ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

როგორ დავარეგისტრიროთ მეწარმე იურიდიული პირი

მეწარმე იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი პროცესია.

შესაძლებელია დაარეგისტრიროთ შემდეგი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმის საწარმო:

  • ინდივიდუალური მეწარმე
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • კომანდიტური საზოგადოება
  • სააქციო საზოგადოება
  • კოოპერატივი

დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და განცხადებას, რის საფუძველზეც იწყება სარეგისტრაციო წარმოება. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა განხორციელდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

საწარმოს რეგისტრაცია ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით. თუ ამ მისამართზე არსებული ფართის მესაკუთრე საწარმოს პარტნიორი ან ინდივიდუალური მეწარმეა, დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია მისამართზე არსებული ფართის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავ ნივთზე პარტნიორის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტის წარდგენა.

სუბიექტს რეგისტრაციასთან ერთად ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც არის უნიკალური კოდი. სარეგისტრაციო ნომერს ინდივიდუალური მეწარმისთვის წარმოადგენს პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო ყველა სხვა სარეგისტრაციო სუბიექტისთვის ცხრანიშნა ნომერი.

რეგისტრაციისთვის გადაიხდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს  კანონით დადგენილი საფასური.

სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების  ვადაში იღებს რეგისტრაციის, ხარვეზის დადგენის შესახებ ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელსაც გამოსცემს ელექტრონული ფორმით. გადაწყვეტილება ძალაში შედის ვებ-გვერდზე განთავსების მომენტიდან.

2017 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობა შემდეგი იყო:

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა რაოდენობა აქტიური %
სულ       653,640   167,554 100.0
კომერციული იურიდიული პირები       212,520      65,251 32.5
სოლიდარული პასუხისმგებლ. საზოგადოება           2,762             271 0.4
კომანდიტური საზოგადოება              187               25 0.0
შეზღუდული პასუხისმგებლო­ბის საზოგადოება       202,238       63,816 30.9
სააქციო საზოგადოება           2,386            846 0.4
კოოპერატივი           4,947            293 0.8
არასამეწარმეო იურიდიული პირები         24,895        3,505 3.8
ინდივიდუალური მეწარმე       406,669      95,128 62.2
სხვა           3,699        1,000 0.6
საჯარო სამართლის სუბიექტები           5,857        2,670 0.9

***

სტატია შექმნილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე. 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება