პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

დაზღვევა და აზარტული თამაშები

‘‘ლატარიაში მოგების შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება, თუკი იყიდი ლატარიის ბილეთს’‘. უინსტონ გრუმი

დაზღვევა და აზარტული თამაშები

ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პროფესიონალური შეხება დაზღვევასთან, რომელთაც არ იციან ის პრინციპები, რომლებზეც დაფუძნებულია დაზღვევა, ხშირად ადარებენ ერთმანეთს დაზღვევასა და აზარტულ თამაშებს და პრინციპულ მსგავსებას ხედავენ მათ შორის. პროფესიონალი მზღვეველისა და პროფესიონალი ბუკმეკერის (სპორტლოტოს, ლატარიის ორგანიზატორის) აზრით კი შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი მსგავსებების დანახვა მათ საქმიანობას შორის:

მსგავსებები

  • მზღვეველიც და ბუკმეკერიც (სპორტლოტოს, ლატარიის ორგანიზატორი) აფასებენ რისკს, ითვლიან მის სიდიდეს და ადგენენ რისკის საკუთარ თავზე აღების ფასს. მზღვეველისათვის ესაა სადაზღვევო პრემია, ბუკმეკერისათვის – ფსონი (სპორტლოტოს, ლატარიის ბილეთის ფასი).
  • მზღვეველიც და ბუკმეკერიც ცდილობენ შეამციროს საკუთარი რისკი: ბუკმეკერი მიღებული ფსონების ნაწილს დებს სხვა ბუკმეკერთან (მაგ.: აკეთებს კლიენტის არჩევანის საპირისპირო არჩევანს, მაგრამ უფრო ნაკლები ფსონით – წაგების შემთხვევაში მას წაგებული ფულის ნაწილი მაინც დაუბრუნდება), მზღვეველი თავის რისკის ნაწილს გადასცემს სხვა მზღვეველს (ახორციელებს თანადაზღვევას ან გადაზღვევას).

განსხვავებები

  • დაზღვევა მოითხოვს სადაზღვევო ინტერესის არსებობას, რაც არაა აუცილებელი აზარტული თამაშებისათვის.
  • დაზღვევა დაკავშირებულია წმინდა რისკთან, ნიძლავი, სპორტლოტო, ლატარია – შანსთან.
  • დაზღვევა მოითხოვს კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვას, ბუკმეკერული გარიგების დასადებად, სპორტლოტოს და ლატარიის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არაა აუცილებელი რაიმე სახის ინფორმაციის გამჟღავნება.
  • დაზღვევა, თუ მოხდება სადაზღვევო შემთხვევა, ანაზღაურებს ზარალს, ბუკმეკერთან და სპორტლოტოს ბილეთის შევსებისას შედეგის გამოცნობის (ლატარიაში – ნომრის დამთხვევის) შემთხვევაში მოთამაშე იღებს მოგებას – დაზღვევა არის ზარალის კომპენსირების საშუალება, აზარტული თამაშები – გამდიდრების წყარო.
  • დაზღვევაში არცერთ მხარეს არ სურს ზარალის დადგომა, აზარტული თამაშის დროს თითოეული მხარე დაინტერესებულია მეორე მხარის წაგებით.
  • ზარალის დადგომა არაა დამოკიდებული სადაზღვევო დაფარვის არსებობაზე ან არარსებობაზე, ნიძლავის დადების (სპორტლოტოს ბილეთის შევსების, ლატარიის ბილეთის ყიდვის) გარეშე შეუძლებელია მოგების მიღება.
  • დაზღვევაში მოსალოდნელი ზარალის ზუსტი დრო და სიდიდე უცნობია, ბუკმეკერთან ფსონის დადების (ლატარიის ნომრიც დამთხვევის) შემთხვევაში ზუსტადაა ცნობილი მოსალოდნელი მოგების სიდიდე და დრო.
  • სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობის მიუხედავად მზღვეველს არ შეუძლია შეამციროს სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდე, სპორტლოტოში კი მოგების სიდიდე დამოკიდებულია მოგებული ბილეთების რაოდენობაზე.
  • დაზღვევაში ზარალის დადგომისას დაზარალებული იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას, მაგრამ მას არ უბრუნდება გადახდილი პრემია. ბუკმეკერთან ნიძლავის მოგების შემთხვევაში მოგებულს ეძლევა მოგება და უბრუნდება დადებული ფსონიც.
  • დაზღვევაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას შეიძლება ‘‘წააგოს’‘ მხოლოდ მზღვეველმა და არა დაზღვეულმა. ბუკმეკერთან ნიძლავის შემთხვევაში აუცილებლად წააგებს ერთ-ერთი მხარე.
  • დაზღვევაში ერთი კონკრეტული დაზღვეულის რისკის ალბათობა უცნობია და განისაზღვრება მიახლოებით, სპორტლოტოში ზუსტად შეიძლება განისაზღვროს ერთი ბილეთის მოგების ალბათობა.

ნათელია პრინციპული განსხვავებები დაზღვევასა და აზარტულ თამაშებს შორის. ამ განსხვავებათა რაოდენობა და პრინციპულობა უფრო გაიზრდება დაზღვევისა და სათამაშო ბიზნესის სოციალური და ეკონომიკური კუთხით შედარებისას.

***

სტატია არის ამონარიდი გიორგი გიგოლაშვილის წიგნიდან ”სადაზღვევო საქმე” (მე-2 გამოცემა, ISBN 978-9941-0-4795-4).

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება