მზარდი მაჩვენებლით დაიწყო ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს. იანვრის თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა, ხოლო თებერვალში – 5.5%.
2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში – 2.7 %-ით, ხოლო მარტში – 2.8 %-ით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში 1.8 %-ს შეადგენდა.
2018 წლის იანვარში, ექსპორტი 26.0 %-ით ანუ 46 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო იმპორტის ზრდამ 18.8 % შეადგინა, რაც 94.6 მლნ აშშ დოლარი იყო. შედეგად, სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 48.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თებერვალში ექსპორტის ზრდამ 25.0 % შეადგინა, იმპორტი კი 8.7 %-ით გაიზარდა.
2018 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ზრდა შემდეგი პროდუქტების ექსპორტში დაფიქსირდა: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (წვლილი ზრდაში 8.8 პროცენტული პუნქტი), მსუბუქი ავტომობილები (წვლილი ზრდაში 7.7 პროცენტული პუნქტი), მინერალური სასუქები (წვლილი ზრდაში 5.0 პროცენტული პუნქტი), სიგარები (წვლილი ზრდაში 3.0 პროცენტული პუნქტი), ნავთობი და ნავთობპროდუქტები (წვლილი ზრდაში 2.0 პროცენტული პუნქტი) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (წვლილი ზრდაში 1.8 პროცენტული პუნქტი).
იხილეთ სრული კვლევა.
***
სტატია შექმნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”