ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

მიზნების დასახვის სისტემა S.M.A.R.T.

მიზანი არის ზუსტი საბოლოო შედეგი – ის, რისი მიღწევაც სურს ადამიანს თუ კომპანიას. მიზნის გონივრულად დასახვა მეორეხარისხოვანს და უსარგებლოს გვაცილებს თავიდან და გვაძლევს ძირითადზე კონცენტრირების საშუალებას.

1981 წელს ჟურნალში “Management Review” გამოქვეყნდა ჯორჯ დორანის ნაშრომი “SMART-გზა მენეჯმენტის მიზნების და ამოცანების განსაზღვრისთვის”, რომლის მთავარი აზრი იყო შემდეგი: თუ მიზნები და ამოცანები ბუნდოვანია, რთულდება საქმის კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, ნაკლები ბერკეტი გვრჩება წარსულში დაშვებული შეცდომების განმეორების თავიდან ასაცილებლად. კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში გათვლილი მიზნები თავის მხრივ იძლევა იმის წინაპირობას, რომ საქმის მართვის სადავეები ჩვენს ხელში დარჩება, წარუმატებლობის შემთხვევაში კი გამარტივდება მისი მიზეზის იდენტიფიცირება. მეთოდმაც და აკრონიმმაც S.M.A.R.T. (სიტყვა SMART ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “ჭკვიანური”, “გონივრული”) მალე მოიპოვა პოპულარობა და იქცა მიზნების დასახვისთვის საჭირო კრიტერიუმად  ბიზნესში, პროექტის მართვაში, ადამიანური რესურსების მართვასა თუ პიროვნულ განვითარებაში. გთავაზობთ ამ მარტივ და ადვილად გამოყენებად მეთოდს.

Specific – მიზანი უნდა იყოს სპეციფიური, კონკრეტული, ცალსახად განსაზღვრული

გამორიცხეთ ყველა სახის ზოგადი ფორმულირება. ზუსტად განსაზღვრეთ ის საბოლოო შედეგი, რომლის მიღებაც გსურთ. უპასუხეთ კითხვებს: რას უნდა მივაღწიო? რატომ უნდა მივაღწიო? ვინაა ჩართული ამ პროცესში? რა ადგილზე/ტერიტორიაზე ვარ? როგორია შეზღუდვები და შესაძლებლობები? მიზნის ფორმულირებისას გამორიცხეთ ყველა გაუგებარი და ორაზროვანი სიტყვა.

Measurable – მიზანი უნდა იყოს გაზომვადი

როგორ გაიგებთ მიღწეულია თუ არა მიზანი? სასურველია მიზანი იყოს ბინარული ანუ კითხვაზე – მიღწეულია თუ არა მიზანი, არსებობდეს 2 შესაძლო პასუხი: “კი” ან “არა”. თუ შესაძლებელია, განსაზღვრეთ მიზნის მიღწევის ეფექტურობა (80 %, 100 %, 125 %).

Achievable – მიზანი უნდა იყოს მიღწევადი

მიზნები უნდა იყოს რეალისტური და მიღწევადი. გამორიცხეთ უკიდურესობები. მიზანი არ უნდა იყოს ისეთი დიდი, რომ გაშინებდეთ და არც ისეთი პატარა, რომ არ გაინტერესებდეთ. განსაზღვრეთ რეალური გზა, რომლითაც მიიღწევა მიზანი. გაითვალისწინეთ თქვენი რესურსები – კავშირები, ცოდნა, უნარ-ჩვევები და ფული.

Relevant – მიზანი უნდა იყოს შესაბამისი, ადექვატური, აქტუალური

მიზანი უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის თუ კომპანიის რეალურ საჭიროებებს. ის უნდა იყოს გამოსადეგი, დროული, შედეგიანი, მისიასა და სტრატეგიულ მიზნებზე მორგებული. დატესტეთ თქვენი მიზანი: ღირს კი ამის გაკეთება? ამ დროისთვის ეს მართლა გჭირდებათ? შეესაბამება თუ ეწინააღმდეგება თქვენს სხვა მიზნებს? შეესაბამება თქვენს რესურსებს? საუკეთესოა შესაძლო მიზნებს შორის?

Timed – მიზანი უნდა იყოს დროში განსაზღვრული

განსაზღვრეთ მიზნის მიღწევის ბოლო ვადა. ამის გარეშე მიზანი ოცნებას დაემსგავსება. ეს აუცილებელია მიზანზე კონცენტრირებისთვის, დროის მართვისთვის, ადამიანური სისუსტეების დაძლევისა და მეორეხარისხოვანი ამოცანების გამორიცხვისთვის. უპასუხეთ კითხვებს: როდის? სად უნდა ვიყო 1 თვის შემდეგ? 6 თვის შემდეგ? 1 წლის შემდეგ? რა უნდა გაკეთდეს ამისთვის ახლა? გამორიცხეთ სიტყვები “მერე”, “ხვალ”, “ოდესმ”.

მიზნის ნათლად და კონკრეტულად ხედვა განასხვავებს ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს, ძლიერ ბიზნესს მათგან, ვისაც სურვილის მიუხედავად არაფრისთვის მიუღწევია.

ცუდად დასახული მიზნის მაგალითია: “მე მსურს ჩემი საწარმოს პროდუქციის გაყიდვების გაზრდა”.

გონივრულად დასახული მიზნის მაგალითია: “მე მიზნად ვისახავ ჩემი საწარმოს პროდუქციის გაყიდვები 2016 წელს არსებული 50,000 ლარიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე გავზარდო 75,000 ლარამდე. ამისთვის მე მოვახდენ პროდუქტის ბრენდირებას ეფექტური ლოგოს, სლოგანის და შეფუთვის დიზაინის შემუშავებით, თვეში 350 ლარამდე გავზრდი სოციალურ ქსელებში რეკლამის ბიუჯეტს, ავითვისებ მინიმუმ 5 ახალ სავაჭრო ობიექტს და სარეალიზაციო ადგილზე განვათავსებ სარეკლამო აბრებს”.

დამატებითი რჩევები
  • მიზნის დასახვისას ყველაზე აქტიური როლი თქვენი უნდა იყოს, გამოიყენეთ აქტიური გვარის ზმნები (გავაკეთებ, შევცვლი, მივაღწევ) და არა პასიური (გაკეთდება, შეიცვლება, მიიღწევა)
  • იფიქრეთ იმაზე, რასაც გსურთ მიაღწიოთ და არა იმაზე, რაც გსურთ თავიდან აიცილოთ. ნუ გამოიყენებთ სიტყვებს “არ”, “არასოდეს”, “არსად”
  • ორიენტირი აიღეთ საუკეთესო საბოლოო შედეგზე (“ჩემი მიზანია გადავიდე ახალ ოფისში” – შეიძლება ეს ახალი ძველზე უარესი აღმოჩნდეს. დააკონკრეტეთ როგორი უნდა იყოს ახალი ოფისი, სად, რა ღირდეს და ა.შ.)
  • ნუ დააკისრებთ მთავარ როლს სხვა ადამიანს ან ორგანიზაციას თქვენი მიზნების მიღწევაში. თქვენ პასუხისმგებლობის აღება მხოლოდ თქვენს თავზე შეგიძლიათ
  • ნუ ჩართავთ მიზანში სხვებთან შედარებებს (თუ თქვენი მიზანია “მსურს მქონდეს კონკურენტზე მეტი მოგება” – კონკურენტმა შეიძლება წელი ზარალით დაასრულოს და თქვენთვის 1 ლარის მოგებაც უკვე ცუდად დასახული მიზნის მიღწევა იქნება)
  • დააბალანსეთ თქვენი მიზნები თქვენს პირად თუ თქვენი ბიზნესის სხვა მიზნებთან

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. სტატიის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – ”წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება