ხუთშაბათი , მარტი 28 2024
geen

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი II

პოზიტიურობა და საქმიანობა

დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება მხოლოდ ჯანმრთელობას არ რგებს. მარტინ სელიგმანმა პოზიტიურობისა და ეფექტური მუშაობის კავშირიც შეისწავლა. ერთ-ერთ კვლევაში მან გამოავლინა სადაზღვევო კომპანიები, რომლის პერსონალიც ოპტიმისტურად იყო განწყობილი და კომპანიები, რომლის კადრებიც პესიმისტური ხედვით გამოირჩეოდნენ. კვლევა მოიცავდა მათ დამოკიდებულებას მარცხთან, რომლის მიზეზიც ან პიროვნული ნაკლოვანება იყო ან გარემოება, რომლის გაუმჯობესებაც მათ შეეძლოთ. ოპტიმისტებმა 37%-ით მეტი სადაზღვევო პაკეტი გაყიდეს, ხოლო ორჯერ მეტმა პესიმისტმა კომპანია დასაქმებიდან 1 წლის განმავლობაში დატოვა.

სელიგმანს სჯერა პესიმისტური აზრებისა და ტენდენციების ცვლილების მარტივი ძალისხმევითა და ცოდნით. მისი აზრით, შესაძლებელია პესიმისტური აზროვნების ოპტიმისტურად გარდაქმნა კონკრეტული ტექნიკის საშუალებით, რომელიც გრძელვადიან პერიოდში იმუშავებს. თქვენს ტვინს მხოლოდ მცირე დახმარება სჭირდება ნეგატიური შინაგანი ხმის ჩასახშობად. გაეცანით ორ მარტივ ნაბიჯს, რომელიც მოამზადებს თქვენს ტვინს დადებითზე ფოკუსირებისთვის:

ნაბიჯი 1. განაცალკევეთ ერთმანეთისგან ფაქტი და წარმოსახვა

თავდაპირველად, უნდა გაიგოთ, როგორ უნდა შეაჩეროთ საკუთარ თავთან ნეგატიური საუბრები. რაც უფრო მეტად უღრმავდებით უარყოფით აზრებს, მით მეტ ენერგიას აძლევთ მათ. თქვენი ნეგატიური აზრების უმეტესობა არის აზრი და არა ფაქტი.

როდესაც საკუთარ თავში დააფიქსირებთ უარყოფითი და პესიმისტური რამის დაჯერების მომენტს, შეწყვიტეთ რასაც აკეთებთ და სასწრაფოდ ჩაიწერეთ აზრები. ერთხელ გადალახული უარყოფითი აზროვნების პროცესი უფრო რაციონალურსა და მკაფიოს გახდის თქვენს გონებას მსგავსი აზრების შეფასებისას. შეაფასეთ ჩაწერილი აზრები იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამებიან სიმართლეს. შეგიძლიათ დარწმუნდეთ მათ არარეალურობაში, თუ ხშირად გხვდებათ სიტყვები, როგორებიცაა: არასოდეს, ყოველთვის, ყველაზე ცუდი და ა.შ.

ნუთუ ყოველთვის კარგავთ გასაღებს? რა თქმა უნდა, არა. შეიძლება ხშირად გავიწყდებათ, მაგრამ უმეტესად მაინც გახსოვთ სად ინახავთ. არ აპირებთ პრობლემის გადაჭრის გზის პოვნას? იქნებ საკუთარ თავს წინააღმდეგობას უწევთ, რომ დახმარება ითხოვოს? თუ ეს სერიოზული პრობლემაა თქვენთვის, რატომ კარგავთ დროს კედელზე თავის რტყმაში? თუ თქვენი განცხადებები ფურცელზეც  რეალური ჩანს, აჩვენეთ ის მეგობარს ან კოლეგას, რომელსაც ენდობით და მოუსმინეთ მათ.

როცა გგონიათ, რომ რაღაც მუდმივად ან არასოდეს ხდება თქვენს ცხოვრებაში, დაიმახსოვრეთ, რომ ეს ტვინის ბუნებრივი ტენდენციაა საფრთხის მიმართ და გამოიხატება მოვლენის სიმძიმისა თუ სიხშირის გაზვიადებაში. აზრების იდენტიფიცირება და მათთვის სახელის დარქმევა, ასევე მათი ფაქტებისგან გამიჯვნა დაგეხმარებათ ნეგატიურობის წრიდან თავის დაღწევაში.

ნაბიჯი 2. გამოავლინეთ პოზიტიური

ახლა, როცა თქვენ გაქვთ ინსტრუმენტი თვითგანადგურებისა და უარყოფითი აზრებისგან თავის დასაცავად, დროა დაეხმაროთ ტვინს ისწავლოს, რაზე მოახდინოს ფოკუსირება – ანუ, ასწავლეთ მას პოზიტიური აზროვნება.

ეს თავისთავად მოვა პრაქტიკის შემდეგ, მაგრამ პირველ რიგში კარგი იქნება, თუ თქვენს „მოხეტიალე“ გონებას მისცემთ მიმართულებას და გაცნობიერებულად შეარჩევთ რაიმე დადებითს საფიქრალად. ნებისმიერი პოზიტიური აზრი გონების ყურადღების რეფოკუსირებას მოახდენს. როცა ყველაფერი კარგად მიდის და კარგ ხასიათზე ხართ, ეს ამოცანა ადვილია. მაგრამ როცა წარუმატებელი პერიოდი გიდგათ, ამის გაკეთება უკვე გამოწვევად იქცევა. მსგავს მომენტებში, იფიქრეთ თქვენს დღეზე და გამოავლინეთ ერთი დადებითი მოვლენა, რაც ამ დღეს მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მცირე იყო. თუ არ შეგიძლიათ მიმდინარე დღეზე ფიქრი, გაიხსენეთ გუშინდელი დღე ან გასული კვირა. ან იქნებ ამაღელვებელ მოვლენას ელოდებით მომავალში. მაშინ იფიქრეთ მასზე.

სავარჯიშოს აზრი მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ რაღაც დადებითი, რაზეც შეგიძლიათ ყურადღების გადატანა. პირველ ნაბიჯზე, ისწავლეთ, თუ როგორ გამოგლიჯოთ უარყოფით აზრს ენერგია რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გამიჯვნით. მეორე ნაბიჯზე, გამოსცადეთ ნეგატიური აზრის დადებითით ჩანაცვლების პროცესი. როცა დაიჭერთ დადებით აზრს, ყურადღება მიაპყარით ამ აზრს ყოველ ჯერზე, როცა ნეგატივიზმში ჩაიძირებით. თუ ეს ზედმეტად რთულია, შეგიძლიათ განაგრძოთ აზრების ჩაწერის პრაქტიკა.

***

სტატიის წყაროა entrepreneur.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება