, რომლებიც საჭიროა მათი ქცევად გარდასაქმნელად. თქვენ ამაზე ფიქრის გარეშე იწყებთ ემოციური ინტელექტით გარემოცვაზე რეაგირებას. როცა ტვინი აძლიერებს ახალი ქცევების გამოყენებას, ძველი დესტრუქციული ქცევების კავშირები მათი გამოყენების შეზღუდვასთან ერთად კვდება.

***

სტატია შექმნილია entrepreneur.com-ის მონაცემების საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება