ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ფასების დაწესებისას

კომპანიის ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს კომპანიის შიდა და გარე გარემოს ფაქტორები.

შიდა ფაქტორები

ეს მოიცავს კომპანიის მარკეტინგულ მიზნებს, მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგიას, ხარჯების სტრუქტურასა და ორგანიზაციულ შეხედულებებს.

  • მარკეტინგული მიზნები. ფასის დაწესებამდე კომპანიამ უნდა შეიმუშაოს პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგია. თუ კომპანიამ შეარჩია მიზნობრივი ბაზარი და იქ გულმოდგინედ იმკვიდრებს ადგილს, მაშინ მისი მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია ფასის ჩათვლით, მკაფიოდ პირდაპირ მიმართული იქნება.
  • მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია. ფასი მარკეტინგული კომპლექსის მხოლოდ ერთ-ერთი იარაღია. ფასის შესახებ გადაწყვეტილებები კოორდინირებული უნდა იყოს პროდუქტის დიზაინთან, დისტრიბუციასთან და სტიმულირებასთან, რათა ჩამოყალიბდეს მდგრადი და ეფექტური მარკეტინგული პროგრამა.
  • ხარჯების სტრუქტურა. ხარჯები წარმოადგენს იმ მინიმალურ ზღვარს, რომლის ქვევითაც ფასის დაწესება არ შეუძლია კომპანიას. კომპანიას სურს დააწესოს ფასი, რომელიც დაფარავს როგორც პროდუქტის წარმოების, დისტრიბუციის და გაყიდვის ხარჯებს, ასევე მოიტანს მოგების სამართლიან დონეს გაწეული ძალისხმევისა და რისკისათვის.
  • ორგანიზაციული შეხედულებები. მენეჯმენტმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ დააწესებს ფასს. კომპანიები სხვადასხვა გზით აწარმოებენ ფასწარმოქმნას. პატარა კომპანიებში ფასებს აწესებს მენეჯმენტი და არა მარკეტინგისა თუ გაყიდვების განყოფილება. დიდ კომპანიებში ფასწარმოქმნას უმეტესად აწარმოებს ცალკე დეპარტამენტი (მარკეტინგის ან გაყიდვების სამსახური).
გარე ფაქტორები

ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე მოქმედი გარე ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებებზე არის: ბაზარი და მოთხოვნა, კონკურენცია და სხვა გარემო ელემენტები.

  • ბაზარი და მოთხოვნა. მაშინ, როდესაც ხარჯების სტრუქტურა აწესებს ფასის ქვედა ზღვარს, ბაზარი და მოთხოვნა აწესებს მის ზედა ზღვარს. ამგვარად ფასის დაწესებამდე, მარკეტოლოგმა უნდა გაიგოს დამოკიდებულება პროდუქტის ფასსა და მოთხოვნას შორის.
  • კონკურენტების ხარჯები, ფასები და შემოთავაზებები. კიდევ ერთი გარე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე, არის კონკურენტების ხარჯების სტრუქტურა და ფასები. აგრეთვე, მნიშვნელოვანია კონკურენტების საპასუხო რეაქცია კომპანიის მიერ ფასის ცვლილებაზე. მომხმარებელი, რომელიც სურს შეიძინოს ციფრული კამერა „Sony“, ადარებს მის ფასსა და ფასეულობას „Nikon”-ის, „Kodak“-ის და სხვა კონკურენტების ფასებსა და ფასეულობებს.
  • სხვა გარე ფაქტორები. ფასების დაწესებისას კომპანიამ მხედველობაში უნდა მიიღოს გარე გარემოში არსებული სხვა ფაქტორები. ეკონომიკურ პირობებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ფირმის ფასწარმოქმნის სტრატეგიებზე. ეკონომიკური ბუმი ან რეცესია, ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებაზე.

***

სტატია არის ამონარიდი გარი არმსტრონგის და ფილიპ კოტლერის წიგნიდან ”მარკეტინგის საფუძვლები” (მე-7 გამოცემა, ISBN 0-13-142410-6).

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება