კვირა , ნოემბერი 24 2024
geen

”ქართული რძის ნიშნის” პრეზენტაცია

2019 წლის 22 იანვარს თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა ”ქართული რძის ნიშნის” პროექტის პრეზენტაცია. ”ქართული რძის ნიშნის” გამოყენების უფლება გადაეცემა იმ ბიზნესოპერატორს, რომელიც აწარმოებს ყველს საქართველოში მიღებული ნატურალური რძისგან და რომელიც წარმოების პროცესში არ იყენებს აღდგენილ რძეს (ე.წ. რძის ფხვნილი) და მცენარეულ ცხიმებს. პროექტის არსია გაუადვილოს ყველის მომხმარებელს რძის ფხვნილით დამზადებული ყველის განსხვავება ნატურალური რძით დამზადებული პროდუქტისაგან (უნდა აღინიშნოს, რომ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით ყველი უნდა მზადდებოდეს მხოლოდ ნატურალური რძისგან და აკრძალულია წარმოებაში აღდგენილი რძის (რძის ფხვნილის) გამოყენება).

შეხვედრას ესწრებოდა 150-ზე მეტი ადამიანი – ყველის მწარმოებელი 70-ზე მეტი საწარმოს, სავაჭრო ობიექტებისა და აგრარული ბაზრების წარმომადგენლები.

”კავკასიის რესურსცენტრის” მიერ ახლახანს ჩატარებულმა ურბანულ მომხმარებელთა ეროვნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას სურს იყიდოს ნედლი რძისგან დამზადებული ნატურალური პროდუქცია, თუმცა მათ არ აქვთ საშუალება განასხვაონ ასეთი პროდუქტი რძის ფხვნილისა და სხვა დანამატებით დამზადებულისგან. „ქართული რძის ნიშნის“ პროექტის მიზნებია საქართველოში წარმოებული ნედლი რძის პროდუქტების პოპულარიზაცია, ამ პროდუქტების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, რძის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობების გაძლიერება და მომხმარებლების დახმარება რძის პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

შეხვედრა ორგანიზებული იყო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და მერსი ქორფსის პროექტის ”კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP)” მიერ. შეხვედრას ესწრებოდა 150-ზე მეტი ადამიანი – ყველის მწარმოებელი 70-ზე მეტი საწარმოს, სავაჭრო ობიექტებისა და აგრარული ბაზრების წარმომადგენლები.

საქართველოს რძისა და ყველის სექტორის ანალიზი გააკეთა კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერმა, ქალბატონმა ჰელენ ბრედბერიმ.

საქართველოს რძისა და ყველის სექტორის ანალიზი გააკეთა კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერმა, ქალბატონმა ჰელენ ბრედბერიმ. მისი შეფასებით, ”ბოლო წლებში რძის ინდუსტრიაში გაჩნდა ბევრი მეწარმე, რომელიც აწარმოებს ხარისხიან პროდუქტს, მაგრამ ამ პროდუქტების განსხვავება არანედლი რძისგან დამზადებული პროდუქციისგან არის ძალიან რთული. ამიერიდან ასეთ მეწარმეებს ”ქართული რძის ნიშნით” შეეძლებათ სარგებლობა”.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს და განაცხადა: ”ქართული რძის ნიშნის” გამოყენება ქართული ნედლი რძით წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. მსგავსი ინიციატივები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს მწარმოებელთა კერძო ინიციატივაა. მოკლე ხანში ჩვენ გვექნება სამინისტროს მიერ შემუშავებული ხარისხის ნიშნების პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებას დეტალურად გავაცნობთ კონკრეტული ნიშნების მნიშვნელობას. ყველა ნაბიჯი, რომელიც ხარისხზეა ორიენტირებული, ხელს უწყობს სანდოობის ზრდას და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“.

პროექტს ორგანიზებას, ადმინისტრირებასა და კონტროლს გაუწევს „საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი“ სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო კომპანია „სტარ კონსალტინგთან’’ ერთად. აღნიშნულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება მოხდება როგორც საწარმოთა ადგილზე შემოწმებით, ისე მათი პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზების საშუალებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მხარდაჭერა აღუთქვა პროექტს.

სისტემაში ჩართული საწარმოები გარდა იმისა, რომ ყველს უნდა ამზადებდნენ საქართველოში მიღებული ნატურალური რძისაგან, ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საწარმო უნდა იყოს რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად და აღიარებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
  • საწარმოს უნდა ჰქონდეს დანერგილი HACCP-ის სისტემა ან უნდა მიმდინარეობდეს მისი დანერგვის პროცესი
  • საწარმოს უნდა გააჩნდეს წარმოების მინიმუმ 3-თვიანი გამოცდილება
  • საწარმოს საქმიანობა არ უნდა იყოს შეჩერებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ
  • საწარმოს მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის პროცესი

„საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი“ „სტარ კონსალტინგთან’’ ერთად ჩატარებული რძის საწარმოების აუდიტის შედეგებსა და საწარმოთა მონაცემებს ატვირთავს ვებ-გვერდზე  www.georgianmilk.ge, რომელიც გააქტიურდება  მარტის დასაწყისში.

ახლა მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების ფინალური ეტაპი და პროექტი ამუშავდება ამა წლის პირველი მარტიდან.

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება