შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ინტერვიუ ”ორგოს” მეღვისნესთან გოგი დაქიშვილთან

ღვინის მარანი ‘’თელედა’’ ქვევრის რქაწითელს და საფერავს აწარმოებს, რომლებიც ბრენდით ’’ორგო’’ წარმატებით იყიდება საქართველოში და უცხოეთში ელიტარული კლასის ღვინოების ბაზარზე. ‘’თელედას’’ დამფუძნებელი და მეღვინე გოგი დაქიშვილი 25 წელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მუშაობს. business.org.ge დაინტერესდა როგორ ქმნის ბატონი გოგი ღვინოს, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს.

ინტერვიუ ღვინის მარნის ‘’თელედას’’ დამფუძნებელთან და მეღვისნესთან გოგი დაქიშვილთან.

როგორც ვიცით, თქვენს ოჯახს ღვინის წარმოების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მოგვიყევით თქვენი ტრადიციების შესახებ.

ჩემი ოჯახი საუკუნეზე მეტია, რაც ღვინოს აწარმოებს. მეღვინეობაში ჩვენს ოჯახს ახლო და შორეული წინაპრების უწყვეტი ტრადიცია უდევს საფუძვლად. ისტორიულად ჩვენი გვარი პანკისიდან მოდის, სოფელ ჯოყოლოდან. მამა, თემურ დაქიშვილი, თელავში დაიბადა, ის უძლიერესი მეღვინე იყო და ბავშვობის წლებიდანვე უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც მეღვინის ხედვების ჩამოყალიბებაში. დიდი პაპა, სიმონ დაქიშვილი, ჯოყოლოს ეკლესიის მღვდელი, წითელი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დედის მამა, მევენახე და მეღვინე, არჩილ ჭუაძე, ახმეტაში ცხოვრობდა, მას XX საუკუნის 30-იან წლებში გაშენებული ვენახი ჰქონდა და იქ მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნით აყენებდა ღვინოს თავის უძველეს მარანში, სადაც მე-18 საუკუნის ქვევრები იყო დარგული. ეს ქვევრები დღესაც არსებობს და აკეთებს თავის საქმეს.

როდესაც ოჯახურ ტრადიციებზე ვსაუბრობ, ჩემ გარდა მოვიაზრებ ჩემს ვაჟს, თემურს, და მეუღლეს, ილონას – ისინი პროფესიონალი ენოლოგები არიან.

დღემდე მახსოვს ბავშვობის პერიოდის ყველა რთველი, როგორც დიდი ზეიმი. ამ დღეების სურნელი და არომატები, შრომა და განწყობა ღრმად და საფუძვლიანად დაილექა ჩემს მეხსიერებაში. ყველაფერმა ამან ჩემს წარმატებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა.

ორგო. ღვინო ”საფერავი”. 2015 წლის მოსავალი. ხანგრძლივი დაგემოვნება, თბილი, მრგვალი და აბრეშუმისმაგვარი ტანინებით. მზის მარადიულობა ცოცხლობს მასში..

როგორც ცნობილია, მარანი მცირე რაოდენობით ელიტარული კლასის ‘’ორგოს’’ აწარმოებს..

ორგო. ღვინო ”რქაწითელი”. 2016 წლის მოსავალი. ხანგრძლივი დაგემოვნება ძალიან რბილი ტანინებით. მზის მარადიულობა ცოცხლობს მასში..

ღვინის მარანი ‘’თელედა’’ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მდებარეობს. მარნის ღვინოების ბრენდია ’’ორგო’’. ამ სახელით იყიდება ბაზარზე ქვევრის მშრალი ღვინოები – ქარვისფერი რქაწითელი ’’ორგო’’ და წითელი საფერავი ”ორგო”. ‘’ორგოს’’ კონდოლში და კურდღელაურში არსებული ჯამურად 10 ჰექტარი ვენახიდან მიღებული ყურძნით ვაწარმოებთ. ვენახების ასაკი 60 წელზე მეტია. საერთოდ, ძველი ვენახი ნაკლებ მოსავალს იძლევა, თუმცა, ძალიან ხარისხიანს – კონცეტრირებული ყურძენი მოდის და შედეგად, გამოდის ძალიან კომპლექსური ღვინოები, მძლავრია არომატიკა, პროდუქცია ღირსეული და ხარისხიანია. ჩვენი ვენახების მიწის კომპოზიციაა თიხა, ქვიშა და კირქვა, რომლებიც ისეთი თანაფარდობითაა განაწილებული, რომ ვენახის ნიადაგში იდეალურ დრენაჟს ქმნის, რაც კიდევ უფრო მეტად აკეთილშობილებს ‘’ორგოს’’ ღვინოებს.

‘’ორგოს’’ 2015 წლის მოსავლის საფერავის არომატში მწიფე ალუბალი, შავი კენკრა და მაყვალი დომინირებს, გამოირჩევა რბილი, აბრეშუმისმაგვარი ტანინებით და საკმაოდ ხანგრძლივი დაგემოვნებით.

‘’ორგოს’’ 2016 წლის რქაწითელში გამოირჩევა ჩირის ნაირსახეობების, მოხალული ნუშის და ნიგვზის არომატები, აქვს ძალიან ხანგრძლივი დაგემოვნება და რბილი ტანინები.

ღვინოს კლასიკური წესით ვაყენებთ. ქარვისფერ ღვინოებს 6 თვე ჭაჭაზე ვაჩერებთ, წითელ ღვინოებს -როგორც წესი, 20–დან 30 დღემდე. არ ვიყენებთ ენოლოგიურ პროდუქტებს ანუ ღვინის სტაბილიზაციისათვის გამოსაყენებელ მასალებს. ჩვენი ღვინოების დავარგება და სტაბილიზაცია ბუნებრივად ხდება.

სად იყიდება ‘’ორგო’’?

საქართველოში ჩვენი ღვინო იყიდება მაღალი კლასის რესტორნებში, სასტუმროებში, ღვინის ბარებსა და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში. უცხოეთში ღვინო გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში. აი ზოგიერთი რესტორანი, სადაც ”ორგო” შედის: Colchide (პარიზი, საფრანგეთი), L’Octopussy Restaurant (ნიცა, საფრანგეთი), New York (კანი, საფრანგეთი), Four Season (ვაშინგტონი, აშშ), The Ledbury, გავლენიანი სარეიტინგო მეგზურის Michelin Guides-ის 2 ვარსკვლავის მფლობელი Notting Hill Restaurant (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი,)…

თუ ღვინოზე Wine Discovery Selection-ის ვარსკვლავის ფორმის ნიშანია დატანილი, ეს ნიშნავს, რომ ღვინო ნამდვილად ექსკლუზიურია, მცირე რაოდენობითაა გამოშვებული და მკაფიო ინდივიდუალურობით გამოირჩევა.

‘’ორგო’’ უკრაინაშიც იყიდება (რესტორანი Bernardazzi ოდესაში (Wine Spectator-ის პრესტიჟული ჯილდოს Best of Award of Excellence-ს უწყვეტად მფლობელი 2012-2016 წლებში), Win bar კიევში (უკრაინაში საუკეთესო ღვინის ბარი), Kuvshin კიევში (ერთ-ერთი საუკეთესო ქართული რესტორანი უკრაინაში).  სხვათა შორის, აქ შესვლაში საკმაოდ ძლიერი, გავლენიანი და პროფესიონალი ორგანიზაცია Wine Discovery Selection დაგვეხმარა. Wine Discovery Selection და მისი დამფუძნებელი, ბატონი ბესო ჩიხრაძე ყველანაირად უწყობს ხელს იშვიათი, ექსკლუზიური, ლიმიტირებული რაოდენობით დამზადებული ღვინოების მოძიებას და პოპულარიზაციას. თუ ღვინოზე Wine Discovery Selection-ის ვარსკვლავის ფორმის ნიშანია დატანილი, ეს ნიშნავს, რომ ღვინო ნამდვილად ექსკლუზიურია, მცირე რაოდენობითაა გამოშვებული და მკაფიო ინდივიდუალურობით გამოირჩევა. ამიტომ ძალიან ვამაყობ, რომ ‘’ორგო’’ ფლობს WDS-ის ნიშანს.

ღვინოს ყველა ქვეყანაში სხვადასხვა უპირატესობებით აფასებენ. ქვევრის ღვინო ნიშური და უნიკალური პროდუქტია. დღეს ქვევრის ღვინოზე უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს აქცენტს. დღეს ეს ტრენდია.

როგორც ვხედავთ, თქვენ საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევთ ბრენდირებას (შეფუთვა, ლოგო, ეტიკეტი, ბოთლის დიზაინი). აპირებთ თუ არა გამოიყენოთ რეკლამა?

ღვინის მაღალი ხარისხი და ‘’ორგოს’’ მომხმარებელი იმსახურებს იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ პროდუქტის შეფუთვასა და დიზაინს. ხარისხი ყველა დეტალში უნდა ჩანდეს.

თქვენი დღევანდელი სტრატეგიაა გაყიდოთ ცოტა, მაგრამ მაღალხარისხიანი პროდუქცია. აპირებთ თუ არა მომავალში თქვენი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას?

ვაპირებ შედარებით გაფართოებას, თუმცა, არა ქვევრის ღვინის მიმართულებით, თუმცა, ეს სამომავლო გეგმაა. ვაპირებ ძველი ქართული მივიწყებული ჯიშების გაშენებასაც.

მისგან წარმოებულ ღვინოზე მოთხოვნა იქნება?

ბაზრის შესწავლა შეუძლებელია, რადგან ეს ღვინოები ბუნებაში იმ რაოდენობით არ არსებობს, რომ მომხმარებელმა და ღვინის ექსპერტებმა გასინჯონ. კონკრეტულად ჯიშებს რაც შეეხება, ამას მოგვიანებით გავაჟღერებთ.

ღვინის მაღალი ხარისხი და ‘’ორგოს’’ მომხმარებელი იმსახურებს იმას, რომ ყურადღება მივაქციოთ პროდუქტის შეფუთვასა და დიზაინს. ხარისხი ყველა დეტალში უნდა ჩანდეს.

როგორ ხედავთ საქართველოში მევენახეობის და მეღვინეობის შემდგომ განვითარებას?

მეღვინეობა საქართველოში ძალიან დინამიურად ვითარდება. ამის მაგალითია არაერთი ძალიან კარგი კომპანია, რომელიც სწორედ ავითარებს ბიზნესს, რეკლამას, პრომოუშენს. რაც შეეხება მეღვინეობაში მთავარ პრობლემას – გამოვყოფდი მარკეტინგს. აუცილებელია მოხდეს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ამაში სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიც უნდა იყოს ჩართული. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოტენციალი გაიცნონ და მიიღონ ქართული ღვინო.

რომელი პიროვნული თვისებები დაგეხმარათ საქმის წარმატებით აწყობაში?

გამიჭირდება ჩემს თავზე საუბარი. პირველ რიგში მთავარია საქმის ცოდნა. ამის გარეშე ვერანაირ საქმეს ვერ გააკეთებ. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია რისკის გაწევის უნარი. რისკის გარეშე საქმე არ გამოდის, თუმცა, ასევე უნდა შეგეძლოს რისკების შემცირებაც. ჩემი საქმისადმი მე მაქვს ჩემი მიდგომა – რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტი მქონდეს, რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიო ვაზის ცხოვრებაში და ყველაფერი იყოს ბუნებრივი.

რა რჩევებს მისცემთ დამწყებ მეღვინეებსა და მარნებს? რა სირთულეების გადალახვა შეიძლება მათ მოუწიოთ? რა იქნება მათი წარმატების მიღწევის გზა?

საქმიანობის დასაწყიში გამოცდილება ნაკლებია, ამიტომ ამ დროს საკმაოდ მაღალია რისკები,  გარკვეული შეცდომები ხდება და ამიტომ ვუსურვებდი გაითვალიწინონ სხვების გამოცდილება, თუმცა, სხვისი საქმის გადმოღება და ავტომატურად კოპირება არ შეიძლება. ვენახების მოვლის თემა, ღვინის დაყენება, გაყიდვები, შეფუთვა, ბრენდინგი – ყველაფერი ინდივიდუალურია.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება