ხუთშაბათი , ნოემბერი 14 2024
geen

ნდობა და უმაღლესი კეთილსინდისიერება

‘‘იყავი სამართლიანი – ყველგან ჩასაფრებულია შურისმაძიებელი’‘. NN

ნდობა და უმაღლესი კეთილსინდისიერება

ყველა სახის საქმიანი ურთიერთობა უნდა ეყრდნობოდეს უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპს ანუ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს ტყუილი ან ტყუილის განზრახვა. სადაზღვევო ურთიერთობები ეფუძნება მხარეთა ურთიერთნდობას და კონფიდენციალობის მოთხოვნებს.

უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი ნიშნავს მხარეთა ვალდებულებას შეატყობინოს მეორე მხარეს ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი, რომელიც მოახდენდა გავლენას მეორე მხარის გადაწყვეტილებაზე, დაედო თუ არა ხელშეკრულება.

სადაზღვევო ხელშეკრულების დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სადაზღვევო ორგანიზაციამ უნდა გაანალიზოს რისკი, უნდა მოახდინოს რისკის რეგისტრაცია და ამის შემდეგ გადაწყვიტოს იღებს თუ არა რისკს და როგორი იქნება მისი დაზღვევის პირობები. სადაზღვევო საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაზღვევი ობიექტისა და რისკის შესახებ ცოდნას ფლობს (ან უნდა ფლობდეს) მხოლოდ ერთი მხარე – დამზღვევი – და იგი ვალდებულია გადასცეს სადაზღვევო ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია. სადაზღვევო ორგანიზაცია დამზღვევისაგან მოითხოვს გარკვეული სახის მონაცემებს, ასევე მოითხოვს იმ ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც არ ყოფილა სპეციალურად მოთხოვნილი, მაგრამ ეხება დასაზღვევ ობიექტს და რისკს. ამავე დროს, არაა გამორიცხული სადაზღვევო ორგანიზაციას ჰქონდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არაა ცნობილი დამზღვევისათვის. ბუნებრივია, სადაზღვევო ორგანიზაციაც ვალდებულია გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია და არ დაუშვას დამზღვევის მხრიდან არასრული ან სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების მიღება.

უმაღლესი კეთილსინდისიერება დაზღვევაში

დაზღვევაში უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი ნიშნავს ა) დამზღვევის ვალდებულებას შეატყობინოს სადაზღვევო ორგანიზაციას ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი, ანუ ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც იმოქმედებდა ფრთხილი მზღვეველის გადაწყვეტილებაზე მიეღო თუ არა დასაზღვევად მოცემული რისკი და თუ მიიღებდა – რა პირობებით, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს ინფორმაცია მოთხოვნილი; და ბ) სადაზღვევო ორგანიზაციის ვალდებულებას გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უცნობია დამზღვევისათვის და რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სადაზღვევო ურთიერთობებზე.

უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა უმნიშვნელოვანესია სრულფასოვანი სადაზღვევო ურთიერთობებისათვის.

დამზღვევი სადაზღვევო ორგანიზაციას წარუდგენს მონაცემებს, რომლის დეტალურად გადამოწმების საშუალება სადაზღვევო ორგანიზაციას არ აქვს და იგი სადაზღვევო ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღებისას ენდობა დამზღვევს, რომელიც პასუხისმგებელია რისკის შესახებ სრული და ნამდვილი ინფორმაციის წარდგენაზე.

ამ პრინციპის დარღვევის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაციას შესაძლოა მოუწიოს უსაფუძვლო ზარალის განაცხადის დაკმაყოფილება. თუმცა, ზარალის დადგომის შემთხვევაში სადაზღვევო ორგანიზაცია აწარმოებს შემთხვევის ყველა გარემოების კვლევა-ძიებას, ამოწმებს დამზღვევის მიერ წარდგენილი მონაცემების სისრულეს და შესაბამისობას სინამდვილესთან და დამზღვევის მიერ მნიშვნელოვანი ფაქტების დაფარვა (თუ ამან გავლენა მოახდინა ზარალის დადგომაზე / მის სიდიდეზე) შესაძლებელია გახდეს სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უმაღლესი კეთილსინდისიერების პრინციპი ვრცელდება ზარალის დადგომის შემთხვევაზეც – დამზღვევმა აუცილებლად უნდა შეატყობინოს ამის შესახებ სადაზღვევო ორგანიზაციას და მიაწოდოს ზარალის დადგომასთან და მის სიდიდესთან დაკავშირებული ყველა არსებითი ფაქტი. ასევე სადაზღვევო ორგანიზაციამ არ უნდა დაუმალოს დამზღვევს ამ უკანასკნელისათვის უცნობი მონაცემები, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, ვადებზე, სიდიდეზე.

***

სტატია არის ამონარიდი გიორგი გიგოლაშვილის წიგნიდან ”სადაზღვევო საქმე” (მე-2 გამოცემა, ISBN 978-9941-0-4795-4).

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება