ორშაბათი , დეკემბერი 30 2024
geen

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

თუ გსურთ თქვენს ოფისში აღარ დარჩეს მთელი ფანჯრები, გააჭიანურეთ პირველი ჩამტვრეული ფანჯრის გამოცვლა და სასურველ შედეგსაც მიიღებთ.

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია ამტკიცებს, რომ წვრილმანი სამართალდარღვევებისადმი საზოგადოების შემწყნარებლობა მთლიანად კრიმინალის დონის ამაღლებას იწვევს. წვრილმანი დარღვევები (ნაგვის დაყრა არასათანადო ადგილებში, ვანდალიზმი, ქუჩებში საჯაროდ თრობა და სხვა მსგავსი) ამის მნახველი ადამიანების დიდ ნაწილს იმავე ან კიდევ უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს.

‘’თუ სხვისთვის ნებადართულია, მაშინ რატომაა აკრძალული ჩემთვის?’’ – ასე ფიქრობს ადამიანი, რომელიც ხედავს, რომ სხვის მიერ ჩადენილი დანაშაული არ აღიკვეთება და ის თავისთვისაც აღარ თვლის სავალდებულოდ დაიცვას დადგენილი წესები (თანაც არა მხოლოდ ის წესები, რომლების დარღვევასაც შეესწრო, არამედ სხვებიც). ამასთანავე, წვრილმანი დანაშაულების რაოდენობა იმატებს და ადრე თუ გვიან მძიმე დანაშაულების რაოდენობაც იზრდება. ხოლო ის ფაქტი, რომ თვით ყველაზე უმნიშვნელო დარღვევების თავიდან ასაცილებლად და დამრღვევთა დასასჯელად აქტიური სამუშაოები ტარდება, საზოგადოებაში ქმნის მთლიანად დანაშაულებისადმი შეუწყნარებლობის ატმოსფეროს და ამცირებს დარღვევების/დანაშაულების რაოდენობას.

თეორია ფორმულირებულია ამერიკელი სოციოლოგების ჯეიმს უილსონის და ჯორჯ კელინგის მიერ, სახელწოდება კი მიეცა ავტორების მიერ მოყვანილი მაგალითის მიხედვით: ‘’თუ შენობაში ჩაიმტვრევა ერთი ფანჯარა და მას არავინ გამოცვლის, გარკვეული დროის შემდეგ ამ შენობაში აღარ დარჩება არცერთი ჩაუმტვრეველი ფანჯარა’’.

თეორია თეორიად (მისი ფორმულირება, მტკიცებულებები და კრიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიაში), ჩვენთვის საინტერესოა მისი გამოყენება ჩვენი ბიზნესის მიზნებისთვის: სისტემატურად აკონტროლეთ, რა არის ან რა შეიძლება იყოს თქვენს ბიზნესში ‘’ჩამტვრეული ფანჯარა’’ – შემცირდა თქვენი პროდუქციის ხარისხი? შემცირდა რომელიმე თანამშრომლის დისციპლინის დონე? მომწოდებელმა დაგიგვიანათ ნედლეულის მოწოდება? კლიენტმა დაგიგვიანათ შესყიდული პროდუქციის ღირებულების გადახდა? მყისიერად გაარკვიეთ ნებისმიერი ასეთი ფაქტის მიზეზები და აღმოფხვერით ის. წინააღმდეგ შემთხვევაში ხარისხის გაუარესება ყველა პროდუქტს გადაედება, თანამშრომელთა უდისციპლინობის და უპასუხისმგებლობის დონე გაიზრდება, მომწოდებელიც და კლიენტიც სისტემატურად გააგრძელებს ნედლეულის მოწდებას და თანხების ჩარიცხვას და მალე თქვენს ოფისში ჩაუმტვრეველი ფანჯარა აღარ დარჩება. უკეთესი იქნება, თუ ასეთი მოვლენების მექანიზმს წინასწარ გაანალიზებთ და რისკების პრევენციის სისტემას შექმნით, რაც მათი დადგომის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანს.

გამოიყენეთ ‘’ჩამტვრეული ფანჯრების თეორია’’ პრაქტიკაში და მნიშვნელოვნად შეამცირებთ ბიზნეს-რისკებს, შესაბამისად კი გაზრდით წარმატების მიღწევის შანსებს.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება