ოთხშაბათი , აპრილი 17 2024
geen

პრობლემის გადაჭრის გზა: 5 რატომ

„5 რატომ“ იკვლევს მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას პრობლემის ანალიზში. იგი იყენებს  „რატომ?“ კითხვის განმეორებითი დასმის ტექნიკას. თითოეული პასუხი ქმნის შემდეგი კითხვის ფორმირების საფუძველს. კითხვა-პასუხის ამ ჯაჭვს მივყავართ პრობლემის მთავარი მიზეზის განსაზღვრამდე და  გვეხმარება მის მოგვარებაში. შეგვიძლია გამოვიყენოთ ექვსი, შვიდი ან უფრო მეტი „რატომ“, თუმცა უმეტესად „5 რატომ“  სრულიად საკმარისია პრობლემის მთავარი მიზეზის გამოსავლენად.

პრობლემის მაგალითი: კლიენტი უარზეა გადმორიცხოს ჩვენ მიერ დაბეჭდილი ბროშურების საფასური.

  1. რატომ?
  • ვერ შევძელით ბროშურების დროული მიწოდება, რის გამოც აღარ მოხდა მათი მიზნობრივი გამოყენება.
  1. რატომ?
  • ამობეჭდვამ იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ველოდით.
  1. რატომ?
  • კარტრიჯი გაგვითავდა.
  1. რატომ?
  • მთელი კარტრიჯი სხვა შეკვეთაში იქნა გამოყენებული.
  1. რატომ?
  • არ გვქონდა საკმარისი კარტრიჯის მარაგი და დროულად ვერ მოხდა ახალი კარტრიჯების შეკვეთა.

როგორც ხედავთ, თითოეული პასუხი კონკრეტულ ფაქტზეა დაფუძნებული, ბოლო მათგანი კი პრობლემის მთავარ მიზეზს გვკარნახობს. აღნიშნული კვლევის გარეშე შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩენოდა მნიშვნელოვანი დეტალები და  მეორეხარისხოვანი პრობლემების მოგვარება დაგვეწყო.

„5 რატომ“ არის მარტივი ინსტრუმენტი, რომელიც ყოველგვარი რთული სტატისტიკური ანალიზის გარეშე განსაზღვრავს პრობლემის  გამომწვევ ფაქტორებს და მათ შორის დამოკიდებულებას. მისი გამოყენება სასარგებლოა მაშინ, როცა პრობლემა ადამიანებს, ურთიერთობებს ან  ყოველდღიურ ბიზნეს-ცხოვრებას ეხება.  „5 რატომ“  ეფექტურია მცირე ან საშუალო სირთულის პრობლემის ანალიზისას, ხოლო კომპლექსური პრობლემის კვლევა უფრო დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას მოითხოვს.

თუ სწორ კითხვას არ დასვამთ, ვერ მიიღებთ სწორ პასუხს. სწორად დასმული შეკითხვა კი ხშირად თვითონ გვკარნახობს დიაგნოზს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება